Saturday, May 4, 2013

კანსაის საერთაშორისო აეროპორტი


კანსაის საერთაშორისო აეროპორტი, იაპონიის მნიშვნელობით მეორე საჰაერო პორტია. მაგრამ მთავარი, რითაც ის გამოირჩევა ისაა, რომ ხელოვნურად აგებულ კუნძულზე მდებარეობს. ეს კუნძული ქალაქ ოსაკას ცენტრიდან სამხრეთ დასავლეთით, 38 კილომეტრში მდებარეობს. კანსაის აეროპორტმა მუშაობა 1994 წელს დაიწყო და მნიშვნელოვნად განტვირთა ოსაკას საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ გარეუბანში, ორ პატარა ქალაქს, იტამისა და ტოიონაკას შორის მდებარეობს.
ოსაკას აეროპორტი საცხოვრებელი კორპუსებითაა გარშემორტყმული, რის გამოც, მისი გაფართოების არანაირი საშუალება არ არსებობდა. თანაც, იქაური მიწა ძალიან ძვირი ღირს. ამის გამო გადაწყდა, რომ ახალი აეროპორტი ოფშორულ ზონაში, ხელოვნურად აგებულ კუნძულზე აეშენებინათ. კუნძულის სიგრძე 4 კილომეტრია, სიგანე კი - 2.5 კილომეტრი.
კუნძულის მშენებლობა 1987 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე აიგო უზარმაზარი კედელი, რომელსაც მომავალი კუნძულის პერიმეტრი ზღვისგან უნდა მოეკვეთა. ამ კედლის მშენებლობისას, ბეტონის 48 000 ბლოკი გამოიყენეს. ეგრეთ წოდებული ზღვის კედლით შემოფარგლული პერიმეტრის ასავსებად, სამი მთა მოთხარეს, საიდანაც კუნძულზე 21 000 000 კუბური მეტრი გრუნტი გადაიტანეს. ამ სამუშაოებს, სამი წლის განმავლობაში, 10 000 ადამიანის შრომა და 10 მილიონი სამუშაო საათი დასჭირდა. სამუშაოების შესრულებისას, 80 გემს იყენებდნენ. საბოლოოდ, ზღვის ფსკერიდან, მიწის ზედაპირმა 30 მეტრით მაღლა აიწია, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ კუნძული წარმოქმნილიყო. კუნძული ხმელეთთან 3 კილომეტრის სიგრძის ხიდით დააკავშირეს.
კანსაის საერთაშორისო აეროპორტის და მისი სრული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ჯამში 20 მილიარდი დოლარი დაჯდა. ამ ღირებულებაში შედის მიწის მელიორაციული სამუაოები, ორი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, ტერმინალი და სხვადასხვა ნაგებობები. ყველაზე მეტი თანხა, კუნძულის მშენებლობის საწყის ეტაპზე, იმის გამო დაიხარჯა, რომ ოსაკას სანაპიროს რბილი ფსკერი, კუნძულის დაწევას და წყლით დაფარვას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგაც კი, კუნძული ჩაძირვას აგრძელებს, რის გამოც, მის მშენებლებს ხშირად აკრიტიკებენ. თუმცა, საბოლოოდ, ეს გრანდიოზული ნაგებობა, მაინც ადამიანის უდიდეს საინჟინრო მიღწევადაა მიჩნეული. 2001 წელს, ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოებამ, კანსაის აეროპორტი, კაცობრიობის მიერ გასულ ათასწლეულში შექმნილი ათი ყველაზე გამორჩეული ნაგებობის სიაში შეიტანა.
კანსაის აეროპორტის მშენებლობისას მიღებული გამოცდილება, იაპონელებმა კიდევ სამი მსგავსი აეროპორტის ასაგებად გამოიყენეს. ესენია კიტაკიუშუს ახალი აეროპორტი, კობეს აეროპორტი და ჩუბუს ცენტრალური საერთაშორისო აეროპორტი.

No comments:

Post a Comment