Saturday, May 4, 2013

„სპეისX-ის“ მარსის მისია საწვავად მეთანს გამოიყენებს


კერძო ბიზნესი მალე კოსმოსში ტურიზმს დაიწყებს, თუმცა როგორც ჩანს, ეს კოსმოსის ენთუზიასტებისთვის ზღვარი სულაც არაა. ისინი უკვე მარსის ათვისებაზე ფიქრობენ და შესაბამისი გეგმებიც შემუშავებული აქვთ. მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სამხრეთ აფრიკული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერი ელონ მუსკია, სწორედ ის მუსკი, ვინც „პეი პალის“ გადახდის სისტემა და ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია „ტესლა“ დააარსა.
მის გატაცებათა შორის ერთ-ერთი მთავარი ფონდი „სპეისX-ია“, რომელიც თავიდან მხოლოდ კოსმოსში ტურიზმით იყო დაინტერესებული, დღეს კი მარსის ინდუსტრიული მიზნებით ათვისების გეგმებს ამუშავებს. ახლახანს ლონდონში, აერონავტიკის სამეფო საზოგადოების წინაშე მან წაიკითხა მოხსენება, რომლის დროსაც განაცხადა, რომ მარსის მისიებისას, ის მეთანზე მომუშავე რაკეტებს გამოიყენებს და ამის მიზეზებიც განმარტა.
მუსკმა განაცხადა, რომ მარსზე პირველ პილოტირებად მისიას კერძო კომპანიები, სახელმწიფოსთან ერთად განახორციელებენ. ამასთან, მისი აზრით, მარსი უფრო კომერციული თვალსაზრისით შეიძლება იყოს მიმზიდველი, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებისთვის. ის დარწმუნებულია, რომ წითელ პლანეტაზე პირველი პილოტირებადი მისია დაახლოებით 15 წელიწადში შესრულდება. და ეს იქნება მარსის კოლონიზაციის პრელუდია. ამ მიზნის მისაღწევად, მთავარი პრობლემა ფრენის ფასების მაქსიმალურად შემცირებაა.
მისი მიზანია, კერძო პირისთვის მარსზე გაფრენის ფასი 500 000 დოლარის ფარგლებში მოაქციოს. განვითარებული ქვეყნების ბევრი მოქალაქისთვის ეს ხელმისაწვდომი იქნება. მისი თქმით, „საშუალო ასაკის ბევრი მოქალაქე, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს მეზობელ პლანეტაზე ვოიაჟისთვის ამ თანხის შეგროვებას“.
ფასების დაწევა ნაწილობრივ „სწორი“ საწვავის შერჩევაზეა დამოკიდებული. მუსკის თქმით, ამ მხრივ ყველაზე იაფი მეთანია. „ასე რომ, საწვავად მეთანს გამოვიყენებთ. ამ საწვავის უპირატესობა ისიცაა, რომ მარსზე მისი მოპოვება და წარმოება შეიძლება. მარსის ატმოსფერო უმეტესად ნახშირორჟანგისგან შედგება და იქ წყლის ყინულიც ძალიან ბევრია. სავარაუდოდ, ატმოსფეროდან წყლის ორთქლის მოპოვებაც შეიძლება. ამ ორი ნივთიერებით კი საჭირო საწვავს ადგილზევე შექმნი“, - ამბობს მუსკი.
ყველაზე ხელსაყრელად, ის საბატიეს რეაქციას თვლის, რომლის დროსაც, ნიკელის კატალიზატორის დახმარებით, ორთქლისა და ნახშირჟანგისგან, მეთანსა და წყალს ღებულობენ. სწორედ ამ რეაქციის გამოყენებით იმუშავებს  მარსზე მეთანის მომპოვებელი დანადგარები, რომლებიც ჩვენი პლანეტიდან, აწყობილი გაიგზავნება. ამგვარად, მისიების დროს, აღარ იქნება საჭირო უკან დასაბრუნებელი საწვავის აქედანვე ტარება, რაც ფრენებს მნიშვნელოვნად გააიაფებს.
მუსკი დასძენს, რომ მეთანი ისეთივე ეფექტური საწვავია, როგორიც ნავთი და წყალბადი. ამასთან, ბევრი უპირატესობაც გააჩნია. განსაკუთრებით წყალბადთან, რომლის მთავარი სირთულე ისაა, რომ მის შესანახად კრიოგენული გარემოა საჭირო, თანაც ძლიერ ფეთქებად საშიშია და სქელკედლიანი ავზები სჭირდება. რაც შეეხება ნავთს, ამ შემთხვევაში, წინა პლანზე ფასი გამოდის - მეთანი მასზე გაცილებით იაფია.
მუსკი ამბობს, რომ პირველ რიგში, მისი კომპანია მეთანს ზედა საფეხურის რაკეტა „რეპტორზე“ გამოიყენებს, პროექტის განვითარების კვალობაზე კი, ხომალდის უკლებლივ ყველა ძრავი მეთანის „დიეტაზე“ დაჯდება.

No comments:

Post a Comment