Wednesday, April 9, 2014

eVolo 2014 სკაისკრეიპერ - ცათამბჯენების კონკურსი არამიწიერი პროექტებით



eVolo 2014 Skyscraper Competition winners
9 აპრილი
გამარჯვებული პროექტი: ხალხური მრავალმხრივობა
არქიტექტურულმა კონკურსმა "eVolo სკაისკრეიპერ“, 2014 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტების სია გამოაქვეყნა. მეცხრე კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასებისას, ყურადღება იდეის ორიგინალობაზე, ახალი ტექნოლოგების, მასალების, პროგრამების გამოყენებაზე, ესთეტიკასა და სივრცის ოპტიმალურად ათვისებაზე მახვილდებოდა.

სულ კონკურსში 43 ქვეყნის დაახლოებით 600 პროექტი მონაწილეობდა. მათგან ჟიურიმ მხოლოდ სამი გამარჯვებული გამოარჩია, 20 პროექტი კი სპეცალური დიპლომებით დააჯილდოვა. ზოგი პროექტი ხის სტრუქტურების გამოყენებას ითვალისწინებდა, ზოგი ციური ქალაქის, ერთი კი ისეთ შენობასაც კი, რომელიც თანდათან იზრდება...
განსაკუთრებული ორიგინალობით შარშანდელი კონკურსის ლაურეატები გამოირჩეოდნენ, რომელთაგან ერთი ერთგვარი მზის ქოლგის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელი იქნება მზის სხივებისგან მყინვარების დაცვა. ერთი პროექტი კი მფრინავი ქალაქის აგებას გვთავაზობს, რომელიც ჰაერში ლივლივს ჰელიუმის დახმარებით შესძლებს. წლვანდელი კონკურსის მონაწილე პროექტები შედარებით თავშეკავებული იდეებით გამოირჩეოდა, თუმცა ბევრი ისეთი იდეა მაინც შემოგვთავაზეს, რომლებიც წარმოუდგენლად მოჩანს.

გამარჯვება და პირველი პრიზი, კორეული წარმოშობის ამერიკელ იონგ იუ ლის პროექტ „ვერნაკულარ ვერსატილიტის“ (ხალხური მრავალმხრივობა) ერგო. ამ პროექტის თავისებურება ისაა, რომ ის ხის სტრუქტურებით მრავალსართულიანი შენობის აგებას გვთავაზობს. ამასთან, პროექტი ტრადიციული კორეული სახლების (ჰანოკების) მშენებლობისას დამკვიდრებული ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს. ჩვეულებრივ, ამ ტექნოლოგიებს ერთ, ან ორსართულიანი სახლების მშენებლობისას იყენებენ. პროექტის ავტორის თქმით, ასეთი ასეთი სტრუქტურებით აგებული ცათამბჯენი, „ეფექტურიცაა და მშვენიერიც“.

მეორე ადგილი ერგო ამერიკელების, მარკ ტალბოსა და დანიელ მარკევიჩის პროექტს უცნაური სახელით „ავტომობილების და ნიჟარების ცათამბჯენი: ანუ მარინეტის მონსტრი“. ის თვითკმარი ციური ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს არის უზარმაზარი, ყუთის ფორმის კონსტრუქცია, რომლის შიგნითაც მოქცეულია საცხოვრებელი უბნები, დასასვენებელი ზონები, კომერციული დაწესებულებები, ქუჩები, საფეხმავლო ბილიკები და სხვა. მოკლედ, ეს არის ქალაქი ერთ შენობაში, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით.
ავტომობილების და ნიჟარების ცათამბჯენი: ანუ მარინეტის მონსტრი

