Saturday, May 4, 2013

წყალქვეშა ნავი საკუთრებაში უკვე რეალობაა


ამიერიდან, წყალქვეშა ნავები მარტო სამხედროების, წყალქვეშა სამყაროს მკვლევარების და ლეგენდარულ კაპიტან ნემოს განკარგულებაში აღარ იქნება, მის შეძენას ყველა შესძლებს, ვინც საკუთარი ბიუჯეტიდან 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაიმეტებს. ლონდონის ჰაროდსში, უცნობმა მულტიმილიონერმა, კომპანია „სპაიმასტერის“ მიერ შექმნილ წყალქვეშა ნავ „ორკასაბში“ სწორედ ამდენი გადაიხადა. უფრო მეტიც, კომპანია არჩევანსაც გვთავაზობს - უფრო პატარა ნავს 2 მილიონ გირვანქა სტერლინგად ჰყიდის.
„ორკასაბსა“ და მყიდველს შორის გარიგება გამოფენა „ტექნოლოჯი შოუქეის 2.0-ზე“ შედგა, სადაც კომპანიამ თავისი ქმნილების მასშტაბური მოდელი გამოიტანა. იქვე ითქვა, რომ რეალური „წყალქვეშა ნავის“ მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. გამოქვეყნდა ნავის ზოგიერთი მახასიათებელიც.
„ორკასაბი“ გარეგნულად თვითმფრინავს ჰგავს, თუმცა ძალიან მოკლე ფრთები აქვს. მის ფიუზელაჟში შუშის ორი სანთელია, რომლებშიც პილოტი და მგზავრი თავსდებიან. ნავის მართვისთვის ჯოისტიკი და პედლები გამოიყენება. სანთლები ფოლადის რკალებითაა დაცული. ნავს უკან ორი დახრილი კილი აქვს, რაც მას სამხედრო თვითმფრინავებს ამსგავსებს.
რეალური „ორკასაბის“ სიგრძე 6 მეტრზე მეტი იქნება, წონა კი - დაახლოებით 4 ტონა. აპარატს წყლის ზედაპირიდან 300 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა შეუძლია. „სპაიმასტერი“ ირწმუნება, რომ თავისი აგებულების წყალობით, „ორკასაბს“ თვითმფრინავის მსგავსად მანევრირება შეუძლია. „ორკასაბს“ მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავები ანიჭებს, რომლებიც ენერგიით ელემენტების ბლოკისგან მარაგდება. მისი ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ აპარატის სრულფასოვანი მუშაობა დაახლოებით 80 წუთის განმავლობაში უზრუნველყოს.
წყალქვეშა აპარატი პროპელერების დახმარებით გადაადგილდება. მათგან გრძივი გადაადგილებისთვის რომლებიცაა განკუთვნილი, ისინი ფრთებზეა მოთავსებული, როგორც თვითმფრინავებზეა ხოლმე. ერთი, მომცრო პროპელერი კუდშია მოთავსებული. აპარატს ასევე აქვს საქშენები, რომლებიც პილოტს მანევრირებაში ეხმარება.
„ორკასაბი“ აღჭურვილია შორი კავშირის ციფრული სისტემით, რაც მას გარე სამყაროსთან კავშირის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ეკიპირებაში შედის მრავალსხივიანი ჰიდროლოკატორი, რომელიც პილოტს გარე სხეულთან შეჯახებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს. აპარატი მძლავრი თხევადკრისტალური სანათებითაა აღჭურვილი, რომელთაგან ზოგი ფრთების წვერებში მდებარეობს, ზოგი ფიუზელაჟის გვერდებზე და ორი, ყველაზე დიდი - აპარატის ცხვირში. ამ ორის სიმკვეთრე 60 000 ლუმენს აღწევს. ეს კი წყალქვეშ გზის გაკვლევისთვის სრულიად საკმარისია.
აპარატი, რომელზეც „სპაიმასტერმა“ შეკვეთა უკვე მიიღო, ზემოთ აღწერილის გაუმჯობესებული ვარიანტია - მას 1800 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა შეუძლია. არის უფრო მარტივი „ორკასაბიც“, რომელიც 300 მეტრის სიღრმეზე ჩადის და ასეთი წყალქვეშა „მხოლოდ“ 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს. ამასთან, მყიდველს დამატებითი ეკიპირების შეკვეთის საშუალებაც ექნება, რაც რა თქმა უნდა, წყალქვეშას გააძვირებს.

No comments:

Post a Comment