Wednesday, November 19, 2014

ვიზიტი კომეტაზე

Philae makes historic first landing on comet
19 ნოემბერი
კოსმოსის კვლევის ისტორიაში, 2014 წლის 12 ნოემბერი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს - ამ დღეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაშვებული ზონდი „ფილეი“ კომეტა „67P/ ჩურიუმოვ-გერასიმენკოს“ ზედაპირზე დაეშვა და პირველი ფოტოები გადაიღო. ამ დროს კომეტა ჩვენგან 510 მილიონი კილომეტრის სიშორეზე იმყოფებოდა, რის გამოც, იქიდან გამოგზავნილი ინფორმაცია მისიის მართვის ცენტრში, რომელიც გერმანიის ქალაქ დარმშტადტში იმყოფება, 28 წუთისა და 20 წამის შემდეგ მოვიდა.
კომეტაზე დაშვებამდე ერთი დღით ადრე, ასკილოგრამიანი ზონდი ჩაირთო და ელემენტების დამუხტვას შეუდგა. ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც მან კოსმოსურ ხომალდ „როსეტასთან“ ერთად, ჩვენი პლანეტა დატოვა. დამუხტვას პრობლემები ახლდა თან, რადგან ელემენტები დროულად ვერ გახურდა, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პარალელურად, მართვის ცენტრმა ბოლო შემოწმება ჩაუტარა „როსეტასაც“ და „ფილეისაც“, რომელსაც ავტონომიურ რეჟიმში უნდა შეესრულებინა კომეტაზე დაჯდომის მანევრი.
„ფილეის“ გაშვების წინ, „როსეტამ“ მართვის ცენტრთან კონტაქტი გაწყვიტა, რამდენიმე საკორექციო მანევრი შეასრულა და ზონდი კომეტისკენ გაუშვა. ამ დროს ორივე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობდა - სხვაირად შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ინფორმაციის გადაცემის თითქმის ნახევარსაათიან პერიოდში, ზონდის მართვა მაინც შეუძლებელი იქნებოდა.
რამდენადაც კომეტის გრავიტაცია, ჩვენი პლანტისაზე დაახლოებით 100 000-ჯერ ნაკლებია, „ფილეის“ დაშვებაც დაბალი სიჩქარით - წამში ერთი მეტრით მიმდინარეობდა. კომეტის ზედაპირთან შეხებისთანავე, ზონდის სამივე ფეხში მოთავსებულმა ბურღებმა ზედაპირი გაბურღეს და მასში ხიმინჯები ჩაარჭვეს. სანამ ისინი ბურღვას დაასრულებდნენ, ზონდს ზედაპირიდან ასხლეტვისგან, მის ზედა ნაწილში მოთავსებული მინი რეაქტიული ძრავი იცავდა. მერე კი ზონდის ძირში მოთავსებულმა მოწყობილობამ კომეტის ზედაპირისკენ შუბი/ღუზა გასტყორცნა, რომელმაც „ფილეი“ კომეტას მიამაგრა.
„როსეტას“ მისია 2004 წელს დაიწყო. იქიდან მოყოლებული, ხომალდმა ჩვენს პლანეტას სამჯერ შემოუფრინა, ერთხელ წრე მარსს დაარტყა, შემდეგ იუპიტერს ჩაუფრინა. პლანეტებისგან, მათი გრავიტაციის დახმარებით, ზონდი დამატებით აჩქარებას ღებულობდა და საბოლოოდ ის სიჩქარე განავითარა, რომლითაც კომეტას მიაღწია. მოგზაურობისას მან ახლოს ჩაუფრინა ასტეროიდებს - ლუტეციასა და შტაინს. შემდეგ „როსეტამ“ 31 თვით ჩაიძინა, რათა კომეტასთან შეხვედრამდე, ენერგია დაეზოგა. ხომალდი კომეტის ორბიტაზე 6 აგვისტოს გავიდა და მას შემდეგ, მისი ზედაპირის შესწავლა დაიწყო, რათა „ფილეისთვის“ ყველაზე ხელსაყრელი დასაჯდომი ადგილი შეერჩია.
ადგილს, სადაც „ფილეი“ დაჯდა, „აგილკია“ უწოდეს. მას მცირე დახრა აქვს და მის ირგვლივ რამდენიმე დიდი ლოდი მდებარეობს. რაც მთავარია, იქ მზის სხივი აღწევს, რიტაც შესაძლოა, ზონდის ელემენტების ნაწილობრივ დამუხტვა გახდეს შესაძლებელი. „ფილეის“ განკარგულებაში 10 სხვადასხვა ინსტრუმენტია, მათ შორის ფოტო და ვიდეო კამერა. მაგრამ კომეტის ზედაპირზე ზონდის მისია მხოლოდ 60-საათიანია, რადგან კომეტამდე მიღწეული მზის სინათლე სუსტია და რაც მთავარია, 12-საათიანი დღეღამური ციკლის განმავლობაში, მხოლოდ 1.5 საათი ანათებს. ეს კი ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ „ფილეიმ“ მის გარე ზედაპირზე არსებული ელემენტებით, საკმარისი ენერგიის დაგროვება შეძლოს.

No comments:

Post a Comment