Monday, February 10, 2014

სალამი შორეული კოსმოსიდან


Rosetta comet probe wakes up, phones home
10 თებერვალი
20 იანვარს ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA - იუროპიან სპეის ეგენსი), მეცნიერებს და ინჟინრებს გამოცოცხლების საბაბი მიეცათ - შორეული კომეტის გამოსაკვლევად კოსმოსში მივლენილმა ხომალდმა „როსეტამ“ 31-თვიანი ძილი დაასრულა და სააგენტოში სალამი აფრინა - „ჰელოუ უორლდ“!
„როსეტა“ ახლა ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 807 კილომეტრითაა დაშორებული. მისგან გამოგზავნილ შეტყობინებას, სანამ ჩვენამდე მოაღწევდა, 45 წუთი დასჭირდა. სიგნლი NASA გოლდსტოუნის (შტატი კალიფორნია) სახმელეთო სადგურმა, შესაძლო კავშირის პირველსავე „ფანჯარაში“ დაიჭირა და მაშინვე დარმშტადტში (გერმანია) გადაამისამართა.
უპილოტო „როსეტა“ კოსმოსში 2004 წელს გაგზავნეს. შვიდი წლის შემდეგ ხომალდმა აჩქარების მანევრის შესრულება დაიწყო და რადგანაც მზისგან ძალიან შორს იმყოფებოდა, სადაც მზის სხივი ძალიან სუსტია და შესაბამისად, ხომალდამდე ნაკლები ენერგია მიაქვს, „როსეტა“ დროებით დააძინეს, რათა მინიმალური ელექტრო ენერგია დასჭირვებოდა.
კომეტას, რომლის გამოსაკვლევადაც „როსეტა“ კოსმოსში გაგზავნეს, „67P/ ჩურიუმოვ-გერასიმენკო“ ჰქვია. სწორედ სამწლიანი მანევრის შესრულება დასჭირდა ხომალდს იმისათვის, რომ კომეტას დასწეოდა, რომელიც მზისგან დაახლოებით 80 მილიონი კილომეტრის დაშორებით მოძრაობს. „როსეტა“ ამ ეტაპზე მზისგან დაახლოებით 680 მილიონ კილომეტრზეა. კოსმოსის იმ ნაწილში ძალიან ცივა და იმისათვის, რომ ხომალდის კომპიუტერი არ გაიყინოს, ის მიძინებულ მდგომარეობაშია. იმისათვის, რომ ენერგია დაზოგოს, ხომალდი კომპიუტერს გადააპროგრამებს და გარკვეული დროით ისევ დაიძინებს, სანამ უშუალოდ მიუახლოვდება მიზანს, რომელიც ჯერაც ძალიან შორსაა.
აღსანიშნავია, რომ სანამ ხომალდს „ეძინა“, ის საკუთარი ღერძის გარშემო, მაღალი სიხშირით ბრუნავდა, რაც მიკროძრავების გამოუყენებლად, კურსის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. გამოღვიძების მომენტში, „როსეტამ“ ჯერ ბრუნვის სიხშირე შეამცირა, შემდეგ კი მზის პანელები გაშალა და სანავიგაციო სენსორების გათბობა დაიწყო. ბოლოს კი, გადამცემი ანტენა ისე მოაბრუნა, რომ მას ჩვენი პლანეტა დაენახა.
ESA-ს განცხადებით, „როსეტა“ კომეტისგან ჯერაც 9 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. ამ მანძილის დასაფარად, მას კიდევ ბევრი ფრენა მოუწევს. მაისში კურსის კორექციაა დაგეგმილი. ამ დროის განმავლობაში, სადგურიდან დაიწყებენ ხომალდის სხვადასხვა სამეცნიერო მოწყობილობათა ჩართვას და გამართვას. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს ხომალდი, დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრით დაშორებული კომეტისთვის პირველი ფოტოების გადაღებას.
კოსმოსური ხომალდის და კომეტის შეხვედრა აგვისტოშია მოსალოდნელი. სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოს მისიის ძირითადი ნაწილი. „როსეტა“ კომეტის აღწერას დაიწყებს და ეცდება მისი ბირთვის გამოკვლევას. ამაში მას ზედაპირზე ამოფრქვეული გაზები დაეხმარება. „როსეტა“ დააკვირდება კომეტას იმ დროს, როცა ის მზეს სულ უფრო მიუახლოვდება. თუ მოვლენები გეგმის შესაბამისად განვითარდა, „როსეტა“ კომეტის ზედაპირზე 100-კილოგრამიან მინი ზონდს მიავლენს, რომელსაც „ფილაე“ ჰქვია. ეს უკანასკნელი კომეტის ზედაპირზე 11 ნოემბერს უნდა დაჯდეს. „ფილაე“ დაბალი გრავიტაციის მქონე კომეტის ზედაპირზე დასამაგრებლად, ყინულის ხრახნებს და ჰარპუნებს გამოიყენებს. როგორც კი ზედაპირს მიაღწევს, „ფილაე“ კომეტის ბურღვას დაიწყებს და პარალელურად, მოპოვებულ სინჯებს შეისწავლის და ESA-ს კომეტის პანორამულ ფოტოებს გადმოუგზავნის.

No comments:

Post a Comment