Wednesday, March 12, 2014

მიკრო ზონდი სისხლძარღვებს შიგნიდან გამოიკვლევს


Tiny probe designed to provide live 3D images from within blood vessels
12 მარტი
წარმოიდგინეთ გვირაბი, რომელიც ნარჩენებისგანაა გასაწმენდი, მაგრამ შიგნიდან მისი დათვალიერების შესაძლებლობა არ არსებობს. ბრმად კი საქმის გაკეთება შეუძლებელია... დაახლოებით ასეთ სიტუაციაში არიან ექიმები, რომლებსაც პაციენტის ბლოკირებული კორონარული სისხლძარღვების მკურნალობა ულტრაბგერით უწევთ. მაგრამ მალე მათი საქმე გაადვილდება და ამის საშუალებას კათეტერული მიკრო ზონდი მისცემს, რომელიც სისხლძარღვებში და გულშიც კი იმოძრავებს და იქიდან ექიმებს სამგანზომილებიან გამოსახულებას მიაწვდის.
ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შეიმუშავეს მიკრო მოწყობილობა, რომლის სისქეც 1.5 მილიმეტრია. მას აქვს დისკოს ფორმის თავი, რომელთანაც 13 ძალიან წვრილი კაბელია შეერთებული. ინსტიტუტში შემუშავებული პროექტის მიხედვით, ეს მოწყობილობა შეჰყავთ კორონარულ სისხლძარღვებში, ან უშუალოდ გულში. ზონდი გარედან იმართება, რაშიც ექიმებს 430 მიკრონის სისქის კაბელი ეხმარება. ის ულტრაბგერითი მოწყობილობით იკვლევს გარემოს და მიღებულ ინფორმაციას სამგანზომილებიანი ფორმით იძლევა.
მიკრო მოწყობილობის თავი სილიკონის ერთადერთ ჩიპზეა დამყარებული, რომელსაც ულტრაბგერის გადამცემი 56 და მიმღები 48 ელემენტი უკავშირდება. გამოკვლევისას მიღებული ინფორმაციის დიდ ნაწილს უშუალოდ ჩიპი გადაამუშავებს, რის გამოც, მას გარე სამყაროსთან 13 კაბელი აკავშირებს და არა გაცილებით მეტი. კაბელების მცირე რიცხვის წყალობით, მათი კონა საკმაოდ დრეკადია იმისათვის, რომ ზონდმა სისხლძარღვებში იმოძრაოს.
ამასთან, მოწყობილობის წრედი თავისით თიშავს სპეციფიკურ ელემენტებს, რომელთა მუშაობაც კონკრეტულ მომენტში საჭირო არაა. ამგვარად, მინიმუმამდე მცირდება ენერგიის მოხმარება, რაც მოწყობილობის დაბალ ტემპერატურულ რეჟიმსაც უზრუნველყოფს.
ლაბორატორიული ტესტირებისას, შესაძლებელი გახდა იმ ხარისხის გამოსახულების მიღება, რაც კლინიკური გამოყენებისთვის მისაღები იქნება. შემდგომ ეტაპზე, მის მუშაობას ცხოველებზეც გამოცდიან, ბოლოს კი მედიცინაში დაინერგება.

No comments:

Post a Comment