Wednesday, March 12, 2014

„მფრინავი მოჩვენება“ ტალღების თავზე ლივლივებს


The Flying Phantom: US$40k sailboat levitates two feet above the waves
11 მარტი
მისტიკური მფრინავი ჰოლანდიელისგან განსხვავებით, კატამარანი სახელად „მფრინავი მოჩვენება“, მართლა ტალღის თავზე დაფრინავს (დევიდ კოპერფილდი არაფერ შუაშია!). ყოველ შემთხვევაში, ასეთ ეფექტს მისი წყალქვეშა ფრთები ქმნის, რომელთა წყალობითაც, სპორტული ნავი მაღალ სიჩქარეს ავითარებს. ფრთებს ასო J-ს მსგავსი ფორმა აქვს, არის ძალიან წვრილი და ამგვარად, წყალს მინიმალურ წინააღმდეგობას უქმნის.

„კატამარანისთვის სიჩქარის შემზღუდველი ძირითადი ფაქტორებია ნავის სიგრძე და წყლის ზედაპირი. ცურვისას, როდესაც ნავის ზედაპირი წყალს არ ეხება, წინააღმდეგობა მინიმუმამდე მცირდება. ამ დროს, ნავის სიჩქარე პრაქტიკულად შეუზღუდავია. წყალთან შეხების და ტალღებზე რხევის შემცირებით, სიჩქარის მეათედობით კვანძით გაზრდაა შესაძლებელი. და როცა ნავის ზედაპირი წყალს სწყდება, წინააღმდეგობაც ქრება. ამ დროს, ქარის ყოველი დაბერვა, პირდაპირ აისახება სიჩქარეზე“, - ამბობს პროექტ „ფლაინგ ფანტომის“ თანაავტორი ნიკოლას ფელიქსი.
„ფლაინგ ფანტომს“ წყალქვეშა ფრთებზე დადგომა მაშინაც კი შეუძლია, როცა ქარის სიჩქარე მხოლოდ 7 კვანძია (13 კმ/სთ) და კატამარანი ქარის მიმართულებით ან პერპენდიკულარულად მოძრაობს. ქარის საწინააღმდეგოდ მოძრაობისას კი ქარის მინიმალური სიჩქარე 18.5 კმ/სთ-ია. ტესტების დროს, „ფლაინგ ფანტომის“ მაქსიმალურმა სიჩქარემ 61 კმ/სთ-ს მიაღწია, თუმცა ფელიქსი ირწმუნება, რომ ეს ზღვარი არაა და ნავს 92.6 კმ/სთ სიჩქარის აკრეფაც კი შეუძლია.
წყლის წინააღმდეგობის შემცირების გარდა, წყალქვეშა ფრთებით ცურვას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - როდესაც ნავი ტალღების თავზე მოექცევა, მისი ხმაური ძლიერ მცირდება. ტესტებში მონაწილე გამოცდილმა აფროსნებმა განაცხადეს, რომ ცურვის დროს მათ ისეთი შეგრძნება დაეუფლათ, თითქოს მფრინავ ხალიჩაზე ისხდნენ. და რა თქმა უნდა, თუ რაიმე მიზეზით, ნავის ძირი წყლის ზედაპირს შეეხება, მაშინ კატამარანის სიჩქარე ძლიერ შემცირდება და ამ შემცირებას შესაძლოა დარტყმის ეფექტიც კი ჰქონდეს.უნდა ითქვას, რომ წყალქვეშა ფრთიან ნავებს უკვე დიდი ხანია, აფროსნობაში იყენებენ. სარეკორდო აფროსანმა „ვესტას სეილროკეტ 2-მა“ 2012 წელს მართლაც სასწაულებრივი სიჩქარე - 65.45 კვანძი (121.2 კმ/სთ) განავითარა. მაგრამ „ფლაინგ ფანტომი“ პირველი წყალქვეშა ფრთიანი აფროსანია, რომელიც კომერციული დანიშნულებით შეიქმნა.
„ფლაინგ ფანტომი“ ფრანგულ კომპანია „ფანტომ ინტერნეიშნლის“ მიერაა შემუშავებული. კომპანია თავისი ქმნილების სხვადასხვა შეჯიბრზე გამოყვანას გეგმავს. შემდეგ კი მცირე წყალქვეშაფრთიანი ნავების სარბოლო სერიას ჩამოაყალიბებს.
„ფლაინგ ფანტომი“ პირველად პარიზის ნავების წლევანდელ შოუზე წარადგინეს. თითოეული ასეთი ნავის ფასი 28 260 ევროა.

No comments:

Post a Comment