Tuesday, April 15, 2014

ზღვის წყლისგან გამოხდილი საწვავი თვითმფრინავისთვის


Navy powers model plane using fuel made from sea water
15 აპრილი
წარმოიდგინეთ, რომ ავიამზიდზე თვითმფრინავებისთვის საწვავი გამოილია. ამის გამო, უზარმაზარ გემს უახლოეს პორტში შესვლა და საწვავის შევსება მოუწევს. კარგი იქნება, ზღვის წყლისგან საწვავის მიღება რომ შეიძლებოდეს. ჯერ ერთი, საჭირო აღარ იქნება საწვავის შევსება. მეორეც, გემი საწვავის უზარმაზარი ავზებისგან გათავისუფლდება, რისი წყალობითაც, შესაძლებელი იქნება მაგალითად, ჭურვების რაოდენობის გაზრდა.
დღეს ასეთი რამ წარმოუდგენლად მოჩანს. მაგრამ აშშ-ის საზღვაო ძალების კვლევით ლაბორატორიაში (NRL) ტარდება ექსპერიმენტები, რომელთა დროსაც, ლაბორატორიულ დონეზე, შესაძლებელი გახდა ზღვის წყლისგან საავიაციო საწვავის მიღება. და ამ საწვავით, რადიოთი კონტროლირებადმა მასშტაბურმა ტურბოხრახნული ძრავით აღჭურვილმა მოდელმა, ფრენაც შეასრულა!
საწვავის მისაღებად, ლაბორატორიაში NRL-ის „გაზიდან-სითხე“ ტექნოლოგია გამოიყენეს. ამ ტექნოლოგიის შესაბამისად, ზღვის წყალი გაატარეს ეგრეთ წოდებულ კარბონის დამჭერ სისტემაში (ელექტროლიტურ კათიონურ გამცვლელ მოდულში), რომელმაც წყლისგან ნახშირორჟანგი გამოაცალკევა. ამ პროცესში, თანმდევ პროდუქტად გამოიყო წყალბადი. მეტალის კატალიზატორის გამოყენებით, სხვა აქტორში, CO2-ის და წყალბადის გაზებისგან, თხევადი ნახშირწყალბადოვანი საწვავი მიიღეს.
ამგვარად წარმოებული საწვავის ვარგისიანობის დასამტკიცებლად, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი „P-51 მუსტანგის“ მასშტაბური მოდელი გამოიყენეს, რომელიც ორტაქტიანი ძრავითაა აღჭურვილი. ისე, რომ ძრავს მოდიფიკაციაც არ ჩაუტარეს, თვითმფრინვის ავზები ლაბორატორიული საწვავით შეავსეს. სატესტო ფრენა საზოგადოების თანდასწრებით შესრულდა.
რა თქმა უნდა, ეს ჯერაც არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგია ახლავე მზადაა მასობრივ წარმოებაში დასანერგად. ამ ეტაპზე, მკვლევარების მთავარი მიზანი ისაა, რომ დანადგარით დიდი რაოდენობით საწვავის მიღება გახდეს შესაძლებელი. ამასთან, ლაბორატორია აცხადებს, რომ მის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია მებაღეობაში და აკვაკულტურაშიც შეიძლება გამოიყენონ.

No comments:

Post a Comment