Saturday, May 11, 2013

„ლოკჰიდ სტრატოლაინერი“ - ჩიტ ლიას შთაგონებით გააზრებული მომავლის ლაინერი


Lockheed Stratoliner Design Is Inspired By Bar-tailed Godwit
11 მაისი
არაერთი თვითმფრინავი შექმნილა ფრინველების შთაგონებით. „ლოკჰიდ სტრატოლაინერი“ მორიგი მათგანია. ეს კონცეპტუალური პროექტი, ცნობილმა ინჟინერმა უილიამ ბრაუნმა შეიმუშავა. თვითმფრინავს ბევრი თავისებურება აქვს. ჯერ ერთი, ის საწვავად წყალბადს იყენებს. მეორეც, ძალიან დიდი და უცნაური ფორმის ფრთები აქვს. იგივე ითქმის ფიუზელაჟსა და უკანა ფრთასხმულობაზე. როგორც ავტორი ირწმუნება, „სტრატოლაინერი“ შორს და მაღლა მფრენი, მომავლის ლაინერია.

ბარემ იმ ჩიტსაც გაგაცნობთ, რომელმაც ბრაუნს თავისი კონცეპტუალური თვითმფრინავის აგებულება უკარნახა. ესაა ავსტრალიური ჩიტი ლია (ინგლისურად გოდვიტი), რომელიც თავისი შორსმფრენი და საოცარი ორიენტაციის უნარით გამოირჩევა. წარმოიდგინეთ, პატარა ფრინველი, ალასკიდან ავსტრალიამდე თითქმის 11 000 კილომეტრს ისე გაიფრენს, ხმელეთზე ერთხელაც არ დაეშვება. ბუნებრივია, ამ დროს არ საკვებს ღებულობს.და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ სიშორის გზას იოლად იკვლევს. როგორც ამბობენ, ამაში ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი ეხმარება. იმასაც ამბობენ, ლიას თავში კომპასი აქვსო...
მოკლედ, ბრაუნმა ბუნებისგან ძალიან საინტერესო პროტოტიპი აირჩია. მისი თვითმფრინავიც შორსმფრენია - მთელ პლანეტას ისე შემოუფრენს, ხმელეთზე ერთხელაც არ დაეშვება და ბუნებრივია, ამ დროს არც საწვავის მარაგის შევსება დასჭირდება.
არანაკლებ საინტერესოა „სტრატოლაინერის“ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ძრავები. მათი სახელია „კრიოგენული წყალბადის ტურბორეაქტიული ძრავები“. მათი თვისებაა, რომ დაბალი სიმძლავრით მუშაობა შეუძლიათ, რა დროსაც საწვავს ეკონომიურად მოიხმარენ. საწვავის ეკონომიას ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ „სტრატოლაინერს“ დიდ სიმაღლეზე ფრენა შეუძლია. ამაში კი მას ზორბა ფრთები ეხმარება. ასეთი ფრთების წყალობით, დიდი ამწევი ძალა წარმოიქმნება და ლაინერს დიდ სიმაღლეზე ასვლაც შეუძლია. იქ კი გაუხშოებული ჰაერია და მის გადასალახად, ლაინერს ნაკლები ენერგია ესაჭიროება.
საწვავად წყალბადის გამოყენებას თავისი უპიტარესობანი აქვს. ჯერ ერთი, წყალბადი მსუბუქია. მეორეც, საავიაციო საწვავზე თითქმის ორჯერ მეტად ენერგოტევადია. ამგვარად, სავსე ავზებით ფრენისას, ლაინერს ნაკლები ენერგია ეხარჯება და საწვავიც მეტხანს ჰყოფნის. წყალბადის წვისას კი წყალი გამოიყოფა, რისი წყალობითაც, „სტრატოლაინერი“ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე თვითმფრინავია. თავის მხრივ, წყალბადის მიღება შესაძლებელია ენერგიის განახლებადი წყაროების (მზე, ელექტროლიზი, ქარი) გამოყენებით და ამ შემთხვევაში, „ლოკჰიდ სტრატოლაინერი“ აბსოლუტურად ნულოვანი გამონაბოლქვის ლაინერი ხდება.
ავიამწარმოებელი კომპანიები ინტენსიურად ცდილობენ ისეთი ტექნოლოგიების და აეროდინამიკური გადაწყვეტების შემუშავებას, რომლებიც მათ საწვავის ეკონმიასა და ფრენის სიშორის გაზრდაში დაეხმარება. ეს კონცეპცია იმდენად რადიკალურია, რომ მისი ამ სახით განხორციელება არარეალურად მოჩანს. თუმცა, მასში გამოყენებული ბევრი იდეა სერიულ ავიაწარმოებაში გზას ალბათ მაინც გაიკვლევს.

No comments:

Post a Comment