Sunday, May 11, 2014

არიზონაში ენერგეტიკული ცათამბჯენის აგებას აპირებენ

The Not-So-Crazy Plan to Build a Colossal Energy Skyscraper In Arizona
11 მაისი
ცოტა ხნის წინათ, აშშ-ის და მექსიკის საზღვრის მახლობლად, შტატ არიზონაში მდებარე პატარა ამერიკულ ქალაქ სან ლუისის ხელისუფლებამ, კომპანია „სოლარ უინდ ენერჯი ტაუერს“, რომელიც სულ სამი წლის შექმნილია, „ენერგეტიკული კოშკის“ აგების ნებართვა მისცა. მსგავსი ელექტროსადგურის აგების იდეა პირველად 1960-იან წლებში წარმოიქმნა, თუმცა მაშინ მისი აგება, შესაბამისი ტექნოლოგიების არქონის გამო ვერ მოხერხდა.
„ფორბსი“ „ენერგეტიკულ კოშკს“ „ენერგეტიკულ ცათამბჯენად“ მოიხსენიებს. პროექტის მიხედვით, ეს არის 685 მეტრის სიმაღლის ბეტონის სტრუქტურა, რომელიც სადგურის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ცხელი და მშრალი კლიმატის მხარეში უნდა აიგოს. მისი ზედა ნაწილი, მზის სხივებით ხურდება. პერიოდულად იქვე გაიფრქვევა ცივი წყლის შხეფები. სიმხურვალე წყალს აორთქლებს, რის შემდეგაც, წყლით გაჯერებული და დამძიმებული ჰაერი, კოშკის ქვედა ნაწილში არსებული ნაწილისკენ გაიწოვება. იქ ჰაერის სიჩქარე 80 კმ/სთ სიჩქარეს აღწევს. ცილინდრული კოშკის ქვედა ნაწილში, მრავალი გვირაბია მოთავსებული, რომელთა ბოლოშიც, ტურბინები და მათთან დაკავშირბული გენერატორები მდებარეობს. მაღალი სიჩქარით მოძრავი ჰაერის ნაკადი სწორედ ამ მილებში მიემართება და ტურბინებს ატრიალებს, რომლებიც ელექტრულ ენერგიას გამოიმუშავებენ.

კომპანია „სოლარ უინდი“ შტატ მერილენდშია ბაზირებული. სან ლუისი პროექტის მთავარი მოთხოვნის, მშრალი და ცხელი ჰავის გამო შეირჩა. ქალაქი, სადაც მხოლოდ 26 000 ადამიანი ცხოვრობს, პროექტს წყლითაც უზრუნველყოფს. წყალი კი ბევრია საჭირო - ის თანაბრად უნდა გაიფრქვეს კოშკის (რომლის დიამეტრიც 365 მეტრია) მთელ განივ ფართობზე. სადგური უდაბნოში დაახლოებით 600 აკრ (2.47 აკრი=1 ჰექტარს) ფართობს დაიკავებს.
ასეთი სადგურის შექმნის იდეა ინჟინერ ფილიპ კარლსონს მაშინ დაებადა, როცა მტკნარი წყლის ქარხნის პროექტზე მუშაობდა. შემდგომში ის ავიაკოსმოსურ კომპანია „ლოკჰიდის“ თანამშრომელი გახდა. 1981 წელს, გამოცემა „პოპულარ მექანიკსმა“ დაწერა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ენერგეტიკული კოშკის შექმნის იდეა. მაგრამ იმ დროს, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ნაკლებად ფიქრობდნენ, რადგან ენერგეტიკული კრიზისი, შორეული მომავლის პრობლემად მოიაზრებოდა. არადა, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ სადგური იმაზე ათჯერ მეტ ენერგიას გამოიმუშავებდა, ვიდრე კოშკის სახურავზე წყლის ატუმბვას დასჭირდებოდა.
ამის მიუხედავად, თავისი იდეა კარლსონმა 1975 წელს დააპატენტა. მაგრამ კარგა ხანს ის არავის გახსენებია. თუმცა მოგვიანებით, ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ორმა ინჟინერმა, პროფესორმა დენ ზასლავსკიმ და დოქტორმა რემი გეტამ, კარლსონის იდეა გაიხსენეს, შეისწავლეს და მის შესახებ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნეს.
დღესაც კი პროექტის განსახორციელებლად, სამი ძირითადი პრობლემაა გადასაწყვეტი. ჯერ ერთი, თვითონ კოლოსალური გაბარიტების მქონე კოშკის აგება და მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ძალიან ძვირი დაჯდება. მეორეც, მისი სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის დიდ სიმაღლეზე ატანა. საერთო ჯამში, „ბიზნესუიკის“ ინფორმაციით, „ენერჯი ტაუერის“ აგება და მოწყობა, 1.5 მილიარდი დოლარი დაჯდება. სამაგიეროდ, სადგური ასეულობით ადამიანს აასაქმებს და რეგიონს 1 200 მეგავატსაათ ელექტრო ენერგიას მოუტანს.
სანამ მშენებლობისთვის საჭირო უზარმაზარ საინვესტიციო პაკეტს თავს მოუყრის, „სოლარ უინდს“ კიდევ ერთი პრობლემის მოგვარება მოუწევს - საჭიროა ტექნოლოგიის ლიცენზირება. და მაინც, პატარა ქალაქისგან მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემა უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია...

No comments:

Post a Comment