Tuesday, May 6, 2014

რეაქტიული საწვავი წყლისგან და ნახშირორჟანგისგან

"Solar" jet fuel created from water and carbon dioxide
6 მაისი
ჩვენს პლანეტაზე ორგანული საწვავის მარაგი გამოლევადია, მისი ინტენსიური გამოყენების კვალობაზე კი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა იზრდება, რაც ეგრეთ წოდებულ სათბურის ეფექტს იწვევს. ამას კი გარემოსთვის დიდი ზიანი მოაქვს. მაგრამ ევროპელ მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც მზის სხივის გამოყენებით, წყლისა და ნახშირორჟანგისგან საავიაციო საწვავის მიღების საშუალებას იძლევა.

პროექტის სახელწოდებაა SOLAR-JET (ოლარ ქემიკალ რეაქჩა დმონსტრეიშნ ენდ პტიმიზეიშნ ფორ ონგ-თერმ ვეილებილიტი ოფ ინიუეიბლ ჯეტ ფიუელ) და მასში ხუთი ევროპული კომპანია და კვლევითი ცენტრი მონაწილეობს. მათ შორისაა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანია „შელი“. კვლევის პროცესში, ჯგუფმა შეიმუშავა მრავალეტაპიანი პროცესი, რომლის დროსაც, მზის სხივების ენერგიის დახმარებით, წყალი და ნახშირორჟანგი ნავთად გარდაიქმნება.
„გარემოს მდგომარეობის გაუარესებისა და საწვავის ნდლეულის მარაგის შემცირების გამო, საავიაციო სექტორი ალტერნატიულ საწვავის ძიებაშია, რომელსაც თანამედროვე რეაქტიულ საწვავთან ერთად, ან მის ნაცვლად გამოიყენებს. ჩვენს მიერ შემუშავებული „მზის ნავთის“ პირველადი კონცეპცია, წინ გადადგმული ნაბიჯია ისეთი საწვავის ხელოვნურად მიღებისკენ, რომელიც საწვავის შეუზღუდავად მიღების საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს პროექტის კოორდინატორი, დოქტორი ანდრეას ზიცმანი.
მზის სხივების თერმული ზემოქმედებით, სპეციალურ კამერაში ხდება ნახშირორჟანგის და წყლის ატომებში ელექტრონების გადაჯგუფება, რის შედეგადაც მიიღება ნახშირჟანგი და წყალბადი, რომელთა ნარევსაც ხშირად „სინ გაზს“ (სინთეზურ გაზს) უწოდებენ. ამ გაზს სხვადასხვა ნივთიერების მისაღებად იყენებენ, მათ შორის ამონიუმის, მეთანოლის და სინთეზური ბენზინისაც.
შემდგომ ეტაპზე, საწვავის მიღების ერთვება ეგრეთ წოდებული ფიშერ-ტროპშის მეთოდი, რომელიც უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, როგორც კომერციული ავიაციისთვის საწვავის მიღების ტექნოლოგია. ამ მეთოდს მთელს მსოფლიოში ბევრი კომპანია იყენებს, მათ შორის, „შელიც“. სხვათა შორის, ეს პროცესი 1925 წელს შეიმუშავეს და მას მეორე მსოფლიო ომის დროს ინტენსიურად იყენებდა გერმანია. ფიშერ-ტროპშის პროცესისას, სინგაზის წყალბადისა და ნახშირჟანგისგან თხევადი ნავთი მიიღება.
პროექტის შემდგომ ეტაპზე, პარტნიორები შეისწავლიან მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის ინდუსტრიულად გამოყენების შესაძლებლობას და მიზანშეწონილობას. ამ ეტაპზე, ლაბორატორიაში ერთი სინჯარა საწვავის მიღება, მზის შუქის იმიტაციის დახმარებით მოხერხდა. მაგრამ იმისათვის, რომ ანალოგიური მეთოდით დიდი რაოდენობით საწვავის წარმოება შესაძლებელი გახდეს, კიდევ ბევრი კვლევაა და ტესტებია საჭირო. სავარაუდოდ, ეს სამუშაო მომავალ წელს დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის თქმა, არის თუ არა ტექნოლოგია „სოლარ-ჯეტი“ ენერგო ეფექტური და იძლევა თუ არა ფასით კონკურენტული საწვავის წარმოების საშუალებას.

No comments:

Post a Comment