Monday, May 5, 2014

გველის მსგავსი რობოტი თვითმფრინავის ფრთებს დაამზადებს

Snake-like robot to help automate aircraft wing construction
5 მაისი
თვითმფრინავების წარმოება ყოველთვის იყო ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში, განსაკუთრებით კი ეს თანამედროვე სამხედრო და სამგზავრო აპარატებს ეხება. მაგრამ არსებობს სფეროები, რომლებშიც პირველი თვითმფრინავის შექმნის შემდეგ, პრინციპულად ბევრი არაფერი შეცვლილა. საუბარია აწყობის პროცესზე, რომელიც პრაქტიკულად იგივეა, რაც მე-18 საუკუნის გემთმშენებლობაში დამკვიდრებული პროცესი - ის მეტწილად ხელის მუშაობას მოითხოვს და რაც მთავარია, ძალიან განათლებული და გამოცდილი მუშა ხელი ესაჭიროება.

ამ არქაული პროცესის დახვეწაზე მუშაობს ხემნიცის (გერმანია) ჩარხების და ფორმირების ტექნოლოგიების ფრაუნჰოფერის ინსტიტუტი, რომლის მიზანსაც, 21-ე საუკუნის ავიამრეწველობაში რობოტების დამკვიდრება წარმოადგენს. ამისათვის, ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს გველის მსგავსად მოქნილი რობოტი, რომელსაც თვითმფრინვის ფრთის აწყობა შეუძლია. მას შეუძია ის, რაც ადამიანს ძალიან უჭირს - აღწევს ძნელად მისაწვდომ ადგილებში, სადაც ბურღვა, შედუღება, დამოქლონება, სამაგრების მოწყობა, წებოს გამოყენება და ბევრი სხვა რამის გაკეთებაა საჭირო.
ევროპული ავიამწარმოებელი „ეარბასი“ ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის სამგზავრო ლაინერებზე მოთხოვნილება გასამმაგდება. ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ თვითმფრინავების წარმოების თანამედროვე მეთოდებით, ასეთი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ძალიან ძნელი იქნება. გამოსავალი შეიძლება გახდეს ავტომატური აწყობის პროცესი, რაც ფრთების კონსტრუქციის თავისებურების გამო, ძალიან ძნელია. ამის მიზეზი, თანამედროვე რობოტების მოუქნელობაა და მათ არ შეუძლიათ ფრთის სტრუქტურის ყველა შიდა ნაწილის მიღწევა, რადგან რიგ შემთხვევებში, ფრთის სიგანე 5 მეტრსაც კი აღწევს.
არადა, თანამედროვე ფრთები მეტალის უბრალო სტრუქტურები არაა, რომელთა დანიშნულებაც, მხოლოდ თვითმფრინვისთვის სიმაღლის აღებაში დახმარებაა. ისინი კომპლექსური სტრუქტურებია, რომლებიც ძირითადი დანიშნულების გარდა, საწვავის ავზებსაც იტევენ, რომლებშიც კაბელების უამრავი ძარღვი გადის, რომლებიც ძრავების ერთმანეთთან და მართვის სისტემებთან კავშირს უზრუნველყოფს. და რა თქმა უნდა, მათში თვითონ თვითმფრინავის მართვისთვის საჭირო ელერონები და წინაფრთები, სტრუქტურული ტიხრები, საყრდენები, ლონჟერონები და სტრინგერებია განლაგებული.
ამ ყველაფრის ფრთაში მოსათავსებლად და დასამაგრებლად, ამწყობ მუშებს ძალიან შეზღუდულ სივრცეში უწევთ ურთულესი სამუშაოს შესრულება, რაც ბევრ დროს და კარგ ცოდნა-გამოცდილებას საჭიროებს.  ყველაფერს ისიც ართულებს, რომ ამ სამუშაოს თან ახლავს გამხსნელის ხშირი გამოყენება, რაც ტოქსიკურია. უფრო რთულია სიტუაცია სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, რადგან ბევრი რამ, აწყობილი ფრთის პირობებში უნდა გაკეთდეს, ხან კი ფრთის სტრუქტურის გარკვეული ნაწილი დასაშლელიც კი შეიძლება გახდეს. ამ ყველაფერს სამუშაოს დეტალური აღწერაც სჭირდება. ხშირ შემთხვევაში, დამქირავებელ კომპანიას, ბევრ პოზიციაზე (მაგალითად, ფრთების და კილების ამწყობი), მომცრო ტანის ადამიანების დასაქმებაც კი უწევს.
ფრაუნჰოფერელებმა მსუბუქი (დაახლოებით 60 კილოგრამი) შეიმუშავეს პროექტი, რომელიც სპეციფიკური რობოტის შექმნას ითვალისწინებს. აპარატს გრძელი კიდური (მკლავი) აქვს. რობოტი რამდენიმე სექციისგან შედგება, მისი საერთო სიგრძე 2.5 მეტრს აღწევს, წონა კი 15 კილოგრამია. რობოტის კიდურის მუაობა შეიძლება გველის მოძრაობა მოგაგონოთ. მის ბოლოში კამერა, ან სამუშაო „ხელის მტევანი“ მაგრდება. რობოტიზებული კიდურის მთავარი ღირსება, მისი საფეხურების სისტემაა, რომელსაც რვავე სექციაში მოთავსებული ელექტრო ძრავების მიერ გამომუშავებული, ჯამური 500 ნიუტონმეტრი მაბრუნი მომენტის გადაცემა შეუძლიათ. ეს ძრავები, ღვედური გადაცემის მეშვეობით, ყოველი სექციის 90 გრადუსით მობრუნებას უზრუნველყოფენ.
ამ ეტაპზე, რობოტი ტესტირების ფაზაშია, რა დროსაც, მისი მექანიკური ნაწილის სრულყოფა მიმდინარეობს. მისი პირველი ჩვენება მიუნხენში, ავტომატიკის სავაჭრო შოუს დროს იგეგმება, რომელიც 3-6 ივნისს გაიმართება. შოუს დროს მოხდება რობოტის მკლავის შესაძლებლობათა დემონსტრირება. პროექტის შემდგომ ეტაპზე, რობოტს მობილურ პლატფორმაზე დაამაგრებენ, რომელიც მის სიგრძეზე გადაადგილებას უზრუნველყოფს. ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის განცხადებით, სრულფასოვანი რობოტი მზად წლის ბოლოს იქნება.

No comments:

Post a Comment