Saturday, May 4, 2013

გემი მზის და ქარის ენერგიას მოიხმარს


საუკუნეების განმავლობაში, ზღვაოსნები გადასაადგილებლად ქარის ძალას იყენებდნენ. სწორედ აფრიანი გემებით მოგზაურობისას აღმოაჩინეს ამერიკის და ავსტრალიის კონტინენტები, შეიქმნა რუქები, რომლებსაც დღესაც ვიყენებთ. მაგრამ ჯერ ორთქლის, შემდეგ კი შიდაწვის ძრავებმა და ატომურმა რეაქტორებმა, აფრები ეფექტურად და ძალიან სწრაფად ჩაანაცვლა.
თუმცა, მალე შეიძლება ქარის ძალა კვლავ ჩადგეს საზღვაო ტრანსპორტის სამსახურში. უფრო მეტიც, იაპონურ კომპანია „ეკო მარინ პაუერის“ პროექტი, სახელად „ენერჯისეილ“, ქარის გარდა, მზის ენერგიის გამოყენებასაც ითვალისწინებს. თანაც, ამ პროექტის მიხედვით, გემი ერთგვარი მყარი აფრებით აღიჭურვება, რომლებითაც იმავდროულად, მათზე განლაგებული სპეციალური პანელების დახმარებით, მზის ენერგიის გადამუშავებაც იქნება შესაძლებელი.
ოთხკუთხა აფრები ვერტიკალურ ღერძებზე დამაგრდება და მათ გარშემო იტრიალებენ. მობრუნების კუთხე, ქარის მიმართულებასა და მზის მდებარეობაზე იქნება დამოკიდებული. ცუდ ამინდში, იმისათვის, რომ დაზიანების საფრთხე თავიდან იქნას აცილებული, აფრები დაიკეცება და მათ სპეციალურ სათავსებში შეინახავენ. ან ღუზაზე დგომის დროს, აფრებს მზის ენერგიის ელექტრო ენერგიად გარდასაქმნელად გამოიყენებენ. ეს ენერგია სპეციალურ ელემენტებში დაგროვდება.
„ეკო მარინ პაუერს“ შემუშავებული აქვს „ენერჯისეილის“ მოდიფიკაცია, რომელზეც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი აფრითაც შესაძლებელი იქნება მზის ენერგიის მიღება. იაპონური კომპანიის განცხადებით, მყარი აფრების გამოყენება იმითაა ხელსაყრელი, რომ მათ მინიმალური მომსახურება ესაჭიროება და უფრო ძნელადაც ზიანდება. რაც მთავარია, ძლიერი ქარის დროსაც შეიძლება მათი გამოყენება.
იაპონური კომპანია კონცეპტუალური ხომალდის საფუძვლად სატვირთო გემს იყენებს, რომელზეც 14 მყარი აფრა დამაგრდა. უფრო პატარა გემებზე, როგორიცაა სამხედრო ფრეგატი, მცოლოდ ოთხი აფრა დამაგრდება, საპატრულო და სანაირო დაცვის კატარღებზე მხოლოდ ორ-ორი აფრის დამაგრება იქნება შესაძლებელი. კიდევ უფრო პატარა მცურავ საშუალებებზე კი მხოლოდ თითო მყარი აფრა დამაგრდება.
„ეკო მარინ პაუერი“ ირწმუნება, რომ აფრების რაოდენობიდან და ზომებიდან გამომდინარე, ორგანულ საწვავზე მომუშავე გემების ხარჯი 20 პროცენტით შემცირდება, ის გემები, რომლებიც ელექტროენერგიაზე მუშაობენ, ენერგიის მოხმარებას 40 პროცენტით შეამცირებენ. შემცირდება ატმოსფეროს დაბინძურება, ხმაური და გემები პორტებთან უფრო დაბალი სიჩქარით მოძრაობასაც შეძლებენ.
ამჟამად „ენერჯისეილი“ აფრების კომპლექსების კონტროლის და ავტომატიზაციის სისტემების დახვეწაზე მუშაობს, როს შემდეგაც, აფრებით აღჭურვილი პირველი გემის ტესტირება დაიწყება.

No comments:

Post a Comment