Tuesday, November 11, 2014

„ლოკჰიდი“ თერმობირთვულ ენერგიას ათვინიერებს

Lockheed says makes breakthrough on fusion energy project
11 ნოემბერი
ოქტომბრის შუა რიცხვებში აეროკოსმოსურმა და თავდაცვითმა კორპორაცია „ლოკჰიდ მარტინმა“ გამოაცხადა, რომ მისმა მეცნიერებმა შეძლეს ტექნოლოგიური გარღვევა, რომელიც თერმობირთვული სინთეზით ენერგიის მიღების საშუალებას იძლევა. უფრო მეტიც, ამერიკულმა კორპორაციამ ასევე განაცხადა, რომ პირველი კომპაქტური რეაქტორები, რომლებიც დიდი ზომის პიკაპის ტიპის ავტომობილის პლატფორმაზე დაეტევა, ათ წელიწადში იქნება მზად.
პროექტის ხელმძღვანელმა ტომ მაკგუაირმა განაცხადა, რომ თავის მცირე ჯგუფთან ერთად, „ლოკჰიდის“ გასაიდუმლოებულ შტო „სკანკ უორკსში“ უკვე ოთხი წელია, თერმობირთვული ენერგიის ათვისებაზე მუშაობს. ამჟამად კი პროექტი იმ დონეზეა, როცა მისი განხორციელებისთვის პარტნიორების მოზიდვა და სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებაა საჭირო. მაკგუაირი ამბობს, რომ 100 მეგავატი სიმძლავრის რეაქტორის გაბარიტები 2.0 მეტრი 3.0 მეტრზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსხვილგაბარიტიანი პიკაპის სატვირთო პლატფორმაზე თავისუფლად მოთავსდება. ის დაახლოებით 10-ჯერ პატარაა თანამედროვე ბირთვულ კომპაქტურ რეაქტორებზე.
„ლოკჰიდ მარტინი“ პენტაგონის უმსხვილესი მიმწოდებელია. მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ წელიწადში შექმნის სატესტო თერმობირთვულ რეაქტორს. ხუთ წელიწადში კი პირველი პროტოტიპი იქნება მზად. აღსანიშნავია, რომ პენტაგონისგან და ევროპელი პარტნიორებისგან შეკვეთების შემცირების გამო, „ლოკჰიდმა“ ყურადღება ალტერნატიული ენერგიის ათვისების პროექტებზე გადაიტანა. მათ შორის, თერმობირთვულის რეაქტორის გარდა, რამდენიმე პროექტი ოკეანის ენერგიის ათვისებაზე მუშაობს.
როგორც მაკგუაირი ამბობს, მალე მთელს მსოფლიოში ენერგიის მოხმარება 40-50 პროცენტით გაიზრდება, რის გამოც, ენერგიის ალტერნტიული წყაროების ათვისების გარეშე, მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდება. ეს კი მეტისმეტად გააძვირებს ისედაც ძვირ ნავთობს. თერმობირთვული რეაქციის მოთვინიერება კი სურათს რადიკალურად შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ თერმობირთვული ენერგიის ათვისებაზე მსოფლიოს მეცნიერები უკვე ათწლეულებია, მუშაობენ. მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები კვლევებში ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, მიზნის მიღწევა ვერ ხერხდება. არადა, ასეთი რეაქტორები, ბირთვულ რეაქტორებზე (რომლებიც ატომის გახლეჩით მიღებულ ენერგიას ითვისებს) გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური იქნება.
კომპაქტურ თერმობირთვულ რეაქტორს გაცილებით ნაკლები ნარჩენები ექნება, ვიდრე ნხშირზე მომუშავე სადგურებს აქვს. მასში საწვავად დეითერიუმს და ტრითიუმს გამოიყენბენ, რომლებსაც ორგანულ საწვავზე დაახლოებით 10 მილიონჯერ მეტი ენერგიის მოცემა შეუძლია. დეითერიუმი (მძიმე წყალბადი) წყალბადის იზოტოპია და მაღალი სიმკვრივით გამოირჩევა. მას ეგრეთ წოდებული მძიმე წყლისგან ღებულობენ. ტრითიუმს კი, რომელიც წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპია, ლითიუმის საბადოების დამუშავებისას ღებულობენ.
მაკგუაირის თქმით, პატარა თერმობირთვულ რეაქტორს, აშშ-ის დიდი სამხედრო გემების და წყალქვეშა ნავების ენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია. ამ შემთხვევაში, სამხედრო ხომალდს აღარ დასჭირდება სხვა ტიპის საწვავი და მისთვის განკუთვნილი უზარმაზარი ავზები. შესაბამისად, გამოთავისუფლებულ ადგილსა და ტვირთამწეობას საბრძოლო მასალებისთვის გამოიყენებს. საჭრო აღარ იქნება საწვავის შესავსებად დიდი მანძილების გავლა და ამაზე დროის კარგვა.

No comments:

Post a Comment