Sunday, May 11, 2014

ეგვიპტელები პირამიდის ბლოკებს სველ ქვიშაზე მიათრევდნენ

Ancient Egyptians likely used damp sand to help move pyramid-building blocks
11 მაისი
თავიანთი გრანდიოზულობის გარდა, ეგვიპტური პირამიდები იმითაცაა საინტერესო, რომ ბევრ საიდუმლოებას მალავენ. მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული, რომელზეც მეცნიერებს ზუსტი და ერთგვაროვანი ახსნა არ აქვთ, ის ტექნოლოგიაა, რომლის დახმარებითაც, გიგანტური, მრავალტონიანი ბლოკების და ქანდაკებების ტრანსპორტირება ხდებოდა. ყველაზე თამამ ვერსიებს ფანტასტიკის სფეროშიც კი გადავყავართ...
მაგრამ ახლახანს, მეცნიერებმა ერთ-ერთი პროვინციის ნომარქის (არა მონარქის), ჯეჰუტიჰოტეპის (ვინც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-19 საუკუნეში, მე-12 დინასტიის დროს ცხოვრობდა) საფლავში აღმოჩენილი სურათი შეისწავლეს, რომელიც უზარმაზარი ბლოკების და ქანდაკებების გადატანის პროცესს ასახავს. მათზე აშკარად ჩანს, რომ მძიმე საგნები მარხილის მსგავსი ძელებით გადაჰქონდათ, მათ წინ კი გზას პერიოდულად ასველებდნენ, რათა ქვიშა დამჯდარიყო და მარხილის გადაადგილებისთვის ხელი არ შეეშალა.
ეს სურათი მეცნიერებმა ადრეც იცოდნენ, მაგრამ განმარტებული არ იყო, თუ რას იძლეოდა ქვიშის დასველება. პროცესის ასახსნელად, ამსტერდამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მატერიის ფუნდამენტური კვლევების ფონდის მკვლევარების გუნდმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომლებმაც პროცესის არსი ახსნა. მათ ეგვიპტური მარხილის მინიატურული მაკეტები დაამზადეს, რომლებითაც ქვიშაზე მძიმე ტვირთის გადატანის იმიტაცია გაითამაშეს. ამასთან, ერთ შემთხვევაში ამას მშრალ ქვიშაზე აკეთებდნენ, შემდეგ კი დასველებულზე.
მარხილის ძელებს ცხვირები აწეული აქვს, მაგრამ სიმძიმის გამო, მშრალი ქვიშა მათ ქვეშ იტკეპნება და წინ ამოდის, რაც მარხილის გადაადგილებას ართულებს. ამ დროს, მარხილზე ჭურჭლით მდგარი მუშა, ქვიშას ასველებდა, რის გამოც, ქვიშა საკუთარი სიმძიმით მჭიდროვდებოდა და დაბლა იწევდა. ამასთან, იზრდებოდა მისი სიმკვრივე, რაც შემდგომი გადაადგილებისას, მარხილის წვერთან ქვიშის მასის ამოსვლას ხელს უშლიდა. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, ქვიშის დასველების წყალობით, ორჯერ ნაკლები გამწევი ძალა იყო საჭირო.
მაგრამ ქვიშის დასველებას განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება სჭირდებოდა, რადგან დიდი რაოდენობით წყლის გამოყენების შემთხვევაში, ქვიშა სიმკვრივეს კარგავდა, რაც მარხილის გადაადგილებას მეტისმეტად ართულებდა. მსგავსი მოვლენა თავს იჩენს, როცა ქვიშისგან ფიგურებია გასაკეთებელი. ოდნავ დასველების შემთხვევაში, ქვიშა მკვრივდება და მისგან სკულპტურის შექმნის საშუალებას იძლევა, მაგრამ ზედმეტად დასველება ქანდაკებას ჩამოანგრევს.

No comments:

Post a Comment