Tuesday, May 27, 2014

„ვინუს ექსპრესი“ ვენერაზე დასაჯდომად ემზადება

Venus Express prepares for plunge into atmosphere
27 მაისი
უკვე რვა წელია, რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კოსმოსური ხომალდი „ვინუს ექსპრესი“ მზის სისტემის მეორე პლანეტის ორბიტაზე მოძრაობს და მას იკვლევს. მაგრამ მოახლოვდა მისიის დასრულების დრო და მეცნიერები აპარატის ვენერას ატმოსფეროს სიღრმეში შეყვანას გეგმავენ. სააგენტოს განცხადებით, „ვინუს ექსპრესის“ სამუშაო ციკლი დასასრულს უახლოვდება, რისი მიზეზიც, საწვავის მარაგის ამოწურვაა. და რადგან, აპარატი ისედაც დაიკარგება, მისი ატმოსფეროში შეყვანა გადაწყდა, სადაც ის ვენერას ზედაპირის უფრო ახლო ხედით ფოტო გადაღებას და ატმოსფეროს გამოკვლევას შეძლებს.
„ვინუს ექსპრესი“ შვიდი ძირითადი საკვლევი ინსტრუმენტითაა აღჭურვილი, რომელთა მეშვეობითაც, ვენერას იონოსფეროს, ატმოსფეროს და ზედაპირს იკვლევს. ხომალდმა სტარტი ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ყაზახეთი) 2005 წლის 9 ნოემბერს აიღო. კოსმოსში ის „სოიუზის“ ტიპის რაკეტამ გაიყვანა. ვენერას ორბიტაზე 2006 წლის 11 აპრილს გავიდა.
ორბიტაზე მოძრაობისას, „ვინუს ექსპრესმა“ პლანეტის ატმოსფეროს უნიკალური ფოტოები გადაიღო, შეისწავლა მისი შემადგენლობა, ვენერას მაგნიტური ველი და მისი ბრუნვის მახასიათებლები. მისი მეშვეობით დადგინდა, რომ მზის სისტემის მეორე პლანეტა შესაძლოა ტექტონიკურად აქტიური იყოს. არადა, მეცნიერები ადრე თვლიდნენ, რომ ის გეოლოგიურად მკვდარი პლანეტაა. ვენერას ატმოსფეროში ხომალდის შეყვანა უახლოეს ორ თვეში იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ასე ღრმად ვენერას ატმოსფეროში ადრე ადამიანის ხელით შექმნილი ობიექტი არასდროს შესულა.
„ვინუს ექსპრესის“ მისიის მენეჯერი პატრიკ მარტინი ამბობს, რომ ადრე ხომალდი ატმოსფეროში მაქსიმუმ 165 კილომეტრის სიმაღლეზე შევიდა. ამჯერად კი 130 კილომეტრის სიმაღლეზე ან უფრო დაბლაც, ჩასვლა იგეგმება. ის იმედოვნებს, რომ ასეთი სიმაღლიდან, პლანეტის შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ამასთან, როგორც მარტინი ამბობს, პლანეტის ატმოსფეროს შესწავლის გარდა, მის სიღრმეში შესვლა იმითაცაა საინტერესო, რომ გამოჩნდება, როგორ შეძლებს ხომალდი და მისი აპარატურა, ასეთ მტრულ და მაღალი ტემპერატურის გარემოში მუშაობას.
გარდა ამისა, მისიის მართვის პერსონალისთვის, ეს აპარატის რთულ პირობებში მართვაში ერთგვარი ვარჯიში იქნება, რაც მათ ვენერასა და სხვა პლანეტებზე და ასტეროიდბზე მისიების დროს შეიძლება გამოადგეთ. ვენერას ატმოსფეროს სიღრმეში შესვლა, ეგრეთ წოდებული საჰაერო დამუხრუჭებით მოხდება, რაც რევერსული სარაკეტო მინი ძრავების გამოყენებას არ ითვალისწინებს.
ESA აცხადებს, რომ საჰაერო დამუხრუჭების ექსპერიმენტი, 18 ივნისსა და 11 ივლისს შორის პერიოდში შესრულდება. ამ პერიოდში, ხომალდის აპარატურა მუშაობას ექსტრემალურ პირობებში გააგრძელებს. სააგენტოში არ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება. მაგრამ თუ ხომალდი გადარჩა, ექსპერიმენტის მეორე ეტაპის დაწყებამდე, სააგენტო მას გამოკვლევას ჩაუტარებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლოს ხომალდი მანამ დაიწვება, სანამ პლანეტის ზედაპირამდე მიაღწევს.

No comments:

Post a Comment