Saturday, May 4, 2013

„აგუსტა უესტლენდის“ დახრად-როტორიანი ელექტრული თვითმფრინავი


ბრიტანულ-იტალიურმა კომპანია „აგუსტა უესტლენდმა“ ოფიციალურად წარმოადგინა მსოფლიოში პირველი დახრად-როტორიანი ელექტრული თვითმფრინავი, რომელიც „პროჯექტ ზეროს“ სახელითაა ცნობილი. ექსპერიმენტული საფრენი აპარატი ფრთების უცნაური ფორმითაც გამოირჩევა. ორივე ფრთის უკანა ნაწილში დამაგრებული როტორები კი 90 გრადუსით იხრება, რისი წყალობითაც, აპარატს როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური ფრენა შეუძლია.
„პროჯექტ ზეროს“ საცდელი ფრენები ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა აქამდე ეს პროექტი მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხორციელდებოდა. საცდელი თვითმფრინავი ექვს თვეშ დამზადდა. ტესტები კი კაშინა კოსტაში, კომპანიის იტალიურ ბაზაზე ტარდება, რომელიც საიმედოდაა დაცული.
„პროჯექტ ზეროს“ ყველა სისტემა ელექტრულია. თვითმფრინავს არ აქვს ჰიდრავლიკური ელემენტები. მის ძრავებს ელექტროენერგიით ელემენტების ბლოკი კვებავს (მისი ტიპი უცნობია), თუმცა უფრო დიდი ზომის აპარატის შემთხვევაში, პროექტი დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემის გამოყენებასაც ითვალისწინებს, რომელშიც შიდაწვის ძრავის დანიშნულება, ელექტრო ენერგიის გამომუშავება იქნება.
დახრადი როტორების წყალობით, „პროჯექტ ზეროს“ ვერტიკალურად აფრენა, ჰაერში ჩამოკიდება და თვითმფრინავის მსგავსად ფრენაც შეუძლია. მესამე რეჟიმში, ის მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს. ვერტიკალური ფრენის წყალობით კი ასაფრენი ზოლი არ ესაჭიროება. ქარიან ამინდში, როდესაც თვითმფრინავი უქმადაა, შესაძლებელია როტორების ვერტიკალურად დაყენება და ისინი გენერატორის მოვალეობას შეასრულებენ, მათ მიერ გამომუშავებული ენერგია კი ელემენტებში დაგროვდება.
კრეისერული ფრენისას, ამწევ ძალას ფრთები ქმნის. ამ დროს, თვითმფრინავის მართვა ელევონებით (ელერონების და სიმაღლის საჭის ტანდემი) ხორციელდება. ამ დროს, მდგრადობას V-ს ფორმის კუდი უზრუნველყოფს. ფრთების ბოლო ნაწილები მოსახსნელია. ეს იმ შემთხვევისთვის, როდესაც თვითმფრინავს მეტწილად ვერტმფრენის რეჟიმში ფრენა მოუწევს.
„პროჯექტ ზერო“ პრაქტიკულად უხმაუროა და ინფრა წითელ დიაპაზონში მისი დაფიქსირება შეუძლებელია. ფრენისას არ სჭირდება ჟანგბადი, რაც იმას ნიშნავს, რომ უჟანგბადო სივრცეში ფრენა შეუძლია. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად ვულკანის მიმდებარე სივრცე, ან ძლიერი ხანძრის არე. ამავე მიზეზით, აპარატს პოტენციურად ძალიან დიდ სიმაღლეზე ფრენაც შეუძლია, სადაც ჟანგბადით ღარიბი სივრცეებია.
„აგუსტა უესტლენდი“ ჯერ არაფერს ამბობს ასეთი თვითმფრინავების წარმოების პერსპექტივაზე. ტექნოლოგიურად, ეს შესაძლებელია, თუმცა მთავარი ისაა, თუ რამდენად გამართლებული იქნება მარკეტინგული თვასაზრისით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩატარებული ექსპერიმენტები ცხადყოფს, რომ ამ ტიპის თვითმფრინავებს პერსპექტივა გააჩნია.

No comments:

Post a Comment