Wednesday, June 11, 2014

„სიტაუერის“ საზღვაო ქარის ტურბინების ახალი ტექნოლოგია

Seatower's game-changing wind turbine foundations could reduce the cost of offshore wind farming
11 ივნისი
საზღვაო ბაზირების ქარის ტურბინას, სახმელეთოსთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ ის პრაქტიკულად მუდმივი ქარის არეალში მუშაობს და შესაბამისად, მეტ ენერგიასაც იძლევა. ამასთან, პეიზაჟსაც არ აფუჭებს, მისი ხმაური არავის აწუხებს და გარემოს დაცვის ორგანიზაციებისთვისაც უფრო მისაღებია. მაგრამ სამაგიეროდ, მისი მონტაჟი და ექსპლუატაციაც გაცილებით ძვირი ჯდება. მაგრამ ნორვეგიულმა კომპანია „სიტაუერმა“ შეიმუშავა საზღვაო ბაზირების ქარის ტურბინის პლატფორმის კონსტრუქცია, რომელიც გაცილებით გააადვილებს და გააიაფებს ოფშორულ ზონაში ტურბინის ინსტალაციას და მომსახურებას. შესაბამისად, ასეთი ტურბინები გაცილებით ადრე შეძლებენ თვითღირებულების დაფარვას და მოგების მოტანას.
საერთოდ მიჩნეულია, რომ ქარის ტურბინები ელექტრო ენერგიის მოპოვების ყველაზე იაფი, გარემოსადმი მეგობრული და ყველაზე საიმედო საშუალებაა. თანამედროვე გიგანტურ ტურბინებს, ელექტრო ენერგიით ათასზე მეტი სახლის უზრუნველყოფა შეუძლია. რიგ განვითარებულ ქვეყანაში, ასეთი ტურბინები ელექტრული ენერგიის მიღების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იქცა. სახმელეთო და საზღვაო ტურბინებს შორის კი უკეთესი მახასიათებლებით მეორე გამოირჩევა. მაგრამ მისი უსაშველო სიძვირე საქმეს აფუჭებს.
ოფშორული ტურბინის მონტაჟისას ყველაზე ძვირი და რთული მხარე, საყრდენი სტრუქტურის ზღვის ფსკერზე განლაგებაა. ასეთი სტრუქტურები 650 ტონამდე იწონის, რაც მათს დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას წარმოუდგენლად ართულებს. მათი მონტაჟისთვის საჭიროა უზარმაზარი და ძვირადღირებული გემები, რომლებიც სპეციალური ამწე მოწყობილობითაა აღჭურვილი. მონტაჟისას ასეთი გემები წყალში სპეციალურ კიდურებს უშვებს, რომლებსაც ეყრდნობა და რომელთა დახმარებითაც, მაღლა იწევს, რათა ტალღებს მოშორდეს და რხევების გარეშე მუშაობა შეძლოს. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი გიგანტური ამწე მექანიზმის ამუშავება. ყველაფერთან ერთად, ასეთი სამუშაოს შესრულებისთვის, ძალიან წყნარი ამინდიც საჭიროა.
„სიტაუერის“ ტექნოლოგია ტურბინის ზღვის სანაპირო ზონაში დაყენების  გაცილებით იაფ და მარტივ საშუალებას წარმოადგენს. მარტივად რომ ითქვას, პირველ ეტაპზე ხდება საყრდენი სტრუქტურების მასობრივად წარმოება და აწყობა. ეს სამუშაო ხმელეთზე, სპეციალურ ქარხანაში ხდება. შემდეგ ეტაპზე ამ სტრუქტურებს წყალში ჩაუშვებენ, სადაც კონსტრუქციის თავისებურების (საყრდენი შიგნიდან ცარიელია) წყალობით, ზედაპირზე ტივტივებს. ამგვარად, დანიშნულების ადგილამდე მის მიტანას პატარა გემიც შეძლებს. წყლის ფსკერზე, ზუსტად დანიშნულ წერტილში განლაგებისთვის, საქმეში კიდევ ორი პატარა გემი ერთვება, რომლებიც ამას გვარლების დახმარებით აკეთებენ.
