Friday, December 25, 2015

„ბოინგ 737 მაქსი“ დებიუტისთვის ემზადება

18 დეკემბერი
„ბოინგმა“ თავის ყველაზე პოპულარულ სამგზავრო ლაინერ 737-ის ახალი ვერსიის, „737 მაქსის“ პირველი ეგზემპლარის აწყობა დაასრულა და პირველად გამოაგორა ქარხნიდან. ამჯერად ამერიკული კომპანია იმ ვადებში ზუსტად ჩაეტია, რომლებიც ოთხი წლის წინათ დაისახა. ტრადიიცისამებრ, პირველი ლაინერის ქარხნიდან გამოგორებას, სპეციალური საზეიმო ცერემონიის თანხლებით ჩატარდა.

„ბოინგმა“ 737-ის ოჯახის, ვიწროფიუზელაჟიანი თვითმფრინავების წარმოება 1967 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ეს მისი ყველაზე გაყიდვადი სამგზავრო ლაინერია. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტ მოგებასაც მისგან ღებულობს. და ჩიკაგოელებს არ სურდათ, რომ მიზეზთა გამო, მისი უახლესი ვერსიის წარმოებისთვის მომზადება ისევე დაგვიანებულიყო, როგორც ფართოფიუზელაჟიანი „787 დრიმლაინერის“ და გიგანტ „747-8-ს“ შემთხვევაში მოხდა.
უახლეს ვიწროფიუზელაჟიან თვითმფრინავებზე შეკვეთების რიცხვით, „ბოინგს“ ჯერჯერობით აშკარად სჯობნის მისი ევროპელი და ჯერჯერობით ერთადერთი რეალური კონკურენტი „ეარბასი“, რომელსაც ამ კლასის უახლეს „A320 ნეოზე“ (ნეო - ნიუ ენჯაინ ოპშნ), რომლის მიწოდებაც დეკემბერში უნდა დაწყებულიყო, უკვე 4 443 შეკვეთა აქვს მიღებული. „ბოინგ 737 მაქსის“ ანგარიშზე კი ჯერჯერობით „მხოლოდ“ 2 955 ცალი შეკვეთაა. ამერიკული კომპანია თავის ბესტ სელერს რენტონში (შტატი უოშინგტონი) გამოუშვებს, რომელიც ისედაც მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.
„737 მაქსის“ პირველი ჩვენება საქმიან ვითარებაში, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა. ცერემონიას უამრავი ჟურნალისტი, „ბოინგის“ თანამშრომლები და შემკვეთი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მალე დაიწყება ლაინერის ცალკეული კომპონენტების ფრენის გარეშე ტესტირება, რასაც მომავალი წლის დასაწყისში პირველი სატესტო ფრენა მოჰყვება.
ლაინერის სიახლეებს შორისაა უახლესი, ეკონომიური ძრავები, უფრო აეროდინამიკური ფრთები და კოკპიტი, რომელიც 787-სგან თითქმის უცვლელად გადმოიტანეს. ახალი ძრავების და ფრთების წყალობით, „737 მაქსი“ თავის წინამორბედზე დაახლოებით 20 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან, მისი საოპერაციო ხარჯები, კონკურენტ „A320 ნეოსთან“ შედარებით, 8 პროცენტით ნაკლებია. „737 მაქსს“ პირველი „საუთვესტ ეარლაინზი“, 2017 წლის ზაფხულში მიიღებს.
ცნობისათვის, „ბოინგს“„787 დრიმლაინერის“, „747-8-ს“ და აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი უახლესი ტანკერის წარმოების დაწყება, დაგეგმილთან შედარებით დაუგვიანდა, რაც მრავალი მილიონი დოლარი დაუჯდა. მაგრამ ჯერჯერობით, „737 მაქსის“ შემთხვევაში, ეს პრობლემა არ არსებობს. „ბოინგი“ აცხადებს, რომ საშუალომაგისტრალური ვიწროფიუზელაჟიანი ლაინერის წარმოებისთვის მომზადების გრაფიკი ჯერჯერობით 99.7 პროცენტით არის დაცული.
ვიწროფიუზელაჟიანი ლაინერების ფრენა მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება და მგზავრთა ძირითადი ნაკადები გადაჰყავთ. სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავები შეადგენს ბიუჯეტური კომპანიების პარკის თითქმის 100 პროცენტს. სწორედ ამიტომ, „ბოინგი“ და „ეარბასი“ მათი წარმოების ტემპის გაზრდას ცდილობენ. მარტო ამ ორ კომპანიას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ ტიპის ლაინერებზე დაახლოებით 1.2 ტრილიონი დოლარის შეკვეთები აქვს მიღებული.
ამჟამად, „ბოინგის“ წარმოების ტემპი, თვეში საშუალოდ 42 ცალი 737-ია, 2018 წელს კი მაჩვენებელი 52 ცალს მიაღწევს. ამ მოცულობის მისაღწევად, „ბოინგი“ თავის ქარხანას, სადაც 737-ს აწარმოებს, მესამე ამწყობ ხაზს დაუმატებს.

No comments:

Post a Comment