მესამე ადგილზე გავიდა კანადური პროექტი, სახელად „მზარდი ცათამბჯენი: ნახშირორჟანგის სტრუქტურა“. ისიც ორი ავტორის - იუჰაო ლიუს და რუი ვუს ერთობლივი შემოქმედებაა, რომელიც ალბათ ყველაზე გამორჩეულიცაა თავისი სითამამით, ორიგინალური იდეით, გარემოსადმი მეგობრულობით და ტექნოლოგიურობით. მისი სახელიც კი თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. თუმცა, მასში ისეთი წარმოუდგენელი იდეებია ჩაქსოვილი, რომ განმარტების გარეშე, აღქმაც კი ძნელია.
პროექტის იდეა ისაა, რომ შენობამ ატმოსფეროდან ნახშირორჟანგი მოიპოვოს და მისი გამოყენებით, საკუთარი აგებულება თანდათან გაზარდოს/განავითაროს. შენბის განვითარების ტემპი და მიმართულება დამოკიდებული იქნება გარე ფაქტორებზე, როგორებიცაა ქარი, წვიმა, მზის ზემოქმედება, ასევე ნახშირორჟანგის შემცველობა ატმოსფეროში.
მზარდი ცათამბჯენი: ნახშირორჟანგის სტრუქტურა

- სხვა საინტერესო პროექტებს შორისაა „სანდ ბეიბელი“ - უდაბნოში განლაგებული უცნაური აგებულების ცათამბჯენი, რომელიც მზის ენერგიის და ქვიშის გამოყენებით, სამგანზომილებიანი პრინტერის დახმარებით, მცენარის ვარჯის სტრუქტურის მქონე შენობის აგებას გვთავაზობს. მისი ავტორები არიან ჩინელი არქიტექტორები: ქიუ სონი, კან პენფეი, ბაი ინი, რენ ნუოია და გუო შენი.
სანდ ბეიბელი

- ძალიან აქტუალურია „კლიმატური კოშკი“, რომელიც იაპონელი და ჩინლი არქიტექტორების: იუკო ოჩიაის, ძია ვეი ლიუს, იუან-სუნ ჰსიაოს და ჰუნ-ლინ ჰსიეჰის ნამუშევარია. პროექტი ვერტიკალური სტრუქტურის გარშემო, ბუშტისებრი გარსის შექმნას გვთავაზობს, რომლის შიდა სივრცეშიც, სუფთა გარემოა შენარჩუნებული. ასეთი „კლიმატური კოშკები“ ნამდვილი მისწრება იქნებოდა ისეთი დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქებისთვის, როგორებიცაა პეკინი და შანჰაი.
კლიმატური კოშკი
 
- საინტერესო პროექტია „სწრაფმავალი მატარებლების ვერტიკალური ჰაბი“, რომელიც ბრიტანელებმა, კრისტოფერ კრისტოფიმ და ლუკას მაძარასამ შეიმუშავეს. მისი დანიშნულება, ქალაქში უზარმაზარი ფართობის დაზოგვაა, რომლებსაც მატარებლები და მათი სადგურები იკავებენ.
სწრაფმავალი მატარებლების ვერტიკალური ჰაბი

- „ლონჩსპაიერი“ ბრიტანელების, ჰენრი სმიტის, ადამ ვუდვარდის და პოლ ეტკინსის მიერაა შემუშავებული. ის ითვალისწინებს ძალიან მაღალი სტრუქტურის შემუშავებას, რომელიც ელექტრომაგნიტური ვერტიკალური ამაჩქარებლის დახმარებით გაუშვებს თვითმფრინავებს. ამგვარად, მინიმუმამდე შემცირდება თვითმფრინავის მიერ ჰაერში გამოყოფილი გამონაბოლქვი, რომელიც დიდი რაოდენობით სწორედ აფრენისას გამოიფრქვევა ატმოსფეროში. რა თქმა უნდა, ესეც ორიგინალური და გარემოსადმი მეგობრული იდეის მატარებელი პროექტია, ოღონდ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ვერტიკალური სტარტი და მასთან ერთად, დიდი სიმაღლის სწრაფად აღება, ძალიან ჯანმრთელი მგზავრებისთვისაც კი, ძალიან მძიმე ასატანი იქნება. ამიტომ, ასეთი სტარტით მხოლოდ სატვირთო, უპილოტო თვითმფრინავები თუ ისარგებლებენ...
ლონჩსპაიერი

No comments:

Post a Comment