Wednesday, April 9, 2014

„ალტაეროსი“ - ქარის ელექტროსადგური ცაში


Altaeros set to break world record with 1,000 foot-high floating wind turbine
9 აპრილი
ადამიანი სულ უფრო ინტენსიურად იყენებს ქარის ენერგიას. ევროპაში, ამერიკასა და აზიაში, ათასობით ქარის კოშკი მუშაობს, მათი უმეტესობა სანაპირო ზოლშია განლაგებული, სადაც ქარი მუდმივად უბერავს და ენერგიის გამომუშავებაც უფრო სტაბილურად ხდება. მაგრამ მიწის, თუნდაც წყლის ზედაპირთან ქარის სიჩქარე მეტწილად უმნიშვნელოა, რაც გამომუშავებული ენერგიის მოცულობაზეც აისახება. სხვა საქმე იქნებოდა, შესაძლებელი რომ იყოს ქარის ტურბინის დიდ სიმაღლეზე განლაგება...
კომპანია „ალტაეროსს“ შემუშავებული აქვს „მოტივტივე საჰაერო ტურბინა“ (BAT - Buoyant Air Turbine), რომელსაც ჰაერში, დიდ სიმაღლეზე „დაკიდება“ და იქაური ქარის ენერგიის მოპოვება შეუძლია. დანდგარის პირველმა ეგზემპლარმა უკვე იმუშავა 150 მეტრის სიმაღლეზე, სადაც დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარის ქარისგან გამოიმუშავა ენერგია. ამასთან, BAT-ს დაახლოებით 160 კმ/სთ ქარის დროს შეუძლია მუშაობა და მას არც წვიმის და თოვლის „ეშინია“. ამასთან, ხმელეთთან მას მეხამრიდი სადენებიც აკავშირებს.
„ალტაეროსის“ დანადგარი ერთგვარი ცეპელინის ტიპის მფრინავი საშუალებაა, რომლის შიდა სივრცეც ჰელიუმითაა სავსე და მისი დახმარებით, დიდ სიმაღლეზე აფრენა შეუძლია. მას მილისებრი ფორმა აქვს, რომლის შუაშიც ტურბინა მოთავსებული. მალე მას 300 მეტრის სიმაღლეზე ჩაუტარებენ გამოცდას, რომლის წარმატების შემთხვევაშიც, BAT-ის სერიული წარმოებაც შესაძლებელი გახდება.
მფრინავი ტურბინის ერთი თავისებურება ისაა, რომ მისი ტრანსპორტირება იოლია, რა დროსაც, მისი სტრუქტურა ჰელიუმისგან დაცლილი და დაკეცილია. ადგილზე მიტანის შემდეგ კი მასში ჰელიუმი შეჰყავთ და ტურბინის კორპუსიც სამუშაო მდგომარეობაში გადადის. ჰაერში გაშვებისას, ტურბინა ხმელეთთან გვარლებითაა დაკავშირებული, რათა ქარმა არ წაიღოს. რა თქმა უნდა, გვარლებთან ერთად, ხმელეთთან სადენებიც აკავშირებს, რომელთა მეშვეობითაც ელექტრო ენერგიის გადაცემა ხდება.

მართალია, ასეთ დანადგარს ჯერჯერობით დიდი მოცულობით ელექტრო ენერგიის გამომუშავება არ შეუძლია, მაგრამ მისწრებაა დასახლებული პუნქტებიდან დიდი მანძილით დაშორებული წერტილებისთვის, სადაც ადამიანს შესაძლოა მუშაობამ მოუწიოს. ამასთან, საჰაერო ტურბინებს არ აქვთ ის უარყოფითი თვისებები, რომელთა გამოც, ჩვეულებრივ ქარის ტურბინებს ხშირად აკრიტიკებენ.
კერძოდ, ქარის ტურბინების დამონტაჟებას დიდი დრო სჭირდება, ისინი ძალიან ხმაურიანია, საფრთხეს უქმნიან ფრინველებს და ბევრი თვლის, რომ ხედსაც აფუჭებენ. მაგრამ მათი მთავარი მინუსი ისაა, რომ თუნდაც ქარის გიგანტურ ტურბინებს არ აქვთ ისეთი სიმაღლე, რომ ატმოსფეროს შედარებით ზედა ფენების ძლიერი ქარები „დაიჭიროს“. საინტერესოა, რომ მიწის (წყლის) ზედაპირიდან სულ რაღაც 300 მეტრის სიმაღლეზე, ქარის სიძლიერი დაახლოებით ხუთჯერ მეტია იმაზე, რისი დაჭერაც ჩვეულებრივი ქარის ტურბინითაა შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, უნაკლო არც BAT-ია. მაგალითად, ხმელეთთან დამაკავშირებელი გვარლები მსუბუქი თვითმფრინავებისთვის ხიფათის შემცველია. ამასთან, გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, ტურბინა შეიძლება ხმელეთზეც ჩამოვარდეს. თუმცა, საგანგებო სიტუაციებში, როგორიც სტიქიური უბედურება შეიძლება იყოს, ასეთი დანადგარი ფასდაუდებელია.
„ალტაეროსი“BAT-ის ტესტების მეორე სერიას შტატ ალასკაზე ატარებს.

No comments:

Post a Comment