Saturday, May 4, 2013

ამერიკელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში თირკმელი გაზარდეს


ამერიკელმა მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში შექმნეს და გაზარდეს ხელოვნური თირკმელი, რომელმაც ცხოველის ორგანიზმში გადანერგვის შემდეგ, შარდის გამომუშავება დაიწყო. მსგავსი ტექნიკით, ორგანიზმის მარტივ ნაწილებს მეცნიერები ლაბორატორიაში ადრეც ამზადებდნენ და პაციენტებისთვისაც კი იყენებდნენ, მაგრამ თირკმელი გაცილებით რთული ორგანიზმია.
კვლევა და მისი აღწერილობა ჟურნალმა „ნეჩურ მედიცინმა“ გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ ხელოვნურად გამოზრდილი თირკმელი, ნამდვილზე გაცილებით ნაკლებად ეფექტურია. მაგრამ რეგენერაციული მედიცინის მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ გამოყენებულ ტექნიკას დიდი პერსპექტივა აქვს.
თირკმლის დანიშნულება, ნარჩენებისგან და ზედმეტი წყლისგან გაწმენდაა. ტრანსპლანტაციაში ეს ყველაზე მოთხოვნადი ორგანოა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მასზე გრძელი რიგები დგას. ამიტომ, აღნიშნული ექსპერიმენტის წარმატებით დასრულებას, ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
მკვლევარებს თეორიულად შემუშავებული აქვთ პროცესი, რომელიც ძველი თირკმლის ადგილზე ახალი, სრულიად ჯანმრთელის გამოზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, ეს პროცესი ითვალისწინებს თირკმლისთვის ძველი უჯრედების მოშორებას, რის შემდეგაც, დარჩება ორგანოს ფიჭური სტრუქტურა. ამ სტრუქტურას პაციენტისგანვე აღებული ჯანმრთელი უჯრედებით „ამოაშენებენ“ და თირკმელი ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას.
დონორულ ორგანოსთან შედარებით, ახალ ტექნიკას ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: რადგან თირკმელი პაციენტისვე ქსოვილისგან შედგება, აღარ იქნება საჭირო მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმუნიტეტის დასათრგუნი პრეპარატების მიღება, რითაც ორგანოს უარყოფის დათრგუნვა ხდება.
მეორეც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ძლიერ შემცირდება ორგანოს მომლოდინე პაციენტების რიგები და უამრავი სიცოცხლის გადარჩენა გახდება შესაძლებელი. რიგებს ის ფაქტიც განაპირობებს, რომ თანამედროვე დონორული ორგანოების დიდ ნაწილს, პაციენტების ორგანიზმები არ ღებულობს. მაგრამ ამიერიდან, ასეთ უარყოფილ ორგანოებს, ახალი ორგანოების გამოსაზრდელ მატრიცებად გამოიყენებენ.
მასაჩუსეტსის „ჯენერალ ჰოსპიტალის“ მკვლევარებმა, მათ მიერ შემუშავებული მეთოდი, პირველად ლაბორატორიულ ვირთხებზე გამოსცადეს. მათ აიღეს „პაციენტი“ მღრღნელის თირკმელი და სპეციალური ხსნარის დახმარებით, მას ძველი უჯრედები მოაცილეს. დარჩა პროტეინების ერთგვარი ჩარჩოსებრი სტრუქტურა, რომელსაც თირკმლის გარეგნობაც აქვს და მასში სისხლძარღვთა სისტემა და სადრენაჟო მილაკების სისტემაც შენარჩუნებულია.
ამ სახის თირკმელზე დაიწყეს დონორი უჯრედების ჩანერგვა. ეს უჯრედები თანდათან მოედო მილაკების და სისხლძარღვებისგან შემდგარ სტრუქტურას და 12 დღის შემდეგ, ახალი ორგანო ჩამოყალიბდა. ახალი თირკმლის შემუშავებისას, „მატრიცა“ ისეთსავე გარემოში ინახებოდა, როგორიც საცდელი ვირთხის ორგანიზმშია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალმა თირკმელმა, ლაბორატორიულ პირობებში შარდის გამომუშავება დაიწყო, თუმცა მხოლოდ იმის მეოთხედის, რაც ექსპერიმენტამდე შეეძლო. მომდევნო ეტაპზე, ის ვირთხას გადაუნერგეს, რის შემდგაც, ეს მაჩვენებელი 5 პროცენტამდე დაეცა.
მაგრამ ბიბისისთან საუბრისას, ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა დოქტორმა ჰარალდ ოტმა განაცხადა, რომ ყოველივეს მიუხედავად, ამ ეტაპზე, ესეც კი საკმარისზე მეტია. ის ამბობს, რომ თირკმლის ფუნქციის 10-15 პროცენტით შენარჩუნებაც საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტს დიალიზი არ დასჭირდეს.
ოტი ამბობს, რომ რაც მთავარია, კვლევებმა ცხადჰყო, რომ არჩეული გზა პერსპექტიულია და სრულყოფის შემდეგ, შეიძლება სრულიად გამოსადეგი გახდეს. მისი თქმით, მარტო აშშ-ში დონორის თირკმელს 100 000-ზე მეტი ადამიანი ელოდება, მაგრამ წელიწადში მხოლოდ 18 000-მდე პაციენტი ღებულობს სასურველ ორგანოს. მასაჩუსეტსელი მკვლევარების მიერ დაწყებული ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში კი, ეს რიგები საერთოდ გაქრება.
ყველაფერი კარგი, მაგრამ სანამ მასაჩუსეტსელთა მიერ გამოყენებულ მეთოდს პირველად გამოიყენებენ ადამიანის სამკურნალოდ, მანამ არაერთი ექსპერიმენტის ჩატარება იქნება აუცილებელი. სხვა თუ არაფერი, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის უფრო მეტად აღდგენა. და რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ასეთმა თირკმელმა დიდხანს მუშაობა შესძლოს. ადამიანთან მიმართებაში, ამ მეთოდის სირთულეს ის გარემოებაც განაპირობებს, რომ თირკმლის სიდიდის გამო, მისი მატრიცის საფუძველზე ახალი ორგანოს „ამოშენებას“ გაცილებით მეტი დრო და ზუსტი ტექნიკა დასჭირდება.
„ძალიან საინტერესო და გასაოცარი შედეგებია. მათ შეძლეს ბევრი ისეთი ტექნიკური წინაღობის გადალახვა, რომლებიც რეგენერაციული მედიცინის სწრაფ განვითარებას და უამრავი პაციენტის გადარჩენას გამოიწვევს“, - ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქირურგი, პროფესორი მარტინ ბირჩელი.

No comments:

Post a Comment