Tuesday, May 27, 2014

ზებგერით „ერიონ AS2-ს“ ერთი ძრავით მეტი ექნება

Aerion's AS2 supersonic business jet gets extra engine and cabin space
26 მაისი
ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია „ერიონ კორპორეიშნმა“ თავისი ზებგერითი ბიზნეს ჯეტის ფიუზელაჟის და კაბინის გაბარიტები გაზარდა და ლაინერს ერთი, მესამე ძრავი დაუმატა, რისი წყალობითაც, შემცირდება აფრენისას თითოეული ძრავის დატვირთვა და შესაბამისად, ხმაურიც, რაც ამ ტიპის თვითმფრინავებისთვის დიდ მინუსად ითვლება. გარდა ამისა, ორი დიდი ძრავის ნაცვლად, სამი მომცროს გამოყენებით, გაიზრდება თვითმფრინავის ფრენის სიშორე და შემცირდება საწვავის ხარჯი.

ამასთან თვითმფრინვისთვის, რომლის სახელიცაა „ერიონ AS2“, სპეციალური კონფიგურაციის ფრთები შეიმუშავეს, რომელსაც პირობითად „ზებგერითი ბუნებრივი ლამინირებული ნაკადის“ (SNLF) ფრთა უწოდეს. მისი თავისებურება ისაა, რომ ფრთის ზედა და ქვედა ზედაპირები ოდნავ მომრგვალებულია, რაც მათზე ჰაერის გლუვი ნაკადის გავლას იწვევს. ამის წყალობით, ფრთა უფრო ეფექტურია და შესაძლებელი ხდება მისი ფართობის დაახლოებით 20 პროცენტით შემცირება. შესაბამისად, მცირდება აეროდინამიკური წინააღმდეგობა, რაც სიჩქარის გაზრდის და საწვავის ხარჯის შემცირების საშუალებას იძლევა.
„ერიონმა“ თავის მიერ შემუშავებული კონფიგურაციის ფრთის მოდელი NASA-ს აეროდინამიკურ მილში გამოსცადა, რამაც მისი ეფექტურობა დაადასტურა. უფრო მეტიც, ტესტებმა აჩვენა, რომ ასეთი ფრთა, დელტას ფორმის ფრთებთან (როგორებსაც ხშირად იყენებენ ზებგერით თვითმფრინავებზე) შედარებით, 90 პროცენტით ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობას.
საპროექტო გათვლებით, „ერიონ AS2-ის“ მაქსიმალური სიჩქარე 1.6 მახს (დაახლოებით 1900 კმ/სთ) მიაღწევს. ამასთან, ფრენის მაქსიმალური ეფექტურობა, ორ განსხვავებულ კრეისერულ სიჩქარეზე მიიღწევა. ესაა 0.95 მახი (1010 კმ/სთ) და 1.4 მახი (1720 კმ/სთ). ამათგან პირველი იმ ადგილებშია გამოსადეგი, სადაც ზებგერითი ფრენა აკრძალულია. მეორე სიჩქარეზე კი SNLF ფრთა მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობს.
„ერიონ AS2-ის“ ფიუზელაჟის სიგრძე 49 მეტრია, ფრთაშლილობა 21 მეტრი, სიმაღლე 8 მეტრი. ფრთების ფართობი 125²-ს აღწევს. აფრენის მაქსიმალური წონა 52 163 კილოგრამია. ინტერიერის სიმაღლე 1.9 მეტრს აღწევს, სიგანე 2.2 მეტრს, კაბინის სიგრძე 9.1 მეტრია. ფრენის სიშორე 8 800 კილომეტრია, მაქსიმალური სიშორე კი - 9 260 კილომეტრი. ბოლომდე ავსებული ავზების შემთხვევაში, AS2-ის ასაფრენი გარბენი 2 286 მეტრია. მაგრამ თუ ასაფრენი წონა 45 000 კილოგრამამდე შემცირდება, მაშინ ასაფრენი გარბენისთვის 1 500-1 800 მეტრიც საკმარისი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ ამ თვითმფრინავის მიღებას საშუალო ზომის აეროპორტებიც შეძლებენ.
კომპანიის მიერ ჩატარებულმა მარკეტინგულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ტიპის ზებგერით ბიზნეს ლაინერებზე დიდი მოთხოვნილებაა. „ერიონის“ მთავარი აღმასრულებელი დაგ ნიკოლსი ამბობს, რომ გრძელ მანძილზე მფრენი ბიზნეს ჯეტების ოპერატორი კომპანიები ისეთ ლაინერებს ითხოვენ, რომლებიც თანამედროვე შორსმფრენი ბიზნეს ჯეტების დონის კაბინებით აღჭურვება და რომელთა ფრენის სიშორეც 9 000 კილომეტრი და მეტი იქნება. და ეს კომპანიები მზად არიან, ასეთ ზებგერით ლაინერებში 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადონ.
ჯერჯერობით, AS2 შემუშავების პროცესშია. მისი წარმოებისთვის, „ერიონი“ ისეთ აეროკოსმოსურ კომპანიებთან პარტნიორობას გეგმავს, რომლებიც რეაქტიულ ძრავებს და თვითმფრინავის ცალკეულ მსხვილ დეტალებს დაამზადებენ. თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართება, პირველი ზებგერითი AS2, კომერციული ფრენების დაწყებას 2021 წელს შეძლებს.
ცნობისათვის, ანალოგიური კლასის ზებგერით ბეზნეს კლასის თვითმფრინავებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. ცნობილია ორი ასეთი თვითმფრინავის (სპაიკ S-512 და ჰაიპერმახ სონიკსტარი) პროექტი, რომელთა განხორციელების დროც „ერიონ AS2-ისას“ ემთხვევა.

No comments:

Post a Comment