Wednesday, December 2, 2015

ევრობანკი გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

2 დეკემბერი
ევროზონის ცენტრალური ბანკის (ECB) შეხვედრაზე, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება, მისი ხელმძღვანელობა ევროზონის ეკონომიკის სტიმულირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი ყველაზე რეალური, ბანკებისთვის ორდონიანი უარყოფითი სადეპოზიტო განაკვეთის დაწესებაა. როიტერსის მიერ, ანონიმური წყაროებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ასევე განიხილება ევრობანკის მიერ ისეთი კრედიტების გამოსყიდვის მიზანშეწონილება, რომელთა გადახდაც დიდი რისკის ქვეშაა.
ლაპარაკი აღარცაა იმაზე, გადადგამს თუ არა ECB მორიგ ნაბიჯს იმისათვის, რომ ინფლაციის დონე სასურველ 2%-მდე ასწიოს. არის იმის შესაძლებლობაც, რომ ECB მხოლოდ რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) მოცულობის გაზრდით შემოიფარგლება. თუმცა, ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ უფრო ქმედუნარიანი კომერციული ბანკებისთვის უარყოფითი სადეპოზიტო განაკვეთის დაწესება იქნება, რაც ბანკებს ECB-ში შენახული თანხების „დასაქმებაზე“ ზრუნვისკენ უბიძგებს.
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ECB-ს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ბანკის ხელმძღვანელობას, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გააჩნია. ამ მხრივ, ძლიერი დაპირისპირებაა ECB-ს პრეზიდენტ მარიო დრაგისა და ბანკის გერმანელ ხელმძღვანელებს შორის. არაოფიციალური ინფორმაციით, არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ECB-მ თავისი ქმედებით ბაზრები უნდა გააკვირვოს - იგულისხმება რადიკალური ქმედება და უმოქმედობაც კი, რაც სავალუტო ბაზარზე ძლიერ რყევებს (თუნდაც მცირე ხნით) გამოიწვევს.
მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფაქტობრივი დეფლაციის პირობებში, ECB-ს უმოქმედობა, ევროზონის ეკონომიკას გამოუწსორებელ ზიანს მიაყენებს. ოღონდ, ECB-ში ბოლო მომენტამდე არ არის თანხმობა იმაზე, თუ რა გზა იქნება ყველაზე ეფექტური. ამ მხრივ, ყველაზე მარტივი, QE-ს მოცულობის ზრდა უნდა იყოს. ბევრი უკვე ლაპარაკობს QE2-ზე, მაგრამ მის შესაძლო მოცულობაზე ვარაუდიც კი ძნელია.
ამჟამად მოქმედი QE, მომავალი წლის სექტემბრამდე, ტრილიონ ევროზე მეტის დახარჯვას ითვალისწინებს. სხვათა შორის, პროგრამის დასაწყისშივე გამოითქვა სკეპტიკური მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის თვეში 60 მილიარდი ევროს დახარჯვა მეტისმეტად სუსტი ქმედებაა და სასურველ შედეგს არ გამოიწვევს. მაშინ დრაგიმ და ECB-ს წევრებმა განაცხადეს, რომ ეკონომიკა მუდმივი დაკვირვების ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში, QE-ს მოცულობა გაიზრდება. უფრო მეტიც, ისინი დამატებითი ხერხების გამოყენებასაც არ გამორიცხავდნენ. მაგრამ უკვე თვეებია, გრძელდება ლაპარაკი იმაზე, რომ ახლანდელი QE საკმარისი არაა. დრაგი კი გადამწყვეტი ქმედებებისგან აქამდე თავს იკავებდა. ამის საფუძველს ის გარემოება აძლევდა, რომ ერთი შეხედვით, ინფლაციის დონის კლებამ ფსკერს „მიაგნო“, რასაც აღმასვლა უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ მცირე გამონათების მიუხედავად, ეს აღმასვლა არ და არ დაიწყო. ეს კი ნიშნავს, რომ მოქმედების გადადება აღარ შეიძლება.
ამასობაში კი ევროს კურსი დაბლა მოდის. ამერიკულ დოლართან მიმართებაში, მისი ფასი მრავალწლიან მინიმუმს უახლოვდება, რომელიც მარტში, სწორედ QE-ს დაწყების შემდეგ დაფიქსირდა. ევროს დაბალი კურსი, ევროზონის ეკონომიკისთვის, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული, მასტიმულირებელი ფაქტორია. იგივე ითქმის ენერგომატარებლების დაბალ ფასებზეც, რომელთა კლებაც, მეორე მხრივ, ევროზონაში (და მთელს მსოფლიოშიც) ინფლაციის დაბალ დონეს განაპირობებს. საჭიროა მძლავრი ბიძგი, რომელიც ამ ფაქტორებს ეკონომიკის სტიმულირებაში დაეხმარება. სწორედ ამ ბიძგის მიცემა შეუძლია ECB-ს 3 დეკემბრის გადაწყვეტილებას.
პრეზიდენტ დრაგის არაერთხელ უთქვამს, რომ მისი სურვილია, ECB-მ ფულის ბეჭდვის მოცულობა გაზარდოს. ამჟამად QE მეტწილად სამთავრობო ობლიგაციების შესყიდვას ხმარდება. დრაგის ასევე სურს, რომ გაიზარდოს ბანკებზე ზეწოლა, რათა მათ ECB-ში ინახავენ. სწორედ ამას გამოიწვევს უარყოფითი სადეპოზიტო განაკვეთების დაწესება.
იმისათვის, რომ ბანკებზე ასეთი ზემოქმედების უარყოფითი ეფექტები შეამცირონ, ECB-ს ხელმძღვანელები, ორდონიანი უარყოფითი სადეპოზიტო განაკვეთის შემოღებას განიხილავენ. ის ითვალისწინებს განსხვავებული განაკვეთის დაწესებას, ECB-ში შენახული თანხის მოცულობის შესაბამისად. ასეთი განაკვეთის დაწესების შემთხვევაში, იმ ბანკებს, რომლებიც განსაზღვრულ თანხაზე მეტს ინახავენ ECB-ში (ფაქტობრივად, თანხა უმოძრაოდ აქვთ), ECB-ში ამისთვის თავად მოუწევთ გარკვეული (ჯერ დადგენილი არაა) პროცენტების გადახდა. გარდა ამისა, დაწესდება თანხის მაქსიმუმი, რომლის შენახვასაც კომერციული ბანკები ECB-ში შეძლებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარი უარყოფითი დეპოზიტები, გერმანულ და ფრანგულ ბანკებს ყველაზე მეტად დააზარალებს. ისინი ჯამში ECB-ში 170 მილიარდ ევროს ინახავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დრაგი და ECB-ს ხელმძღვანელობა, რომელშიც ევროპის 19 ცენტრალური ბანკის შეფია გაერთიანებული, ეკონომიკის სტიმულირების 20 შესაძლებელ ვარიანტს განიხილავენ.

No comments:

Post a Comment