Monday, March 10, 2014

ხის ქაფი - სახლის თბოიზოლაციის საუკეთესო საშუალება


Wood foam may be a new form of green home insulation
10 მარტი
საცხოვრებელი სახლის და ბინის თბოიზოლაციას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა, რადგან ამით მოხმარებული ენერგიის შემცირებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ამით ჰაერის დაბინძურებაც შემცირდება. ამჟამად ძირითადად ისეთ საიზოლაციო საშუალებებს იყენებენ, რომლებიც ნავთობპროდუქტების გამოყენებით მზადდება, რაც გარემოსადმი მეგობრულ საშუალებად არ ითვლება. თუმცა შესაძლოა, მალე ასეთი პროდუქტები სრულიად ეკოლოგიურმა პროდუქტებმა ჩაანაცვლოს.
გერმანიის ხის კვლევის ფრაუნჰოფერის ინსტიტუტში შეიმუშავეს საშუალება, რომელიც ჩვეულებრივი საიზოლაციო საშუალებებივით ეფექტურია. ესაა ქაფი, რომელიც ხისგან მზადდება. ამ მასალის დასამზადბლად, პირველ ეტაპზე, ხის ნედლეული იმდენად წვრილად ქუცმაცდება, რომ ლორწოვან მასას წარმოქმნის. შემდგომ ეტაპზე, ამ მასას ჰაერი ემატება, რის შემდეგაც ის ქაფისებრ მდგომარეობაში გადადის. ქაფის გაშრობის პროცესში, რომელსაც ხეში შემავალი სუბსტანციები უწყობს ხელს, მასა ფოროვან, ქაფისებრ მასალად გარდაიქმნება. საბოლოო პროდუქტით შესაძლებელია როგორც მყარი, ასევე დრეკადი პანელების დამზადება.
„ჩვენს მიერ შემუშავებული ხის ქაფის მონაცემები, იმ მასალებისას შევადარეთ, რომლებსაც ამჟამად საიზოლაციოდ იყენებენ. შედეგები ძალიან იმედისმომცემი იყო. თერმოიზლაციის მხრივ, ჩვენმა მასალამ კარგი შეფასება დაიმსახურა. ამასთან კარგი თვისებები აღმოაჩნდა მექანიკურ მახასიათებლებში, ასევე წყალგაუმტარობის მხრივაც. და ის არის კარგი დამაკავშირებელი მასალა“, - ამბობს ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის პროფესორი ფოლკერ თოლე.
ხის მასალებს ამჟამადაც იყენებენ თბოიზოლაციისთვის, მაგრამ ისინი გამძლეობით არ გამოირჩევა, რადგან ასეთი მასალები წებოს გამოყენებით და პრესვით მზადდება და დროთა განმავლობაში, ნესტისა და სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით, პირვანდელ თვისებებს და ფორმას კარგავენ. ხის ქაფი კი ამ მხრივ, საუკეთესო მასალაა.
ამჟამად ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიისთვის ყველაზე გამოსადეგი ხის შერჩევაზე აგრძელებს მუშაობას. გარდა ამისა, მათს მთავარ მიზანს, ასეთი ქაფის მასობრივი წარმოების პროცესის შემუშავება წარმოადგენს. სავარაუდოდ, ხის ქაფის წარმოებისთვის გამოდგება ხის მრეწველობის ნარჩენები, რომლებიც როგორც წესი, ნაგვის სახით იყრება და გარემოს სხვადასხვა კუთხით აბინძურებს - წყალში ჩაყრის შემთხვევაში, თევზებს სპობს, გრუნტზე დაყრილი ნარჩენები კი იხრწნება და ჰაერში დიდი რაოდენობით მეთანს გამოჰყოფს. ეს კი სათბურის ძლიერი ეფექტის მქონე აირია.

No comments:

Post a Comment