Saturday, May 4, 2013

„ლოკჰიდ სკანკუორკსი“ თერმობირთვული ენერგიის ათვისებას გვპირდება


„ლოკჰიდ სკანკუორკსი“ ირწმუნება, რომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც თერმობირთვული სინთეზის კომპაქტური რეაქტორის შექმნას ითვალისწინებს. ამასთან, პროექტის განხორციელება ათ წელიწადში იქნება შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ თერმობირთვული სინთეზი პოტენციურად გაცილებით მეტი ენერგიის მომცემია, ვიდრე თანამედროვე ბირთვული რეაქტორები (რომლებიც ბირთვის გაყოფაზე მუშაობს), მათი მართვა გაცილებით მარტივი და უსაფრთხოც იქნება. მათი გათიშვაც ნაკლებ პრობლემური უნდა იყოს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დატოვებს გაცილებით ნაკლებ რადიოაქტიურ ნარჩენებს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ბირთვული სინთეზის ათვისებას 1950-იანი წლებიდან ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ისეთი მდგრადი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც სინთეზის დროს გამოყოფილი ენერგიის დიდი ხნით შენარჩუნებას შესაძლებელს გახდის. რა თქმა უნდა, შექმნილია პროტოტიპები, რომლებშიც პლაზმის საჭირო ტემპერატურამდე (ლაპარაკია მილიონობით გრადუსზე) გახურება ხდება, თუმცა მისი შენარჩუნება მხოლოდ წამების განმავლობაში ხერხდება, რაც ენერგიის საწარმოებლად საკმარისი არაა.
ასეთ ექსპერიმენტულ რეაქტორთა შორის ყველაზე განვითარებული და ეფექტური ტოკამაკ-ია, რომელშიც სივრცეში პლაზმის შესანარჩუნებლად და მის გასახურებლად, უზარმაზარ ელექტრომაგნიტებს იყენებენ, რომელთა შიდა სივრცეშიც ვაკუუმია შექმნილი. ტექნოლოგიურ სირთულესთან ერთად, ტოკამაკი-ს მშენებლობას და აღჭურვას წლები ესაჭიროება. ყველაფერთან ერთად, ტოკამაკი ძალიან ძვირი (მილიარდობით დოლარი) ჯდება, რის გამოც, მის მშენებლობას კერძო კომპანიები, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ.
„ლოკჰიდ სკანკუორკსის“ პროექტი კი იმის იმედს იძლევა, რომ თერმობირთვული სინთეზის კომპაქტური რეაქტორი მალე ჩადგება კაცობრიობის სამსახურში. ასეთი რეაქტორი გაცილებით პატარაა ტოკამაკ-ის ტიპის დანადგარზე. მასში გიგანტური მაგნიტური რგოლის ნაცვლად, ცილინდრს გამოიყენებენ, რომელშიც პლაზმის შემაკავებელი უფრო მძლავრი მაგნიტური ველის შექმნა იქნება შესაძლებელი. ამასთან, ცილინდრულ „თერმობირთვულ ღუმელში“ უფრო ნაკლები ისეთი ადგილია, საიდანაც შესაძლებელია ენერგიის გაჟონვა.
თუ „ლოკჰიდ სკანკუორკსის“ პროექტი განხორციელდა, აიგება იმდენად მცირე ზომის რეაქტორი, რომლის ტრანსპორტირებაც სატვირთო ავტომობილითაც კი შესაძლებელი იქნება. ამასთან, ასეთი რეაქტორი, ელექტრო ენერგიით თავისუფლად დააკმაყოფილებს 100 000 სახლს.
„ლოკჰიდი“ იმედოვნებს, რომ თერმობირთვული სინთეზის საცდელი რეაქტორი მზად 2017 წელს ექნება. მისი წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, მსგავსი რეაქტორების სერიული წარმოება 2022 წლიდან დაიწყება.

No comments:

Post a Comment