Saturday, May 4, 2013

პატარა, ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი


დანიური კომპანია „ეკომოვი“ მალე სუბკომპაქტურ საქალაქო ელექტრომობილ QBEAK-ის წარმოებას დაიწყებს. უფრო მეტიც, ამ ელექტრომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. ამასთან, შემკვეთს წინასწარ 2000 დანიური კრონის გადახდა უწევს, რაც დაახლოებით 270 ევროა.
QBEAK-ი მოკრძალებული გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძეა 3.00 მეტრი, სიგანე 1.75 მეტრი და სიმაღლე 1.63 მეტრი. ავტომობილის შასი და ძარა მსუბუქი მასალებისგანაა შექმნილი. ძარა ისეთი მასალისგან დამზადდა, რომელიც გადამუშავებას ადვილად ექვემდებარება. ორივე კარი მანქანის გასწვრივ იღება, რაც მის მომცრო ჭრილში შესვლას აადვილებს. ამასთან, პარკირების დროს, არაა აუცილებელი, გვერდზე დიდი ადგილის დატოვება. მანქანა პატარაა, მაგრამ მასში ექვსი სავარძლის განთავსებაა შესაძლებელი. ავტომობილი მხოლოდ 425 კილოგრამს იწონის.
QBEAK-ის გადაადგილებას ორი ელექტროძრავი ემსახურება, რომლებიც ბორბლებშია ჩამონტაჟებული (რომლებში, ამაზე არაფერია ნათქვამი). სამაგიეროდ ცნობილია, რომ მათი ჯამური სიმძლავრე 95 ცხენის ძალას აღწევს. ავტომობილი ელემენტების 6 მოდულითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური ენერგოტევადობაც 28.2 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით 300 კილომეტრი გაიაროს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს, შეიძლება ითქვას, რომ QBEAK-ი ქალაქგარეთ მოკლე მანძილზე მოგზაურობისთვისაც გამოდგება, რაც ელექტრომობილებისთვის იშვიათობაა.
QBEAK-ის მართვის სისტემა სმარტფონის სისტემასთანაა ადაპტირებული. ამის წყალობით, ტელეფონის მეშვეობით შესაძლებელი იქნება როგორც ავტომობილის გაღება და დაქოქვა, ასევე მისი დარჩენილი რესურსების გაგებაც.
ჯერჯერობით უცნობია QBEAK-ის ღირებულება, რომლის წარმოებაც მალე დაიწყება. თუმცა დანიური კომპანია გვაიმედებს, რომ მისი პატარა ელექტრომობილის ფასი ხელმისაწვდომი იქნება.

No comments:

Post a Comment