Sunday, March 9, 2014

ტელეპორტაცია რეალურია


9 მარტი
...ასე მიაჩნია ცნობილ გენეტიკოსსა და სინთეზური ბიოლოგიის ერთ-ერთ პიონერ კრეიგ ვენტერს, ვინც თვლის, ცოცხალ არსებათა ტელეპორტაციისთვის საჭირო ყველა ტექნოლოგია უკვე შემუშავებულია. ოღონდ, ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ ტელეპორტაცია ბაქტერიებსა და ვირუსებს ჩაუტარდეს. და თუ ეს შესაძლებელი გახდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ადრე თუ გვიან, ადამიანის ჯერიც დადგება.
სხვათა შორის, ვენტერს ბევრი მეცნიერი ავანტიურისტად მიიჩნევს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მის ანგარიშზე ბევრი მეცნიერული მიღწევაა. მაგალითად, მისმა კომპანია „სელერა ჯენემიკსმა“ პირველმა შეძლო ადამიანის გენომის წაკითხვა და შესაბამისი რუქის შედგენა. და ამ საქმეში მან თვით აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტსაც კი აჯობა.
1995 წელს, კრეიგ ვენტერის ინსტიტუტის (JCVI) მკვლევართა ჯგუფმა წამოიწყო პროექტი „მინიმალური გენომი“, რომლის მიზანსაც, გენეტიკური კოდიდან „ყველაფერ ზედმეტის მოშორება“ იყო. მეცნიერებმა სამუშაოდ ბაქტერია „მიკოპლაზმა ჯენიტალიუმი“ აირჩიეს, რომელსაც იმ მომენტისთვის ცნობილ 482 გენს შორის, ყველაზე მარტივი და მცირე გენომი ჰქონდა. 1999 წელს ვენტერმა და მისმა თანამშრომლებმა ბაქტერიის გენების რიცხვი 382-მდე შეამცირეს და ამგვარად, ნახევრად სინთეტიკური „მიკოპლაზმა ლაბორატორიუმი“ მიიღეს.
ვენტერის ინსტიტუტის თანმშრომლებთან ერთად, 2003 წელს ვენტერმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სრულიად სინთეტიკური გენომისკენ. ოლიგონუკლეიდბისგან (დნმ-ის მოკლე ფრაგმენტები) მან ბაქტერიოფაგის (phiX 174) გენომი ააწყო. ოთხი წლის შემდეგ კი მათ გამოაცხადეს, რომ გენომის გადანერგვით, ერთი ტიპის ბაქტერიის მეორე ტიპის ბაქტერიად გარდაქმნა შეძლეს. 2008 წელს კი მეორე მცდელობით, მთლიანად სინთეტური გენომით ცოცხალი ორგანიზმის შექმნა შეძლეს.
შარშან ვენტერმა გამოაქვეყნა ახალი წიგნი „სიცოცხლე სინათლის სიჩქარით: ორმაგი სპირალიდან ციფრული ცხოვრების გარიჟრაჟისკენ“. მასში ავტორი აღწერს სინთეტური ბიოლოგიის ისტორიას და წარმოგვიდგენს სრულიად ახალ კონცეპციას ბილოგიური ტელეპორტაციის შესახებ.
თავის წიგნში ვენტერი ამტკიცებს, რომ შესაძლებელია დნმ-ის ინფორმაციის კაბელით გადაცემა და შემდგ მისი სინთეტური ვარიანტის „აწყობა“. ეს ასე ხდება: დნმ-ის ინფორმაციის სკანირების შემდეგ, ხდბა მისი ციფრულ ვერსიად გადამუშავება, რომელსაც კაბელით, ინტერნეტით, ან ელექტრომაგნიტური ტალღებით, ნებისმიერ დისტანციაზე გადასცემენ. მიმღები ღებულობს ინფორმაციას და მის საფუძველზე, სპეციალური დანადგარი ოლიონუკლეოტიდების სინთეზს ატარებს, რომელთაგანაც რობოტი-პრინტერი სრულ დნმ-ს აშენებს, რომელიც საწყისი დნმ-ის იდენტურია.
ვენტერის ნაშრომი ფანტასტიკის სფერო აღარაა - დნმ-ის წაკითხვასა და გენომის „აწყობაზე“ უკვე მუშაობს კომპანია „სინთეტიკ ჯენომიკსი“, რომელიც თავად ვენტერმა და მისმა კოლეგამ, ნობელის პრემიის 1978 წლის ლაურეატმა ჰამილტონ სმიტმა შექმნეს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აღწერილი მეთოდით, უახლოეს, ან თუნდაც საშუალო მომავალში, ადამიანის ტელეპორტირება იქნება შესაძლებელი. სამაგიეროდ, თავისუფლად შეიძლება მაგალითად ახალი ვირუსის შტამის ტელეპორტირება, რათა შორეულ ლაბორატორიაში, სამკურნალო ვაქცინა შეიმუშაონ და ასე, პანდემიის საშიშროება სწრაფად აირიდონ თავიდან.
2011 წელს, „სინთეტიკ ჯენომიკსმა“ და ფარმაცევტულმა კომპანია „ნოვარტისმა“ ჩაატარეს სადემონსტრაციო ექსპერიმენტი, რომლის დროსაც, ჩიტის გრიპ H7N9-ს ვირუსის გარსის ცილების საფუძველზე, ვაქცინა „ააწყვეს“. მთელი პროცესი ხუთ დღეში ჩატარდა, როცა ჩვეულებრივ მსგავს ოპერაციას დაახლოებით ორი თვე მაინც დასჭირდებოდა. მოგვიანებით, იგივე მეთოდი ვირუსის სხვა შტამებისთვისაც გამოიყენეს.
ყველაფერი კარგი, მაგრამ ვენტერი თვლის, რომ მის მიერ შემუშავებული მეთოდი მისწრება იქნებოდა მარსის კვლევის პროცესში. მაგალითად, მარსზე სიცოცხლის ნიშნების კვლევისას. ამისათვის საჭიროა, რომ მარსმავალი შესაბამისი ბიოლოგიური ლაბორატორიით აღიჭურვოს, რომელიც მარსზე აღებული სინჯების გაშიფვრას და მიღებული ინფორმაციის ჩვენს პლანეტაზე გადმოცემას შესძლებს. აქაურ ლაბორატორიაში კი, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება მარსზე აღმოჩენილი მიკროორგანიზმის შექმნა და მასზე კვლევების ჩატარება. უფრო შორეულ მომავალში კი, მარსის ბაზაზე მომუშავე ადამიანები, ყოველგვგარი კოსმოსური ხომალდის გარეშე შეძლებენ მათთვის სასურველი მცენარეების (საკვები და სხვა დანიშნულების) მიღებას.

No comments:

Post a Comment