Thursday, February 20, 2014

„ბოინგ 777X“ - ეკონომიური გიგანტი დასაკეცი ფრთებით

Boeing's fuel-efficient 777X features folding wings
20 თებერვალი
გასული წლის მიწურულს, დუბაის ავია შოუზე, „ბოინგმა“ თავისი უახლესი სამგზავრო ავიალაინერი, გიგანტური 777X წარადგინა, რომელიც ეკონომიურობის გარდა, იმითაც გამოირჩევა, რომ დასაკეცი ფრთები აქვს. ამერიკული კომპანიის განცხადებით, 777X მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ეფექტური ორძრავიანი რეაქტიული ლაინერია.

ახალი თვითმფრინავის ფრთები იმავე კონსტრუქციისაა, როგორიც „787 დრიმლაინერისაა“. ბოლომდე გაშლილ მდგომარეობაში, ამ თვითმფრინავის ფრთაშლილობა 71 მეტრს აღწევს. ამგვარად, იზრდება ფრთების ფართობი და შესაბამისად, მათი ამწევი შესაძლებლობები, ასევე ლაინერის ფრენის სიშორე და მცირდება საწვავის ხარჯი. საწვავის ეკონომიურ მოხმარებას ხელს უწყობს „ჯენერალ ელექტრიკ ევიეიშნის“ მიერ სპეცალურად ამ თვითმფრინავისთვის შემუშავებული ძრავი GE9X.
„ახალი ავიალაინერი, თავისი სეგმენტის ლიდერ 777-ის ბაზაზე აიგება და მას შესანიშნავი საექსპლუატაციო მახასიათებლები ექნება. 777X თავის კონკურენტებზე მინიმუმ 12 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს“, - ამბობს „ბოინგის“ კომერციული ავიალაინერების შტოს პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი რეი კონერი და დასძენს, რომ მის კომპანიას 777X-ზე უკვე 342 შეკვეთა აქვს მიღებული.
დუბაის შოუზე, „ბოინგმა“ თავისი ახალი ლაინერი ორი მოდიფიკაციის სახით წარადგინა. ესენია 777-9X და 777-8X. ამერიკული კომპანია აღნიშნავს, რომ 777-9X-ს 15 185 კილომეტრის სიშორეზე შეუძლია ფრენა და როდსაც სრულადაა შევსებული, ანუ 400 მგზავრი გადაჰყავს, ყოველ სავარძელზე საოპერაციო ხარჯების სიმცირით, ნებისმიერ კომერციულ ლაინერს სჯობნის. გაცილებით შორს, 17 220 კილომეტრის სიშორეზე ფრენა შეუძლია 777-8X-ს, ოღონდ მისი ფიუზელაჟი „მხოლოდ“ 350 მგზავრს იტევს.

მარტო ოთხ ავიაკომპანიას, 777X-სერიის 259 ლაინერი აქვს შეკვეთილი და ამ პაკეტის ჯამური ღირებულება 95 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ ოთხიდან სამი ახლო აღმოსავლეთიდანაა. ყველაზე მეტი, 150 ცალი გიგანტი „ემირატსს“ აქვს შეკვეთილი. 50 შეკვეთა „ყატარის ავიახაზებზე“ მოდის, 25 კი „ეტიჰადზე“. 34 ცალი ჯამბო „ლუფტჰანზამ“ შეუკვეთა. დანარჩენი შემკვეთები კი გაცილებით მცირე რაოდენობით 777X-ს ყიდულობენ.
ახალი გიგანტური ლაინერის წარმოება „ბოინგის“ სიეტლის ქარხანაში 2017 წელს დაიწყება, შემკვეთებისთვის მიწოდების დაწყება კი 2020 წელს იგეგმება.

No comments:

Post a Comment