დანიშნულების ადგილზე მიტანის შემდეგ, საყრდენში წყალს უშვებენ, რაც მას ამძიმებს და ფსკერზე დაშვების საშუალებას აძლევს. საყრდენს ძირზე აქვს მოკლე „ფეხები“, რომელთა დახმარებითაც, ფსკერის გრუნტში ერჭობა. ფსკერსა და საყრდენის სტრუქტურას შორის რჩება ღრიჭო, სადაც ბეტონს ასხამენ. ამგვარად, მყარდება სრული კონტაქტი საყრდენ სტრუქტურასა და ფსკერს შორის, რაც მის სტაბილურობას უზრუნველყოფს. შემდგომში, საყრდენის შიგნით ქვიშას მანამ ყრიან, სანამ სტრუქტურის მთლიანი წონა 6 000-7 000 ტონას მიაღწევს. ამის შემდეგ, საყრდენი მზადაა იმისათვის, რომ მასზე ქარის ტურბინის სვეტი დაამაგრონ. მართალია, ტურბინის დაყენებას დიდი სიზუსტე ესაჭიროება, მაგრამ შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ამწეთი ეს იოლად შესრულდება.
მთელ ამ პროცესს გამოცდილი მყვინთავების წყალქვეშ მუშაობა არ ესაჭიროება. გარემოც მინიმალურად ზიანდება - ფსკერზე არსებულ ნიჟარებს თუ არ ჩავთვლით, ეკოსისტემა პრაქტიკულად არ ზიანდება. არც ხიმინჯების ჩარჭობაა საჭირო, არც წყალქვეშა სპეციალური მოწყობილობა, და სხვა სპეციფიკური საშუალებები. იმ შემთხვევაში, თუ ტურბინის დემონტაჟი გახდება საჭირო, წყალზედა ნაწილს იმავე მიმდევრობით მოხსნიან, როგორითაც დააყენეს. დარჩება მხოლოდ საყრდნი, რომელზეც გამოსაცნობ ნიშნებს დააყენებენ, რათა გემებისთვის შესამჩნევი იყოს.
„სიტაუერის“ ნილს ბრიქსი ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ შემუშავებული ტურბინის საყრდენი უნივერსალურია და ის ნებისმიერი ტიპის ფსკერზე დგება. სამუშაო სიღრმე 35-80 მეტრია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ის შეიძლება უფრო ნაკლებიც კი იყოს. ასეთი სტრუქტურის უპირატესობა ისაა, რომ კლდოვან ფსკერზე ადვილად დგება და ხიმინჯების ჩარჭობას არ საჭიროებს. მისი თქმით, ტექნოლოგიის პირველი სადემონსტრაციო მონტაჟი მომავალ წელს, საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროსთან იგეგმება.
„ჩვენი კონცეპციის დანერგვის და ფართომასშტაბიანი წარმოების დაწყების შემთხვევაში, ოფშორულ ზონებში ქარის ტურბინების ფერმების მშენებლობა გაცილებით გამარტივდება და გაიაფდება. ჩვენი საყრდენი-საძირკველი მარტივი კონსტრუქციით გამოირჩევა, არის მსუბუქი და იაფი. მისი დამონტაჟება მცირე დროსაც მოითხოვს, სპეციალური ძვირადღირებული აღჭურვილობის გამოყენებას არ საჭიროებს და იაფიც ჯდება“, - ამბობს ბრიქსი.

ის დასძენს, რომ თანამედროვე ოფშორული ქარის ტურბინები ძალიან ძვირი ჯდება და შესაბამისად, ძვირ ელექტრო ენერგიასაც იძლევა. ამიტომ, ასეთ სადგურებს მხოლოდ ძლიერ განვითარებული ქვეყნები იყენებენ. თუმცა, „სიტაუერის“ ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შემთხვევაში, ასეთი სადგურები და მათში გამომუშავებული ენერგია გაიაფდება, რაც მათ მთელი მსოფლიოსთვის უფრო მიმზიდველს გახდის. ბრიქსის თქმით, სიახლით უკვე დაინტერესდნენ სკანდინავიის, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ბრიტანეთი, აშშ და აზიის ქვეყნები.

No comments:

Post a Comment