Wednesday, April 2, 2014

სჯობს დროულად...

ევროპის ცენტრალური ბანკის შეკრებამდე და მარიო დრაგის პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათი დარჩა. ხვალ ზუსტად 16:30-ზე, დრაგი თავის პრესკონფერენციას დაიწყებს. ჯერ კიდევ გუშინ ისე ჩანდა, რომ ევრობანკს აუცილებლად მოუწევდა ევროზონის ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონისძიებების გატარება. ამის მთავარი მიზეზი, ინფლაციის დონის 0.5%-მდე ჩამოსვლა და აქედან გამომდინარე, დეფლაციის რეალური საფრთხეა.
მაგრამ გუშინვე, უმუშევრობის კოეფიციენტმა 12.0-დან 11.9%-მდე დაიკლო. ერთი შეხედვით, ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ინფლაციის ძალიან დაბალი დონის ფაქტორი ნაწილობრივ მაინც გააბათილოს. მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ იმავე ევროზონის ქვეყნებში, უმუშევრობის მაჩვენებელი ყველგან არ უმჯობესდება. პირიქით, იტალიაში უმუშევრობამ 13%-ს მიაღწია, რაც ახალი ანტირეკორდია.

დღეს გამოქვეყნდა ევროზონის მშპ-ის მაჩვენებელი, რომელმაც აჩვენა, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში, ეკონომიკა არა 0.3%-ით, არამედ 0.2%-ით გაზრდილა. სხვაობა ძალიან მცირეა, მაგრამ საკმარისი იმისათვის, რომ არასასურველი ტენდენცია ასახოს. ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად ახსენებენ ეკონომიკის სტაგნციას, რისი გათვალისწინბაც ეცბ-ს აუცილებლად მართებს.
სხვათა შორის, ეცბ-ს არც აქვს უმუშევრობასთან პირდაპირი ბრძოლის მანდატი. მაგრამ თუ ბანკი ლიკვიდურობის გასაზრდელად აქტიურ ქმედებებს განახორციელებს, რისთვისაც რამდენიმე მეთოდი გააჩნია, ამით ირიბად სამუშაო ბაზარზეც მოახდენს ზემოქმედებას. თუმცა, ქვეყნებს შორის გათანბრება მაინც შეუძებელი იქნება. მაგალითად, იმ დროს, როცა იტალიაში უმუშევრობა რეკორდულად უარყოფით მაჩვენებელზეა, გერმანიაში პირიქით, მხოლოდ 6.7%-ია, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია.
კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანი ისაა, რომ ეცემა მწარმოებელთა ფასების ინდექსი. მისი მაჩვენებელი 0.2%-ით არის შემცირებული, რაც ზედიზედ მეორე თვის განმავლობაში მოხდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საცალო ვაჭრობაში მოთხოვნა მცირდება. ამის მთავარი მიზეზი კი ისევდაისევ, უმუშევრობის მაღალი დონეა. თუ ეცბ ხვალ კვლავაც ვერ გადაწყვეტს რადიკალურ ქმედებაზე გადასვლას, საცალო ვაჭრობაში საქმე კიდევ უფრო გართულდება. ეს კი ერთგვარ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. და მერე, პრობლემის მოგვარება გაცილებით რთული და მტკივნეული გახდება...

No comments:

Post a Comment