Tuesday, April 1, 2014

როგორ მოიქცევა მარიო დრაგი


ევრო/დოლარის გრაფიკზე სანთლების კომბინაცია „დილის ვარსკვლავი“ (იხ. გრაფიკი) გამოჩნდა, რომელიც გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა, მოკლევადანი აღმავალი სვლა განვითარდეს. თუმცა, ფასების ამგვარი განვითარება ფუნდამენტურ ანლიზთან კონფლიქტშია და დიდი ალბათობით, ის ამ მიმართულებას არ აიღებს. და მაინც, წინასწარ არავინ იცის, თავისი ხუთშაბათის გამოსვლისას, რას იტყვის მარიო დრაგი, ვისაც დეფლაციის რეალურმა საშიშროებამ, ლავირების დიაპაზონი პრაქტიკულად არ დაუტოვა. და აი, რატომ:

 დღეს და გუშინ გამოქვეყნებული სტატისტიკით, ევროზონაში უმუშევრობის კოეფიციენტი 11.9%-ის დონეზე შენარჩუნდა. მოსალოდნელ მაჩვენებელზე (53.0) დარჩა საწარმოო აქტიურობის ინდექსი, თუმცა ევროზონის ლიდერ გერმანიაში 0.1 პუნქტით, 53.7 ნიშნულზე ჩამოვიდა. სამაგიეროდ, იგივე ინდექსი გაიზარდა იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში. რაც ყველაზე მთავარია, ინფლაციის დონე 0.5%-მდე დაეცა, რაც 2009 წლის მინიმუმია. შედარებისთვის, თებერვალში ეს მაჩვენებელი 0.7% იყო, მარტში კი ანალიტიკოსები 0.6%-ს ელოდნენ. არადა, ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივი დონე წლიური 2.0%-ის ფარგლებშია. ინფლაციის შემდგომ შემცირებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ ენერგომატარებლებზე ფასები 2.1%-ით არის შემცირებული.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ მარტში ინფლაცია თებერვლის დონეზე (0.7%) შენარჩუნდებოდა, ეს მარიო დრაგის რადიკალური მოქმედებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემდა. ევრობანკის პრეზიდენტი, მისთვის ჩვეულ სტილში, სიტყვიერ ინტერვენციას გააგრძელებდა, რაც ევროს მზარდი კურსის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა. მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა ფსკერს უკვე მიაღწია, საიდანაც მხოლოდ ზრდაა მოსალოდნელი.

მის სავარაუდო არგუმენტთა სიაში აუცილებლად იქნებოდა ისეთი ფაქტორი, როგორიც ევროპაში უჩვეულოდ თბილის ზამთარია, რამაც ენერგომატარებლებზე ფასების დაწევას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, წელს საკმაოდ გვიანაა აღდგომის დღესასწაული, რომლის პერიოდშიც, ფასები მაღლა იწევს ხოლმე და ეს ხელს შეუწყობდა ინფლაციის გაზრდას თუ არა, ძველ დონეზე შენარჩუნებას მაინც.

მოკლედ, დრაგის მოუწევს, შეასრულოს საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა - გადავიდეს გადამწყვეტ მოქმედებებზე, თუ ფასები მეტისმეტად მკვეთრად დაეცემა. მის მიერ წინასწარ დაანონსებულ ნაბიჯებს შორისაა: ძირითადი განაკვეთის შემცირება, სადეპოზიტო განაკვეთის უარყოფით დონეზე კორექტირება, კომერციული ბანკებისთვის ახალი საკრედიტო ხაზების გამოყოფა, ან ფასიანი ქაღალდების პირდაპირი შეძენა.

არაა გამორიცხული, რომ დრაგიმ პრესკონფერენციაზე ლაპარაკი ისევ დაიწყოს დაბალი ინფლაციის სარგებლიანობაზე. მაგრამ ამ შემთხვევაში, ბაზრები საფუძვლიანად დაეჭვდებიან იმაში, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი არ აპირებს დეფლაციის რისკებთან ბრძოლას. ამან კი შესაძლოა ბაზარზე პანიკაც კი გამოიწვიოს, რაც ევროს ნამდვილად არ „მოეწონება“. ნებისმიერ შემთხვევაში, შემცირებული ინფლაციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები, ევროს კურსის შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ არა ისე, როგორც პანიკის შემთხვევაში.

გადამწყვეტი მოქმედებისთვის კიდევ ერთი მყარი არგუმენტი არსებობს - ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დაწყება ადრეულ სტადიაზე სჯობს, სანამ ის გართულდება. თორემ მერე მკურნალობა უფრო ხანგრძლივიც იქნება და მტკივნეულიც. ევროზონისთვის ასეთ დაავადებად შეიძლება რეცესია იქცეს...

No comments:

Post a Comment