Wednesday, April 2, 2014

პაციენტს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თავის ქალა გადაუნერგეს


3D-printed skull implanted into woman's head
2 აპრილი
უტრეხტის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა ოპერაცია, რომლის დროსაც, 22 წლის პაციენტს, თავის ქალის ზედა ნაწილი, სამგანზომილებიან პრინტერზე ამობეჭდილი ინდივიდუალური იმპლანტით შეუცვალეს. ახალგაზრდა ქალს ჰქონდა დაავადება, რომელმაც მისი თავის ქალის გასქელება გამოიწვია, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.
მედიცინაში 3D-პრინტერს, ქვედა ყბის დაზიანებული ნაწილების შესაცვლელად, პროთეზებისთვის და უჯრედებისთვისაც კი, უკვე იყენებენ. ამ შემთხვევაში კი წინასწარ შეიქმნა თავის ქალის ციფრული მოდელი, რომელიც კომპიუტერში დაამუშავეს და მიღებული მონაცემებით, პრინტერზე „ამობეჭდეს“. მიღებული ხელოვნური ქალა ზუსტად მოერგო პაციენტის თავის ქალის დაუზიანებელ ნაწილს.
ოპერაცია დოქტორმა ბონ ვერვეიჟმა და მისმა გუნდმა ჩაატარა. გუნდში გაერთიანებულნი არიან სამგანზომილებიან პრინტერზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომლებსაც თავის ქალის მცირე ძვლების იმპლანტების „ამობეჭდვის“ გამოცდილება აქვთ. ასეთ მცირე ზომის იმპლანტებს მაშინ იყენებენ, როცა თავის ტრავმის დროს, ექიმებს ქალის ნაწილის ამოღება უწევთ, რათა თავის ტვინზე წნევა შეამცირონ. მკურნლობის დასრულების შემდეგ, თუ თავის ქალის ამოღებული ნაწილი აღარ გამოდგება, მას იმპლანტით ცვლიან.
ვერვეიჟი ამბობს, რომ ცემენტის იმპლანტები, როგორებსაც ჩვეულებრივ იყენებენ ხოლმე, ყოველთვის არ ერგება იმ ადგილს, სადაც ის უნდა ჩაჯდეს. პრინტერზე ამობეჭდილი იმპლანტები კი ძალიან ზუსტია და ამით ბევრი პრობლემა, რაც იმპლანტის გადანრგვასთან და მორგებასთან არის დაკავშირებული, ადვილად გვარდება. რაც მთავარია, ძველ მეთოდთან შედარებით, პაციენტის ტვინის ფუნქცია უფრო სრულად აღდგენას ახერხებს.
ვერვეჟი თანამშრომლობს ავსტრალიურ კომპანიასთან, სახელად „ანატომიკს“, რომელიც სწორედ სდამგანზმილებიან პრინტერზე სხვადასხვა სახის იმპლანტების ამობეჭდვაზე არის სპეციალიზებული. ზემოთ ნახსენები ოპერაციისთვის, თავის ქალის იმპლანტი სწორედ ამ კომპანიამ დაამზადა. სხვათა შორის, პაციენტის გადასარჩენად, იმპლანტის სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რისი საშუალებაც კომპანიას კომპიუტერულმა ტექნკამ მისცა.
ვერვეჟი ამბობს, რომ თავის ქალის ძვლის კედლების გასქელება, თავის ტვინის გარსზე წნევის ზრდას იწვევს, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. პაციენტმა, რომელსაც გადანერგვა ჩაუტარდა, ჯერ მხედველობა დაკარგა, შემდეგ კი კოორდინაციის პრობლემებიც დაეწყო. ოპერაცია რომ არა, დროთა განმავლობაში, ის ტვინის სხვა ფუნქციებსაც დაკარგავდა, რაც საბოლოოდ, დაღუპვით დასრულდებოდა. ამიტომ, ოპერაცია, თუნდაც დიდი რისკის შემცველი (რადგან ადრე მსგავსი არაფერი ჩატარებულა), გარდაუვალი იყო.
ვერვეჟმა და მისმა გუნდმა აღნიშნული ოპერაცია სამი თვის წინ ჩაატარეს. მას შემდეგ, პაციენტმა სრულად აღიდგინა მოძრაობის კოორდინაციაც და მხედველობაც. მას ჩივილები საერთოდ გაუქრა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. თითქოს, ასეთი მძიმე დაავადება არც ჰქონდა და არც ოპერაცია გაუკეთებია.

No comments:

Post a Comment