Friday, March 28, 2014

პროექტი ATHENA სატესტო მანეკენის შექმნას ითვალისწინებს


ATHENA The ‘Human Desktop’ Primed For Toxicity Tests
28 მარტი
ძირითადად ორი ტიპის მანეკენები არსებობს - ტანსაცმლის მოსარგები და ქრეშ ტესტების მანეკენები. პირველის დანიშნულება მარტივია, მეორეს კი მძიმე ხვედრი ერგო, ავტომობილების შეჯახებაზე გამოცდებში იყენებენ და ხშირად ამტვრევენ კიდეც. ასეთი მანეკენები სენსორებითაა აღჭურვილი, რომლებიც ავტომობილების ქრეშ ტესტების დროს, მათზე ფიზიკურ ზემოქმედებას ზომავენ.
მალე კი მანეკენთა ოჯახს ახალი წევრი შეემატება. ეს იქნება ყველაზე განვითარებული მანეკენი, რაც კი ოდესმე ადამიანს შეუქმნია. ჩათვალეთ, რომ ის ხელოვნური ადამიანი იქნება, რომლის დანიშნულებაც, ახალი წამლების გამოცდა უნდა იყოს. ამგვარად, წამლების ტესტირებისას ძვირადღირებული საცდელი ცხოველების გამოყენება საჭირო აღარ იქნება.
პროექტი ATHENA (Advanced Tissue-engineered Human Ectypal Network Analyzer - ქსოვილით შემუშავებული ადამიანის შინაგანი ორგანოების კომპლექსური ანალიზატორი) ითვალისწინებს ისეთი მანეკენის შექმნას, რომელსაც ადამიანის მსგავსი, ფუნქციონირებადი შინაგანი ორგანოები ექნება. მისი დანიშნულება ახალი, ტოქსიკური პრეპარატების ტესტირებაა. ფაქტობრივად, ეს ადამიანის ორგანიზმის ხელოვნური ვერსია უნდა იყოს.
პროექტის შემკვეთია აშშ-ის თავდაცვის ხიფათის შემცირების სააგენტო (DTRA), რომელმაც მისთვის 19 მილიონი დოლარი გამოჰყო. პროექტის განხორციელების პერიოდი ხუთი წელია. საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს ხელოვნური ადამიანი, რომელსაც სრულად ფუნქციონირებადი გული, ფილტვები, ღვიძლი, თირკმელები და სხვა ორგანოები ექნება. მის სისხლძარღვებში ხელოვნური სისხლი იმოძრავებს. ადამიანის მოდელი უნდა იყოს კომპაქტური და ადვილად ექვემდებარებოდეს აღდგენას.

No comments:

Post a Comment