Sunday, May 18, 2014

არგენტინაში უდიდესი დინოზავრის ნარჩენები აღმოაჩინეს

Fossils of 'largest' dinosaur found in Argentina
18 მაისი
არგენტინის პატაგონიის რეგიონში, ბუენოს აირესიდან სამხრეთით, დაახლოებით 1300 კილომეტრში, პროვინცია ჩუბუტში, ტიტანოზავრის ჩონჩხის ნარჩენები აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩონჩხის ნაწილები გრძელყელიან და გრძელკუდიან ზავროპოდს ეკუთვნის, რომელიც ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 90 მილიონი წლის წინათ, ცარცულ პერიოდში არსებობდა.
აღმოჩენილი ძლების მიხედვით, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მცენარეების მჭამელი ტიტანოზავრი დაახლოებით 14 აფრიკულ სპილოზე მძიმე უნდა ყოფილიყო, ანუ დაახლოებით 100 ტონა. მისი სიგრძე 40 მეტრი, სიმაღლე კი 20 მეტრი უნდა ყოფილიყო. ცნობისათვის, აქამდე ყველაზე დიდი ცოცხალი არსების ნარჩენებიც არგენტინაშია აღმოჩენილი. მას არგენტინოზავრი დაარქვეს და მეცნიერთა ვარაუდით, მისი სიგრძე 36.6 მეტრი უნდა ყოფილიყო.
ერთ-ერთი გაქვავებული თეძოს ძვლის სიგრძე იმ პალეონტოლოგზე გრძელია, რომელმაც ის აღმოაჩინა. სულ, ერთ ადგილზე მინიმუმ შვიდი დინოზავრის 200-ზე მეტი ნარჩენია აღმოჩენილი, რომელთა უმეტესობაც გიგანტზე ახალგაზრდა იყო. ნარჩენებს შორის დიდი რაოდენობით კბილია. ნარჩენებს შორის, ბევრის სიგრძე 2.0 მეტრზე მეტია.
პირველი ნარჩენი შემთხვევით 2011 წელს აღმოაჩინა ადგილობრივმა ფერმერმა. პირველად ის ფეხის მასიურ ძვალს გადააწყდა, რომლის სიგრძეც 2.4 მეტრს აღწევს. 2013 წელს მასობრივი გათხრები გათხრები ჩატარდა, რა დროსაც, კუდის, თეძოს და კისრის ძვლები აღმოაჩინეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მეცნიერებს გიგანტური ცხოველის აღნაგობასა და ზომებზე ზოგადი წარმოდგენა შექმნოდათ.
არგენტინლი მკვლევარი, პროფესორი ხოსე ლუის კარბალიდო ამბობს, რომ ადრე ზავროპოდების მხოლოდ ცალკეული ნაწილები იყო აღმოჩენილი, რომლებიც დინოზავრზე წარმოდგენის შექმნის საშუალებას არ იძლეოდა. 36 წლის პალეონტოლოგმა ჩუბუტში აღმოჩენილ ნარჩენებს „ექსტრაორდინარული“ უწოდა. ამასთან, ის ვარაუდობს, რომ ჯერ მხოლოდ იმის 20 პროცენტია აღმოჩენილი, რასაც გრუნტი ფარავს.
მკვლევარებმა ასევე მიაგნეს გიგანტური ცხოველის კუნთების ძვლებთან მაკავშირებელ ხრტილოვან მასას, რომლებიც მათ იმის საშუალებას მისცემს, რომ მისი კუნთების ფორმები აღადგინონ და დაიანგარიშონ, რა ენერგია იყო საჭირო იმისათვის, რომ ცხოველისთვის გადაადგილების უნარი მიენიჭებინა. რაც შეეხება აღმოჩენილ კბილებს, ისინი ტირანოტიტანს ეკუთვნოდა, ხორცისმჭამელ მტაცებელს, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველი იყო.
სხვათა შორის, ძვლებს შორის ფოთლების და მცენარეული ბოჭკოების ნარჩენებია აღმოჩენილი, რაც მეცნიერებს იმ დროის ეკოსისტემის შესწავლის საშუალებას მისცემს. კარბალიდო ამბობს, რომ ეს ყველაფერი, მეცნიერებს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენების პირველ ანგარიშს მომავალ წელს გამოაქვეყნებენ.
კარბალიდო ამბობს, რომ კვლევა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ რიგში, ნაწილების შეჯერება და დახასიათების აღწერა შედგება. მეორე ეტაპზე, რასაც წლები დასჭირდება, ცხოველთა ბიოლოგიური შესწავლა განხორციელდება. ასევე გამოიკვლევენ მათი ზრდის და განვითარების თავისებურებებს.

No comments:

Post a Comment