Saturday, May 4, 2013

მთვარის ბაზას სამგანზომილებიანი პრინტერი მტვრისგან ააგებს



არქიტექტორთა ჯგუფმა, სახელწოდებით „საინტერჰაბ დიზაინ ტიმ“, შეიმუშავა უცნაური პროექტი სახელწოდებით „საინტერჰაბ“, რომელიც მთვარეზე ნაგებობათა ასაგებად, სამგანზომილებიან რობოტ-პრინტერის გამოყენებას ითვალისწინებს. ბაზა მთვარის სამხრეთ პოლუსზე აიგება. სამშენებლო მასალად მთვარის მტვერს გამოიყენებენ, რომლითაც მიკროტალღური ღუმელის დახმარებით, ბაზის ცალკეულ მოდულებს შექმნიან და მათაც ერთმანეთთან იმავე ტექნოლოგიით შეაერთებენ. მშენებლობას ნასა-ს უზარმაზარი ობობას მსგავსი რობოტი-პრინტერი გაუძღვება.
ადრინდელი პროექტები, ასევე პრინტერების გამოყენებას ითვალისწინებდა, ოღონდ სამშენებლო მასალის შესაკრავად, სპეციალური წებოს გამოყენება იყო საჭირო. „საინტერჰაბი“ კი სამშენებლო მასალის ცხობას გვთავაზობს, დაახლოებით იმ პრინციპით, როგორსაც კერამიკის წარმოებაში იყენებენ. ამ შემთხვევაში, წებო საჭირო არაა.
მთვარის მტვერის ნანონაწილაკები რკინის ნაწილაკებს შეიცავს. ასეთ მტვერს, საყოფაცხოვრებო მიკროტალღოვან ღუმელშიც კი, 1200-1500 გრადუსზე გაადნობთ. მტვერი თითქმის დნობის ტემპერატურამდე ხურდება. ამ დროს მისი ნაწილაკები (რეგოლითი) ერთმანეთს შეეცხობა და ერთგვარ ბლოკებს წარმოქმნის, რომლითაც მთვარის საცხოვრებლის აგება შეიძლება.
ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, სრულიად რეალურია მთვარეზე მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურის ისე აგება, რომ ამისათვის მხოლოდ მზის ენერგიას გამოიყენებენ. იმის გამო, რომ ამ ტიპის მშენებლობას არ დასჭირდება წებო და სხვა შემკვრელი მასალები, მთვარეზე ნაგებობათა აგება იაფი დაჯდება. თანაც, შენობათა სტრუქტურის წონაც მნიშვნელოვნად მცირე იქნება ჩვეულებრივი შენობების წონაზე.
მიკროტალღური დანადგარების გამოყენებით მშენებლობას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ბაზის შენობებში ვერ შეაღწევს მთვარის მტვერი, რომელიც ძლიერ აბრაზიულია და შეუძლია არამარტო ასტრონავტების დაავადება, არამედ ლაბორატორიის ეკიპირების დაზიანებაც. ამასთან, რეგოლითის სტრუქტურა, შენობებს რადიაციისგანაც დაიცავს. მათ შიგნით შესაძლებელი იქნება არამხოლოდ ლაბორატორიების და საცხოვრისების, არამედ სათბურების და ბიო-რეგენერაციული სისტემების მოწყობაც.
„საინტერჰაბის“ ავტორები არიან კოსმოსური არქიტექტორები ტომაშ რუსეკი, კატარინა ერიკსონი და დოქტორი ონდრჟეი დულე, რომლებსაც პარტნიორობას ნასა-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერი რიჩარდ რიბერი უწევს.

No comments:

Post a Comment