Saturday, May 18, 2013

ავსტრალიაში მზის დასაბეჭდი ელემენტები შექმნეს


Australian Scientists Develop Printable A3-Sized Solar Cells18 მაისი
მზის ენერგიის ათვისებას დიდი პერსპექტივა აქვს. პრაქტიკულად, ეს ელექტროენერგიის ულევი წყარო იქნება. მას უკვე დიდი ხანია იყენებენ, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება. და ამიტომ, ყოველდღიურ ცხოვრებაში აქამდე ვერ დამკვიდრდა. თუმცა, თანდათან ბევრი რამ იცვლება და ამ მხრივ, ყველაზე მეტად დიდი კომპანიები აქტიურობენ, რადგან ხშირად, მათი საწარმოების მიერ ატმოსფეროში გამონაბოლქვის შემცირება, საგადასახადო შეღავათებს იწვევს. ეს კი სოლიდური სტიმულია.

ასე მაგალითად, ახლახანს „ჰიუნდაი მოტორმა“ გამოაცხადა, რომ თავის ასანის ქარხნის სახურავებს, რომელთა ფართობი ჯამში 213 000 კვადრატული მეტრია (21.3 ჰექტარი), მზის 40 000 ცალი მოდულით აღჭურვავს. ეს ყველაფერი კი წლიურად 11.5 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მისცემს. მსგავს პროექტებს ბევრი კომპანია ახორციელებს. ბევრგან მზის ელემენტებს გარე განათების ბოძებზე ამონტაჟებენ, რაც ენერგიის ხარჯის ნაწილობრივ შევსების საშალებას იძლევა.
მოკლედ, ყინული დაიძრა, მაგრამ ენერგიის ეს წყარო მოსახლეობის ფართო სპექტრისთვის ჯერაც (ფინანსურად) მიუწვდომელია. არადა, რა კარგი იქნებოდა, რომ ადამიანს საკუთარი სახლის კედლებზე შეეძლოს მზის პანელების დამაგრება. ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, მალე ასე აღარ იქნება და შესაძოა, ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, ავსტრალიურ კომპანია „ვიქტორიან ორგანიკ სოლარ სელ კონსორციუმის“ (VICOSC) გამოგონება გახდეს.
მელბურნის უნივერსიტეტის და ბრიტანეთის თანამეგობრობის მეცნიერებისა და ინდუსტრიული კვლევის ორგანიზაციის (CSIRO) სპეციალისტებთან ერთად, VICOSC-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც A3 ფორმატის ქაღალდის ზომის მზის ელემენტების ბეჭდვის საშუალებას იძლევა. თანაც, ეს ყველაფერი შეუდარებლად იაფიც ჯდება...
„ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ ზომის ელემენტებით. დავაყენებთ სარეკლამო აბრებზე, გარე განათების ბოძებზე და სხვა ინტერაქტიურ ელემენტებზე. ლეპტოპებში ჩამონტაჟებაც კი შეიძლება, რითაც ენერგიის სარეზერვო წყაროს შევქმნით“, - ამბობს CSIRO-ს მასალების მეცნიერი, დოქტორი სკოტ უოტკინსი.
თითოეულ დაბეჭდილ ელემენტებს, კვადრატული მეტრიდან 10-50 ვატი ენერგიის მოცემა შეუძლია. რაც მთავარია, მისით შესაძლებელია მაღლივი შუშის შენობების ლამინირება. შესაძლებელია ლითონის ფურცლებში მათი ჩაბეჭდვა, ეს კი სახურავების მზის იაფი ელემენტებით დაფარვის შესაძლებლობას იძლევა.
სხვათა შორის, მზის ელემენტების ბეჭდვა ადრეც შესაძლებელი იყო, მაგრამ ამისთვის სულ სხვა, გაცილებით ძვირი პროცესი იყო საჭირო და სასურველი პროდუქტის წარმოებაც ძვირი ჯდებოდა. VICOSC-ის გუნდმა ამ საქმისთვის სპეციალური ფოტო-საღებავი და 200 000 დოლარიანი პრინტერი გამოიყენა, რომლითაც მაისურებზე დააქვთ სასურველი გამოსახულება.
უოტკინსი ამბობს, რომ მისი ჯგუფის მიერ შემუშავებული მეთოდის მთავარი ღირსება, მისი ხელმისაწვდომობაა: „ჩვენ ელემენტების მისაღებად არსებული ტექნოლოგიეზები გამოვიყენეთ, რაც იმის საშალებას იძლევა, რომ ასეთი ტიპის წარმოება ფართოდ დავნეგოთ“.

No comments:

Post a Comment