Tuesday, May 28, 2013

„სოლარ იმპულსმა“ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა


Solar Impulse breaks own record for farthest solar-powered flight
28 მაისი
მზის ელემენტებზე მომუშავე ელექტრულმა თვითმფრინავმა „სოლარ იმპულსმა“, აშშ-ის გასწვრივ ფრენის მეორე ეტაპზე, უგრძესი ფრენის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ქალაქ ფინიქსიდან (შტატი არიზონა) დალასამდე (შტატი ტექსასი) 1 397  კილომეტრი მზის თვითმფრინვმა 18 საათსა და 21 წუთში გაიფრინა. ეს შედეგი საკუთრივ „სოლარ იმპულსის“ საიტზე დაფიქსირდა, ზოგიერთი გამოცემის დაუდასტურებელი ინფორმაციით კი თვითმფრინავმა მეორე ეტაპზე 1 541 კილომეტრი გაიფრინა.
ასეთი განსხვავება გამოიწვია ჟურნალ „უაიერდის“ რეპორტაჟის დროს გავრცელებლი ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, ფრენისას „სოლარ იმპულსს“ პერიოდულად მარშრუტის საწინააღმდეგო მიმართულებით უწევდა ფრენა, რისი მიზეზიც ძლიერი შემხვედრი ქარები ყოფილა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინვმა თავისი რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. „სოლარ იმპულსმა“ პირველად ფრენის სიშორის რეკორდი ერთი წლის წინ დაამყარა. მაშინ ამ თვითმფრინავმა შვეიცარიიდან ესპანეთამდე 1 116 კილომეტრი გაიფრინა.
ვოიაჟის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პილოტი და „სოლარ იმპულსის“ თანა-დამფუძნებელი ანდრე ბორშბერგი, ფრენის დროს ხშირად იყენებდა თავისუფალ პლანირებას, რა დროსაც ენერგიას ზოგავდა. სხვათა შორის, მზის ჩასვლის შემდეგ, „სოლარ იმპულსი“ მეტწილად სწორედ პლანირებით ახერხებდა ფრენას, რაშიც აღებულ სიმაღლეს იყენებდა.
მზის თვითმფრინავი და მისი პილოტი ცოტას დაისვენებენ და რამდენიმე დღეში მესამე ეტაპს შეუდგებიან, რომელიც დალასში დაიწყება და სენტ ლუისში (შტატი მისური) დასრულდება. შემდგომ ეტაპებზე კი ფრენები ვაშინგტონის და ნიუ იორკის მიმართულებით შესრულდება. შუალედებში „სოლარ იმპულსს“ დამთვალიერებელს წარუდგენენ.

No comments:

Post a Comment