Wednesday, March 19, 2014

ხელოვნური კუნძულები ნიუ იორკისთვის


Compost islands proposed for New York
19 მარტი
ისევე როგორც ყველა დიდი ქალაქისთვის, ნიუ იორკისთვისაც ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, უზარმაზარი რაოდენობით (წლიურად 14 მილიონი ტონა) ნარჩენების უტილიზაციაა, რასაც გარემოს დამაზიანებელი არაერთი პროცესი ახლავს თან. ესაა ქალაქიდან მოშორებით არსებული ნაგავსაყრელები და ტრანსპორტირება, თავისი დიდი რაოდენობის გამონაბოლქვით. და ეს ყველაფერი უზარმაზარი თანხა - 300 მილიონი დოლარი ჯდება.

სატვირთო ავტომობილებს წლიურად მილიონობით კილომეტრის გავლა უწევთ, რათა საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენები ნაგავსაყრელზე მოხვდეს, იქ კი მისგან დიდი რაოდენობით მეთანი გამოიყოფა, რაც ასევე სათბურის ძლიერი ეფექტის მქონე აირია.
მაგრამ საზრიანმა ადამიანებმა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საინტერესო გამოსავალი შეიმუშავეს. ნიუ იორკში ბაზირებულმა კომპანია „პრესენტ არქიტექჩამ“ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ქალაქის სანპიროებზე, სხვადასხვა უბანში, ხელოვნური კუნძულების ქსელის, სახელად „გრინ ლუპ“, აშენებას ითვალისწინებს. თითოეულ კუნძულზე განლაგდება ნიადაგის კომპოსტირების სექცია და საზოგადოებრივი სივრცეები.
პროექტი, ქალაქის ყველა დიდ უბანში მინიმუმ ერთი „მწვანე მარყუჟის“ (გრინ ლუპ) აგებას ითვალისწინებს, სადაც ამ უბნის ნარჩენებს მიიტანენ და გადაამუშავებენ. ამგვარად, მნიშვნელოვნად შემცირდება ნარჩენების ტრანსპორტირების მანძილი, შესაბამისი ხარჯებით და გამონაბოლქვით. კუნძულზე არსებულ კომპოსტინგის სექციებში მოხდება ნარჩენების გადამუშავება-კომპოსტირება, რის შემდეგაც მიღებულ კომპოსტს (ნიადაგს) მტარებლებით და ბარჟებით, იქ წაიღებენ, სადაც განოყიერებული ნიადაგია საჭირო. მიწის ნაწილს კი კუნძულზე დატოვებენ, რომლის ზედა ნაწილშიც პარკები და ბაღები გაშენდება.

პროექტით შეთავაზებული 10 ხელოვნური კუნძულის წყალობით, ნიუ იორკს 125 აკრი ფართის გამწვანებული ტერიტორია დაემატება, რაც ქალაქს ასე აკლია. მოიმატებს დასასვენებელი ადგილების რაოდენობაც, რაც მოსახლეობას ცხოვრებას გაუხალისებს. 
პროექტის ავტორები და „პრესენტ არქიტექჩას“ დირექტორები, ივენ ერლებახერი და ანდრე გიმონი ამბობენ, რომ მათი პროექტი იოლი განსახორციელებელი არ იქნება და ბევრი წინააღმდეგობა იქნება გადასალახავი, რომელთაგან მთავარი ფინანსური საკითხია. ხელოვნური კუნძულის აგება უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ამ საქმეში ქალაქის და შტატის ხელისუფლების გარდა, თავად მოსახლეობასაც შეუძლია აქტიურობის გამოჩენა, რომელიც საბოლოოდ ყველაზე მეტად მოგებული დარჩება.
„რა თქმა უნდა, „მწვანე მარყუჟი“ ამბიციური პროექტია, მაგრამ იმავდროულად, რეალური პრობლემის სრულიად მიღწევად პასუხსაც წარმოადგენს. ნიუ იორკში უკვე ამოქმედდა საპილოტო პროგრამა, რომელიც ორგანული ნარჩენების შეგროვებას და გადამუშავებას ითვალისწინებს. ამ უზარმაზარი მასის გადამუშავებისთვის კი ადგილია საჭირო“, - ამბობს ერლებახერი.

No comments:

Post a Comment