Wednesday, May 28, 2014

3D-პრინტერზე „ამობეჭდილი“ ღვიძლი სისხლს წმენდს

3D-printed liver-like device can detoxify blood
28 მაისი
სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს და სამგანზომილებიან პრინტერზე „ამობეჭდეს“ ღვიძლის მსგავსი მოწყობილობა, რომელსაც სისხლის დეტოქსიფიკაცია შეუძლია. ხელოვნურ ქმნილებას, სისხლში არსებული ტოქსინების შეგრძნების, მიზიდვის და ნეიტრალიზების უნარი აქვს. ამასთან, ის სხეულის გარეთ გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
ღვიძლის ფუნქციის მქონე ხელოვნური ორგანო, ნანოინჟინერიის პროფესორმა შაოჩენ ჩენმა შექმნა, ვისაც ადრე სამგანზომილებიანი პრინტერით, ხელოვნური სისხლძარღვები აქვს დამზადებული. მან შეისწავლა ღვიძლის აგებულება და ფუნქციები, რის შემდეგაც, მისი კომპიუტერული მოდელი შეიმუშავა და პრინტერზე „დაბეჭდა“. მოწყობილობა იჭერს ფორების წარმომქმნელ ტოქსინებს, რომლებსაც უჯრედების მემბრანების დაზიანება შეუძლია.
ადრე მეცნიერებმა შეიმუშავეს მკურნალობის მეთოდი, რომლის გამოყენებითაც, ნანონაწილაკებით ტოქსინების ნეიტრალიზება ხდება. მაგრამ ასეთი პაციენტები, მეორადი მოწამვლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მოწამვლა იმ შემთხვევაში იყო მოსალოდნელი, თუ პაციენტის ორგანიზმი ვერ მოახერხებდა ნანონაწილაკების მონელებას და ორგანიზმიდან გამოდევნას. ამ შემთხვევაში, სამკურნალოდ გამოყენებული ნაწილაკები ისევ ღვიძლში დაგროვდება.
ჩენმა სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდა ჰიდროგელის მატრიცა, რომელიც ნანონაწილაკებით დააკომპლექტა. ამგვარად, მან მიიღო მოწყობილობა, რომელსაც მის შიგნით ტოქსინების შეწოვა და დაჭერა შეუძლია. მოწყობილობა გარე ზედაპირითაა დაფარული და ის ადამიანის ღვიძლზე დიდი ზომისაა. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ მოწყობილობა ძალიან ეფექტურია და სისხლს, მასში არსებული ტოქსინებისგან მთლიანად ასუფთავებს.
„კონცეპტი, რომელიც სამგანზომილებიანი პრინტერით დამზადებულ ბიოთავსებად ჰიდროგელში ინკაპსულირებული ნანონაწილაკების გამოყენებას ითვალისწინებს, სიახლეა. ამ მეთოდით, ბევრი მსგავსი მოწყობილობის გაკეთება შეიძლება, რომლებსაც ორგანიზმის გასაწმენდად გამოვიყენებთ. ასე შესაძლებელია პაციენტის შესაფერისი ორგანოს შემცვლელის დამზადება, რომელიც ძალიან ეფექტურად იმუშავებს“, - ამბობს ჩენი.
როცა მის შიგნით, სისხლიდან გამოწოვილი ტოქსინები დაგროვდება, ხელოვნური ღვიძლი ფერს შეიცვლის - გაწითლდება და ასე მიახვედრებს პერსონალს, რომ გაწმენდას საჭიროებს. ამჟამად ჩენი მუშაობს ახალ, ბიოფაბრიკაციის ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებითაც, ღვიძლთან უფრო მიახლოებული ფუნქციის მქონე მიკროსტრუქტურის დამზადება იქნება შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment