Tuesday, March 4, 2014

ზებგერით „სპაიკ S-512-ზე“ ილუმინატორებს დიდი ეკრანები შეცვლის


Spike S-512 Supersonic Jet will have screens instead of windows
4 მარტი
სამგზავრო თვითმფრინავების ილუმინატორები, ლაინერის სიჩქარეზე ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს, რადგან ისინი ფიუზელაჟის აეროდინამიკას აუარესებენ. ამასთან, ფიუზელაჟისთვის საკმარისი სიმტკიცის მისანიჭებლად, საჭიროა მისი დამატებითი სტრუქტურებით გამაგრება, რაც წონის ზრდას იწვევს. ამის კვალობაზე, იზრდება საწვავის მოხმარება და ლაინერის საექსპლუატაციო ხარჯები. მეორე მხრივ, თანამედროვე თვითმფრინავებზე ილუმინტორების გაბარიტები თანდათან იზრდება.

ამ პრობლემის მოგვარების ორიგინალურ ხერხს მიაგნო კომპანია „სპაიკ აეროსპეისმა“, რომელიც ფანჯრებზე უარს ამბობს და მათს ნაცვლად, ფიუზელაჟის შიდა ნაწილის ვიდეოეკრანებით დაფარვას გვთავაზობს. უფრო მეტიც, თავის ამ მიგნებას პირველი თავადვე გამოიყენებს საკუთარი წარმოების ზებგერით „სპაიკ S-512-ზე“.
როდსაც მისი წარმოება დაიწყება, S-512 გახდება პირველი ზებგერითი ბიზნეს ჯეტი, რომლის კრეისერული სიჩქარეც 1.6 მახს, ანუ 1 963 კმ/სთ-ს, მაქსიმალური სიჩქარე კი 1.8 მახს (2 205 კმ/სთ) მიაღწევს. ეს „ცესნა საიტეიშნ X-ის“ სიჩქარეზე (0.935 მახი - 1 143 კმ/სთ) თითქმის ორჯერ მეტია. ახალი ზებგერითის დახმარებით, ნიუ იორკიდან ლონდონამდე ფრენას მხოლოდ 3-4 საათი დასჭირდება (6-7-ის ნაცვლად), ტოკიოდან ლოს ანჯელესამდე კი - თითქმის 8 საათი (14-16 საათის ნაცვლად).
ბუნებრივია, ასეთი სიჩქარის მისაღწევად, ზებგერითს სრულყოფილი აეროდინამიკა დასჭირდება და მის მისაღწევად,ინჟინრებმა ჩვეულებრივ ფანჯრებზე უარი თქვეს. მათს ნაცვლად, სალონის კედლებზე ზორბა ეკრანები მოთავსდება, რომლებიც პანორამულ გამოსახულებას ვიდეოკამერების მეშვეობით მიიღებენ. თუ მგზავრობისას ციური გარემოს თვალიერება მოგბეზრდებათ, ან ძილი მოგინდებათ, ეკრანს ჩააბნელებთ. ამასთან, შესაძლებელია ეკრანზე გამოსახულების სხვა თემით ჩანაცვლება. მაგალითად, ფილმის ან კონცერტის ცქერა.
ეკრანით ჩანაცვლებული ილუმინატორების გარდა, „სპაიკი“ S-512-ზე სხვა სიახლეებსაც დანერგავს. კომპანია აცხადებს, რომ გამოიყენებს ახალ მასალებს (დაზუსტებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, ლაპარკია კომპოზიციურ მასალებზე), ახალი ტიპის ძრავებს და მართვის სისტემებს. ზებგერითი ბიზნეს ჯეტის მიწოდება 2018 წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment