Wednesday, May 22, 2013

სადგური SKWID ენერგიას ქარისგან და მოქცებისგან მოიპოვებს


SKWID harnesses the power of both the wind and the tide
22 მაისი
მსოფლიოს ენერგეტიკოსები ქარისა და ტალღების ენერგიის ასათვისებლად, ბევრ განსხვავებულ მეთოდს იყენებენ და ბევრსაც ახალ ტექნოლოგიას ითვისებენ. არის დანადგარები, რომლებიც ქარისა და მზის ენერგიას ერთდროულად გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად. იაპონური საინჟინრო კომპანია MODEC კი მალე ისეთი დანადგარის (SKWID სისტემ) ტესტირებას დაიწყებს, რომელიც ერთდროულად, ქარისა და ზღვის მოქცევის ენერგიის ათვისებაზე იმუშავებს.
SKWID შემდეგნაირად იშიფრება: სავონიუსის კილი და ქარის ტურბინის დარიუსი (აერონავტიკის ფრანგი ინჟინერი ჟორჟ ჟან მარი დარიუს). აქ სავონიუსი და დარიუსი, ქარის ტურბინების ტიპებია. ოღონდ, ამ შემთხვევაში, სავონიუსის (ფინელ ინჟინერ სიგურდ იოჰანს სავონიუსი) პრინციპი მოქცევის ენერგიის ასათვისებლადაა გამოყენებული. კომბინირებულ დანადგარს ვერტიკალური ღერძი აქვს და წყლის ზედაპირზე ღუზითაა დაფიქსირებული.

ორი დანადგარი ერთმანეთთან ცენტრალური სეგმენტითაა დაკავშირებული, რომელიც იმავდროულად, ტრანსმისიასაც მოიცავს და გენერატორსაც. ამ სეგმენტის დახმარებით, დანადგარს შეუძლია როგორც ქარის, ასევე მოქცევის ენერგიის ცალ-ცალკე და ერთად ათვისება. იმავდროულად, სუსტი ბრიზის დროს, მოქცევის ენერგიით შესაძლებელია ქარის დანადგარის ძალდატანებითი ტრიალი, რაც მას ინერციას მიანიჭებს და ამ შემთხვევაში, ის სუსტი ქარის ენერგიასაც აითვისებს.
დარიუსის აგებულება ისეთია, რომ მას შეუძლია როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ ბრუნვა. ამიტომ, ქარის მიმართულების მიუხედავად, ყოველთვის იბრუნებს. მთავარია, ქარი იყოს. ზღვის მოქცევაზე მომუშავე ტურბინა (სავონიუსი) კი მხოლოდ ერთი მიმართულებით ბრუნავს. მაგრამ ბრუნავს იმის მიუხედავად, თუ რა მიმართულება აქვს მოქცევას. უფრო მეტიც, ამ დანადგარს ზღვის წყლის უმნიშვნელო მოძრაობის ათვისებაც შეუძლია. სავონიუსის ფრთებს აქვს ცილინდრული ფორმა და მათი ბრუნვის სიჩქარე, ზღვის მოქცევის სიჩქარის ტოლია. შესაბამისად, პრაქტიკულად არ დააზიანებს წყალქვეშა სამყაროს.
SKWID დანადგარი წყნარი წყლებისთვისაა განკუთვნილი, რადგან მის მუშაობას აუცილებლად ესაჭიროება წონასწორობის შენარჩუნება. მისი წყალქვეშა ნაწილი, სიმძიმის ცენტრის მაქსიმალურად დაბლა შენარჩუნებას უზრუნველყოფს, რითაც დანადგარის სტაბილურ ტივტივს უზრუნველყოფს. ამავე დანიშნულებას ემსახურება დანადგარის დისკური შუა სტრუქტურა, რომელიც წყალს დიდი ფართობით ეხება და მის ზედაპირზე ტივტივებს. ეს ნაწილი ტურბინებთან და მათს დამაკავშირებელ სტრუქტურასთან, დრეკადი საშუალებებითაა დაკავშირებული, რისი წყალობითაც, როცა ის ტალღის ზედაპირზე ირხევა, მუშა ნაწილი სტაბილურად ვერტიკალურ მდგომარეობაში რჩება.
ახალი ამბების იაპონურ სააგენტო ენეიჩკეის ინფორმაციით, SKWID-ის ტიპის ერთი საცდელი დანადგარი იაპონიის სანაპიროზე განლაგდება. მისი ქარის ტურბინას, წყლის ზედაპირიდან 47 მეტრის სიმაღლე ექნება. წყალქვეშა ნაწილის ტურბინის დიამეტრი კი 15 მეტრს მიაღწევს. სატესტო დანადგარის სიმძლავრე საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ელექტრო ენერგიით სრულად დააკმაყოფილოს დაახლოებით 300 ოჯახი.

No comments:

Post a Comment