Tuesday, May 13, 2014

200 მილიონი გირვანქა სტერლინგი ანტარქტიკის საკვლევი ხომალდისთვის

British government okays £200 million Antarctic science ship
13 მაისი
ბრიტანეთის მთავრობამ, ბუნებრივი გარემოს კვლევის საბჭოს (NERC) რეკომენდაცია მისცა, შეიმუშაოს და ააგოს ახალი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გემი, რომლის დანიშნულებაც, პოლარულ სარტყლებში კვლევები და ანტარქტიკასა და სამხრეთ ატლანტიკაში, ბრიტანული ექსპედიციების ყოველმხრივი მხარდაჭერა იქნება. გემის აგება და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდება. მის გემბანზე ვერტმფრენის დასაჯდომი პლატფორმა მოეწყობა. გარდა ამისა, გემზე რამდენიმე რობოტი-წყალქვეშა ნავიც მოთავსდება.
ამჟამად, ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის (BAS) სამთავრობო ორგანიზაცია, ორ კვლევით ხომალდს ფლობს, რომლებიც ანტარქტიკაზე მუშაობენ. მათგან ერთის სახელია „RRS ჯეიმს კლარკ როსი“, რომელიც 1990 წელს აიგო, მეორისა კი - „RRS ერნსტ შეკლტონი“, რომელიც წყალში 1995 წელს ჩაუშვეს. NERC-ის განცხადებით, ორივე ხომალდმა თავისი რესურსი სრულად გამოიმუშავა. მათ შემცვლელად კი ესაჭიროება გაცილებით დიდი, კარგად აღჭურვილი ხომალდი, რომელსაც ყინულმჭრელის თვისებაც ექნება.
ანტარქტიკისა და არქტიკის კვლევისთვის განკუთვნილი ახალი გემი ნაწილია მეცნიერული კვლევისა, რომელშიც ბრიტანეთის მთავრობა, ხუთ წელიწადში, 1.1 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტირებას გეგმავს. გემის პროექტი ჯერ შემუშავების პროცესშია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მისი სიგრძე 129.6 მეტრი იქნება, სიგანე 25 მეტრი, დრაფტი 7.5 მეტრი, წყალწყვა 12 790 ტონა, სატვირთო სეგმენტის მოცულობა კი - 4 200 კუბური მეტრი.
კვლევით გემზე 60 მეცნიერი და მათი თანამშრომლები განთავსდებიან, რომელთა განკარგულებაშიც მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიები იქნება. 3 კვანძი სიჩქარით (5.5 კმ/სთ) ცურვისას, გემი 2.0 მეტრის სისქის ყინულის გაჭრას შეძლებს. ამგვარად, ყინულოვან ზღვაში ხომალდის წვდომა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე მის წინამორბედებს აქვს. გარდა ამისა, ის წლის განმავლობაში უფრო ხანგრძლივად შეძლებს მუშაობას. დაბოლოს, მისი სამუშაო დიაპაზონი 80 დღე, ან 24 000 საზღვაო მილი იქნება.
NERC-ი აცხადებს, რომ 2019 წელს, როცა გემი წყალში ჩაეშვება, ის გახდება მთელს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე საკვლევი ხომალდი, რომელზეც მოქნილი, ადაპტირებადი ლაბორატორიების სისტემა იმუშავებს და რომელსაც კონტეინერიზებული ლაბორატორიების ადაპტაციის შესაძლებლობაც ექნება. ამ ლაბორატორიებში მეცნიერები ჰაერიდან, რეგიონის ღრმა წყლიდან და ფსკერიდან აღებულ სინჯებს შეისწავლიან. მას ერთდროულად რამდენიმე ვერტმფრენის მიღების საშუალებაც ექნება. გარდა ამისა, ის ცენტრალური მისადგომის მოვალეობასაც შეასრულებს, რომლიდანაც სტარტს აიღებენ ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე სხვადასხვა ტიპის წყალქვეშა კვლევითი ნავები. რა თქმა უნდა, მათი მართვის პულტებიც ხომალდზე განლაგდება. დაბოლოს, ხომალდი რესურსებით და მოწყობილობებით მოამარაგებს იმ ხუთ ბრიტანულ კვლევით სადგურს, რომლებიც ანტარქტიკაზე მუშაობენ.
„პოლარული ოკეანეების შესწავლა იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი გლობალური გარემო და მისი პრობლემები უკეთ აღვიქვათ. ბოლო ას წელიწადში, ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩვენი პლანეტის შესახებ ბევრი აღმოჩენა გააკეთეს. მაგალითად, ჩვენ შევიტყვეთ, რომ სამხრეთი ოკეანე არის უზარმაზარი ბუნებრივი ნიჟარა, რომელიც ნახშიორჟანგს შთანთქავს და ჩვენს კლიმატს არეგულირებს. ჩვენმა კვლევებმა შესაძლებელი გახადა, აგვეხსნა საზღვაო კვების ჯაჭვი, რამაც კომერციული თევზჭერის მდგრადი მართვის საშუალება მოგვცა. ღრმა ოკეანის კვლევებმა ზღვის ბიომრავალფეროვნების შემეცნების საშუალება მოგვცა“, - ამბობს BAS-ის პოლარული ოკეანის მეცნიერების ლიდერი, პროფესორი მაიკ მერედიტი.

No comments:

Post a Comment