Saturday, May 4, 2013

ადამიანის კანის უჯრედები გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ


მიელინი ცხიმოვანი ქსოვილია, რომელიც ნერვულ უჯრედებს შორის არსებულ ბოჭკოებს ფარავს. მას დაახლოებით იგივე დანიშნულება აქვს, რაც ელექტროსადენების იზოლაციას. და თუ ეს ქსოვილი დაზიანდა, ნერვულ უჯრედებს შორის კავშირი სუსტდება, რასაც თან სდევს ისეთი მძიმე დაავადების წარმოქმნა, როგორიც გაფანტული სკლეროზია. დადგენილია, რომ თუ გაფანტული სკლეროზით დაავადებულის ნერვულ უჯრედებს შორის დამაკავშირებელი ქსოვილი ისევ დაიფარება მიელინით, მაშინ პაციენტის განკურნება შესაძლებელი გახდება.
ამ გზით, მეცნიერებმა გაფანტული სკლეროზით დაავადებული თაგვების განკურნება შეძლეს. მათ ადამიანის კანის ქსოვილი, თაგვების მიელინად გარდაქმნეს და ის ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის აღსადგენად გამოიყენეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეორიულად, ამავე მეთოდის ადამიანის სამკურნალოდ გამოყენებაც შესაძლებელია.
საერთოდ, ადამიანის და ცხოველების ორგანიზმის ეგრეთ წოდებულ მშენებელი უჯრედების მოვალეობას, ღეროვანი უჯრედები ასრულებს. ისინი ნებისმიერი ორგანოს უჯრედებად გარდაიქმნებიან და ამით, ორგანიზმის განვითარებას უზრუნველყოფენ. რეალურად, ამ უჯრედებით ბევრი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ჩვეულებრივ, სამკურნალო დანიშნულებით, ღეროვან უჯრედებს ემბრიონისგან იღებენ, რაც ხშირ შემთხვევაში აკრძალულია. ესეც რომ არ იყოს, ამგვარად მოპოვებული ღეროვანი უჯრედები, შეიძლება დაავადებულის ორგანიზმის იმუნურმა სისტემამ არც მიიღოს.
თუმცა, მეცნიერებმა შეიმუშავეს ეგრეთ წოდებული სომატური უჯრედების ღეროვან უჯრედებად გარდაქმნის მეთოდი. ამ მეთოდით შესაძლებელია პაციენტის ორგანიზმიდან აღებული უჯრედების ღეროვან უჯრედებად გარდაქმნა, როგორსაც მკურნალობისას პაციენტის იმუნური სისტემა უცხო სხეულად პრაქტიკულად არ აღიქვამს.
როჩესტერის (ნიუ იორკი) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგ სტივენ გოლდმენის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის დროს, მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედები, ადამიანის ინდუცირებულ მრავალპოტენტურ უჯრედებად გარდაქმნეს. შემდგომში, ეს უჯრედები ეგრეთ წოდებულ ოლიგოდენდროციტულ წინამორბედ უჯრედებად გარდაქმნეს, რომლიდანაც ჩვეულებრივ, თავის და ზურგის ტვინში, მიელინი წარმოიქმნება. გოლდმენმა ივარაუდა და ეს ვარაუდი თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადასტურა, რომ ამ მეთოდით შემუშავებული „სამშენებლო“ უჯრედების გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტის ორგანიზმში შეყვანით, შესაძლებელი იქნება მიელინის გამომუშავების აღდგენა, რაც დაავადების განკურნებას გამოიწვევს.
მეცნიერებს ოთხი წელი დასჭირდათ იმისათცვის, რომ კანის უჯრედებისგან ოლიგოდენდროციტული უჯრედების წარმოების საიმედო მეთოდი შეემუშავებინათ. ახალი მეთოდოლოგია მათ პირველად ლაბორატორიულ თაგვებზე გამოსცადეს, რომელთა ორგანიზმიც, გენეტიკურად ვერ ახერხებდა მიელინის გამომუშავებას. ინექციით შეყვანილი უჯრედები, საცდელი თაგვების ტვინში გავრცელდა და იქ მიელინის წარმოება დაიწყო. თანაც, პროცესი ისე მიმდნრეობდა, რომ სიმსივნურ წარმონაქმნებს არ იწვევდა, რაც ხშირად, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის თანმდევი უარყოფითი ეფექტია ხოლმე. ექსპერიმენტის მსვლელობისას, ნამკურნალები თაგვები, იმ თაგვებზე გაცილებით მეტხანს ცოცხლობდნენ, რომლებსაც თერაპიის კურსი არ ჩატარებიათ.
გოლდმენის ჯგუფის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის ადამიანებზე გამოცდები 2015 წელს უნდა დაიწყოს.

No comments:

Post a Comment