Saturday, May 4, 2013

შვეიცარიული კომპანია კოსმოსში სატელიტებს გაუშვებს


თუ კავშირგაბმულობის კომპანიას კოსმოსში სატელიტის გაშვება სურს, ეს 50 000 000 დოლარი დაუჯდება. დღეს სატელიტების კოსმოსში ატანით სახელმწიფო ორგანიზაციებია დაკავებული და მათ მიერ ოპერირებადი სატრანსპორტო ხომალდები ძალიან ძვირი ღირს. მაგრამ ამ საქმეში ჩართვას, ახლახანს შექმნილი შვეიცარიული კერძო კომპანია აპირებს, რომელიც კოსმოსში ტრანსპორტირების მნიშვნელოვნად გაიაფებას გვპირდება.
კომპანიას „სუის სპეის სისტემზი“ (S3) ჰქვია და ის თავის კლიენტებს, საჭირო მოწყობილობის კოსმოსში 10.6 მილიონ დოლარად გაგზავნას ჰპირდება. საქმე ისაა, რომ ტრანსპორტირებისთვის S3 ჩვეულებრივი თვითმფრინავის და უპილოტო კოსმოსური ხომალდის გამოყენებას გეგმავს. მისი გაშვება ჰაერიდან მოხდება, სადაც აპარატს „ერბასის“ წარმოების გადაკეთებული A300 აიტანს.
S3 შატლის ტიპის სქემას გამოიყენებს. კოსმოსური ხომალდი თვითმფრინავის ზურგზე დამაგრდება. ხომალდში სპეციალური კონტეინერი მოთავსდება, რომელშიც 250 კილოგრამი წონის ტვირთის მოთავსება იქნება შესაძლებელი. თვითმფრინავი ხომალდს 10 000 მეტრის სიმაღლეზე აიტანს, რის შემდეგაც, კოსმოსური აპარატი სამაგრებიდან მოსწყდება და სარაკეტო ძრავებს ჩართავს. ამ ძრავებით, შატლი ვერტიკალურად დაახლოებით 80 კილომეტრის სიმაღლეზე ავა და იქ, თავისუფალ ფრენაში გაუშვებს კონტეინერს. ეს უკანასკნელი გაიშლება და სატელიტი თავისი მინიატურული ძრავის დახმარებით, ორბიტაზე გავა. ამ დროს, შატლი გეზს ხმელეთისკენ აიღებს, სადაც მას შემდგომი რეისისთვის მოამზადებენ.
შვეიცარიული კომპანიის განცხადებით, მის მიერ შემუავებულ სისტემას, ჩვეულებრივ სარაკეტო სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლები საწვავი სჭირდება. გარდა ამისა, ჰაერიდან მისი გაშვება, ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი და ამისათვის საჭირო სულაც არაა ძვირადღირებული კოსმოდრომების მოწყობა. ამ მოვალეობას, სატრანსპორტო თვითმფრინავი შეასრულებს. და რამდენადაც, A300-ს ნებისმიერი საშუალო ზომის აეროპორტიდან აფრენა შეუძლია, სატელიტის გასაშვებად ბაზის მოწყობა, ყველგან შესაძლებელი იქნება.
პირველი კოსმოდრომი, საიდანაც S3 ფრენების შესრულებას დაიწყებს, შვეიცარიის ქალაქ პაიერნში მოეწყობა. ის ფუნქციონირებას 2015 წელს დაიწყებს, ორი წლის შემდეგ კი პირველი ექსპერიმენტული ფრენა შესრულდება. სხვა პორტები მალაიზიასა და მაროკოში შეიქმნება.
ცნობისათვის, ანალოგიური სქემით ფრენებს მალე ამერიკულ-ბრიტანული „ვირჯინ გალაქტიქსი“ დაიწყებს, ოღონდ მისი მიზანი, კოსმოსური ტურიზმია. შემდგომ ეტაპზე კი სატელიტების გაშვებაც იგეგმება. ამისათვის კომპანიას შექმნილი აქვს სპეციალური სატრანსპორტო თვითმფრინავი „უაითნაით2“, რომელსაც კოსმოსური ხომალდი ჰაერში, სასტარტო პოზიციაზე აჰყავს.

No comments:

Post a Comment