Tuesday, April 1, 2014

„ფილიპსმა“ მანათობელი ჭერი შეიმუშავა

Philips OneSpace turns the whole ceiling into a light
1 აპრილი
„ნიუ იორკ ტაიმსში“ 1964 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, აიზეკ აზიმოვი მომავლის ტექნოლოგიებზე წერდა. მაშინ მან იწინასწარმეტყველა, რომ 2014 წლისთვის საყოველთაოდ გავრცელდებოდა ელექტრო ლუმინესცენტური პანელები. დღეს მანათობელ პანელებს მართლაც ფართოდ იყენებენ, თუმცა ისეთი დიდი პანელი, სახელად „ფილიპს ვანსპეის“, როგორიც ახლახანს „ფილიპსმა“ შეიმუშავა, ჯერ არავის დაუმზადებია.
„ვანსპეისი“ კომპანიის „დიდი ზომის მანათობელი ზედაპირების“ დივიზიონმა შეიმუშავა. ეს არის შეკვეთით დამზადებული პანელი, რომელიც დღის თეთრი შუქით, თანაბრად, ანარეკლების და ჩრდილების გარეშე ანათებს სივრცეს. ასეთი პანელები 10x3 ზომით მზადდება და მათი აწყობა მთლიანად ჭერის პერიმეტრზეა შესაძლებელი.
„ფილიპს ლაითნინგის“ ანტოონ მარტენსი ამბობს, რომ ასეთი მანათობელი პანელების წყალობით, ამიერიდან დიზაინერებს შეუძლიათ, შენობის ჭერი, დიზაინის ელემენტად განიხილონ. „ამიერიდან, შუქი არქიტექტურული კომპონენტი ხდება და ის სივრცის უბრალო დანამატი აღარ იქნება“, - ამბობს მარტენსი.
პანელის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ ის მუდმივი სიმძლავრით არ ანათებს და მომხმარებელს მისი ჩაქრობის გარდა, ნათების ძალის გაზრდა, ან შესუსტებაც შეუძლია. „ფილიპსი“ ყვება, რომ ასეთი პანელები კარგად მიესადაგება შოურუმებს, მაღაზიებს და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს, როგორებიცაა აეროპორტები, სასტუმროები და საკონფერენციო დარბაზები. სხვათა შორის, არქიტექტორები ჩამოთვლილი ტიპის სივრცეებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „დაუნდობელი განათების“ არეებს, „ვანსპეისს“ კი ისინი ახასიათებენ, როგორც მშვიდსა და ცის მსგავს მანათობელს.
„ვანსპეისი“ ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე დაახლოებით 450-780 კანდელ შუქს ასხივებს, მისი ფერადოვანი ტემპერატურა კი 4 000 კელვინს (K) აღწევს. ეს კი გაცილებით მეტია სოდისა და ვერცხლისწყლის ნათურების შესაბამის მაჩვენებელზე. ამასთან, „ფილიპსი“ შემკვეთს 3 000 K და 5 000 K ვარიანტებსაც სთავაზობს.
„ფილიპსი“ თავის სიახლეს პირველად სამშენებლო ტექნოლოგიებისა და მანათობელი ტექნიკის სპეცალურ გამოფენა „ლაით + ბილდნგზე“ წარადგენს.

No comments:

Post a Comment