Wednesday, April 30, 2014

მინიატურული SciO ყველაფერს აანალიზებს

SCiO is made to analyze ... everything
30 აპრილი
ებრაულმა კომპანია „კონსამერ ფიზიკსმა“ შეიმუშავა მინიატურული მოწყობილობა, რომელსაც საკვები პროდუქტების, მცენარეების და სამედიცინო პრეპარატების შემოწმება-ანალიზი შეუძლია. მისი დახმარებით შეძლებთ გაიგოთ, ესაჭიროება თუ არა მცენარეს მორწყვა, რამდენად სასარგებლო და ვარგისია საკვები, ან ვადა ხომ არ გასვლია წამალს.მოწყობილობას SciO დაარქვეს. ჩამოთვლილის გარდა, მას უამრავი სხვა დანიშნულების შესრულებაც შეუძლია. ანალიზის პასუხებს კი, ბლიუთუთ 4.0-ის კავშირით, ორ წამში მოგართმევთ სმარტფონის ეკრანზე.

SciO მინიატურული სპექტროსკოპია. ისევე როგორც მასზე გაცილებით დიდი, ლაბორატორიული სპექტროსკოპები, ამ მოწყობილობის სამუშაო „იარაღიც“ ინფრაწითელის მახლობელი სხივებია, რომლებითაც გამოსაკვლევ ობიექტს ასხივებს და მისი მოლეკულების ვიბრაციას იწვევს. მათგან არეკლილი სხივების სპექტრული ანალიზი, გამოსაკვლევი ობიექტის მდგომარეობის და ქიმიური შემადგენლობის სრულყოფილ სურათს იძლევა.
მუშაობის პროცესში, მოწყობილობას მუდმივი კავშირი აქვს ანდროიდთან, რომელიც შესაბამისი ალგორითმული აღქმის დახმარებით, რეალურ დროში იძლევა ანალიზის პასუხებს, რომლებიც ტელეფონის ეკრანზე გამოისახება. მთელ პროცესს, შესასწავლი ობიექტის დასხივებიდან ანალიზამდე და პასუხის ეკრანზე გამოტანამდე, ერთი-ორი წამი ჰყოფნის. ტესტებმა SciO-ს მუშაობის მაღალი სიზუსტე გამოავლინა.
საკვების კვლევისას, მოწყობილობა იძლევა ინფორმაციას მასში კალორიების, ცხიმების, ნახშირწყლების და პროტეინების შემცველობის შესახებ. გარდა ამისა, ხდება პროდუქტის ხარისხის, სიმწიფის და გაფუჭების ანალიზი. SciO-ით შესაძლებელია სალათების, ყველის, ხილის, ბოსტნეულის, საწებლების, ზეთის და უამრავი სხვა საკვების შემოწმება. მოწყობილობას მაღალი სიზუსტით შეუძლია წამლის იდენტიფიკაცია და მისი ხარისხის შემოწმება. და ამავე დანადგარით იოლად შეიძლება მცენარეში ტენიანობის დონის განსაზღვრა, რაც იმის დადგენაში დაგეხმარებათ, საჭიროა თუ არა მისი მორწყვა.
ებრაული კომპანია აცხადებს, რომ უკვე მიმდინარეობს მოწყობილობის განვითარების პროცესი, რისი წყალობითაც, მას სხვა ტიპის ობიექტების გამოსაკვლევადაც გამოიყენებენ. მაგალითად, შესაძლებელი გახდება პარფიუმერიის, ტანსაცმლის, ფლორის, გრუნტის, საიუველირო ნაწარმის, ძვირფასი ქვების, ტყავის, რეზინის, პლასტმასების, საზეთი მასალების და ადამიანის ქსოვილის და ტანის მიერ გამოყოფილი თხევადი მასის გამოკვლევაც კი. SciO-ს ენერგიით მასში ინტეგრირებული ელემენტი კვებავს. ერთი დამუხტვა, ამ ელემენტს ერთ კვირას ამუშავებს. ის თავსებადია „აიფონ 4S-თან“ და მესამე თაობის და უფრო ახალ „აიპადთან“.
„კონსამერ ფიზიკსი“ ამ ეტაპზე პარტნიორს ეძებს, რომელიც SciO-ს კომერციული წარმოების დაწყებაში დაეხმარება. სერიული წარმოების დაწყების შემთხვევაში, მინიატურული სპექტრომეტრი 179 დოლარი ეღირება.

No comments:

Post a Comment