Wednesday, April 30, 2014

უპილოტო თვითმფრინავმა პირველი ჯგუფური ფრენა შეასრულა

Dassault achieves world's first formation flight of combat drone and manned aircraft
30 აპრილი
ფრანგულმა ავიაკოსმოსურმა კომპანია „დასო ავიასიონმა“ გამოაცხადა, რომ თავის უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავ nEUROn-ით, ავიაგამანადგურებელ „რაფალთან“ და ბიზნეს ჯეტ „ფალკონ X-თან“ ერთად, წარმატებით შეასრულა ეგრეთ წოდებული ფორმაციის ფრენა. თვითმფრინვებმა ერთობლივი ფრენა საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ შეასრულეს. მათ ჰაერში თითქმის ორი საათი გაატარეს. როგორც „დასო“ აცხადებს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავმა, სხვა თვითმფრინავებთან ერთად, წყობაში იფრინა.

უპილოტო თვითმფრინავები ბოლო ოცი წელია, ინტენსიურად მკვიდრდება სამხედრო ავიაციაში, თუმცა მათ ჯერაც ბევრი ისეთი ნაკლი აქვთ, რომელთა გამოც, პილოტიან თვითმფრინავებს კონკურენციას ვერ უწევენ. მაგალითად, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მოწინავე ელექტრონიკითაა აღჭურვილი, უპილოტოს მაინც არ შეუძლია მისი ფრთის გვერდით მფრინავი ობიექტის დანახვა და არც პერიფერიული მხედველობის უნარი გააჩნია.
ყოველივეს გამო, უპილოტოებს მათს ირგვლივ არსებული ვითარების კონტროლის უნარი ცუდად აქვთ განვითარებული. სხვა სიტყვებით, ისინი „ვერ ხედავენ“ სხვა თვითმფრინავებს. ამის გამო, მათი უსაფრთხოებაც უფრო დაბალ დონეზეა და აქედან გამომდინარე, ჯგუფური ფრენის უნარიც არ შესწევთ. არადა, სამხედრო ოპერაციებისას ეს აუცილებელია.
ფორმაციის ფრენისას, nEUROn-თან, „რაფალთან“ და „ფალკონ X-თან“ ერთად, კიდევ ორმა გამყოლმა თვითმფრინავმა იფრინა, რომლებიც ექსპერიმენტს ვიდეოკამერით იღებდნენ. ორივე გამყოლი ჯგუფს წინასწარ დაგეგმილი დაშორებით მიჰყვებოდა და იმავდროულად, ისინი ერთმანეთთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებდნენ. ინჟინრებს არამხოლოდ უპილოტო თვითმფრინავის ჯგუფში უსაფრთხო ფრენა უნდა უზრუნველეყოთ, არამედ ისიც გაეთვალისწინებინათ, რომ ტურბულენტურ ზონებში უსაფრთხოება არ გაუარესებულიყო. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ელექტრომაგნიტური ტალღების ინტერფერენცია იყო, რომელსაც უპილოტოსა და მისი მართვის ცენტრს შორის კავშირის შეფერხება შეეძლო.
„დასო ავიასიონის“ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავმა nEUROn-მა პირველი ფრენა 2012 წელს შეასრულა. ეს იყო ტექნოლოგიური სადემონსტრაციო ფრენა, რომლის დანიშნულებაც, თანამედროვე ავიონიკის სისტემების გამოცდა იყო. ამ სისტემების დანიშნულება, დიდ სიმაღლეზე მართვის და კონტროლის ახალი მეთოდების შემუშავება, უხილავი ფრენის თვისებათა შესწავლა და ჰაერი-ხმელეთი ტიპის ჭურვების გაშვების უნარის შემოწმება იყო.
„დასო ავიასიონის“ გარდა, უპილოტო nEUROn-ის შემუშავებაში მონაწილეობა ასევე იტალიურმა „ალენია აერმაკიმ“, შვედურმა „სააბმა“, ესპანურმა EADS-CASA-მ, ბერძნულმა „ჰელენიკ აეროსპეის ინდასტრიმ“, ფრანგულმა „თალესმა“ და შვეიცარიულმა RUAG-მა მიიღეს. შემუშავების პროცესში, უპილოტო თვითმფრინავმა რამდენიმე ათეული სატესტო ფრენა შეასრულა.
nEUROn-ის სიგრძე 9.2 მეტრია, ფრთაშლილობა 12.5 მეტრი. ეს არის პირველი დიდი ზომის უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავი სტელსის თვისებებით, რომელიც ევროპაში შეიმუშავეს. ის აღჭურვილია „როლს-როისის“ წარმოების ძღავით „ტურბომეკა ადურით“. ცარიელი უპილოტოს წონა 5.0 ტონაა, მაქსიმალური წონა კი - 7.0 ტონა.

No comments:

Post a Comment