Wednesday, March 19, 2014

ავიაკატასტროფები საშიში აღარ იქნება?


18 მარტი
როგორც მოლდოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული ალექსანდრ ბალანი ირწმუნება, მან შეიმუშავა ნივთიერებები, რომლებიც ავიაკატასტროფის დროს, თვითმფრინავს და მის მგზავრებს ხანძრისგან და ფიზიკური ტრავმებისგან დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი აღმოჩენით დაინტერესება უკვე გამოთქვეს ჩინელებმა და პენტაგონმა.
განათლებით არქიტექტორი, ბალანი ბავშვობიდან დაინტერესებული ყოფილა ავიაციით, რის გამოც, ჰელსინკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, რათა იქ აერონავტიკა შეესწავლა. იქვე, თანაკურსელებთან ერთად, რომელთა შორისაც არიან ფიზიკის და ქიმიის სპეციალისტები, შეიმუშავა უსაფრთხოების სისტემები, სახელად SIAAB1 2013 და SIAAB2 2013. ჯგუფის მიერ შემუშავებულმა ტექნოლოგიებმა მაშინვე მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება.
ტექნლოგა SIAAB1 2013 უზრუნველყოფს იმას, რომ დაცემისას თვითმფრინავი არ აფეთქდეს და ხანძარი არ გაუჩნდეს. ამისათვის ჯგუფმა შეიმუშავა ნივთიერება, რომელიც საწვავთან შერევისას, მის ქიმიურ და ფიზიკურ სტრუქტურას ცვლის. რეაქციის შედეგად წარმოიქმნება მყარი ნივთიერება, რომელიც გარეგნულად მწვანე ქვიშაა და რომლის აფეთქება, ან დაწვა შეუძლებელია. ნვთიერებას პირობითად SIAAB1 უწოდეს და რა თქმა უნდა, მისი შემადგენლობა გასაიდუმლოებულია. 100 ლიტრი საავიაციო საწვავის გასანეიტრალებლად მხოლოდ 1 ლიტრი SIAAB1 არის საკმარისი.
მეორე ნივთიერებას SIAAB2 უწოდეს. ეს არის თხევადი ნივთიერება (მისი ქიმიური ფორმულაც გასაიდუმლოებულია), რომელიც ჰაერზე ქაფისებრ მდგომარეობაში გადადის. მას სპეციალური, ტიტანის ავზებში ინახავენ. თვითმფრინავის დაცემამდე რამდენიმე წამით ადრე, ნივთიერება სალონში გაიფრქვევა და ქაფად გარდაიქმნება. ქაფი კი სალონს ავსებს - ჰაერთან კინტაქტისას, მისი მოცულობა 416-ჯერ იზრდება და მყარდება. ამგვარად, მგზავრთა გარშემო დამცავი მთლიანი შრე იქმნება, რითაც მათს ნებისმიერ გადაადგილებას ზღუდავს. ეს თვითმფრინავის მიწის ზედაპირზე დაცემისას, ტრავმების ალბათობას ამცირებს. საინტერესოა, რომ დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ, ნივთიერება კვლავ თხევად მდგომარეობაში გადადის. ამ დროში თვითმფრინავს ყველაზე ძლიერი დარტყმის მიღება უკვე „მოსწრებული“ ექნება. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ნივთიერებას საშინელი სუნი აქვს, მაგრამ არც კანს აზიანებს და არც თვალებს.
ბალანი ამბობს, რომ უსაფრთხოების სითხით თვითმფრინავების აღჭურვა, მათს დამძიმებას კი გამოიწვევს, მაგრამ ამის რესურსი თანამედროვე ლაინერებს აქვთ, რადგან მათი წარმოებისას, უახლეს ტექნოლოგიებს და მსუბუქ მასალებს იყენებენ. მსოფლიოს უდიდეს სამგზავრო ლაინერ А 380-ის მაგალითზე ის ამბობს, რომ მასში საჭირო იქნება დაახლოებით 3 ტონა აპარატურის განთავსება. თვითმფრინავის კონსტრუქცია კი თითქმის 30 ტონის დამატების საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა, ამით მისი საექსპლუატაციო მაჩვენებლები ოდნავ გაუარესდება, მაგრამ სამაგიეროდ, ის სრულიად უსაფრთხო გახდება.
ბალანი ამბობს, რომ ლაბორატორიაში ორივე ნივთიერებამ შესანიშნავი შედეგები აჩვენა. რეალური ექსპერიმენტისთვის ჯგუფი შეერთებულ შტატებში შესაფერის აეროდრომს ეძებს. ამასთან, საჭიროა ექსპერიმენტის ჩასატარებელი ლიცენზია. ჯგუფმა უკვე შეარჩია თვითმფრინავი, რომელსაც 5 000 კილომეტრის ფრენის რესურსი აქვს დარჩენილი. მასზე ყველა საჭირო აპარატურას და სატესტო მანეკენებს დაამონტაჟებენ, რომლებიც საჭირო სენსორებით და გადამწოდებით აღიჭურვება. სავარაუდოდ, ექსპერიმენტი წლის მეორე ნახევარში ჩატარდება.

No comments:

Post a Comment