Wednesday, May 20, 2015

დოლარი ბრუნდება

დოლარმა დიდი შემობრუნება დაიწყო. ამერიკული ვალუტა, რომ იტყვიან, ყველა ფრონტზე „უტევს“. დოლარმა ყველა ძირითად წყვილში შეასრულა საწყისი იმპულსური მოძრაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, მისი გაძლიერების მორიგი ეტაპი დაიწყო. და საინტერესოა, რომ ასეთ განვითარებას, ფუნდამენტური ანალიზიც „უჭერს მხარს“.

დავიწყოთ იმით, რომ აპრილი დოლარისთვის ტრადიციულად არ არის სიძლიერის პერიოდი. ჯერ ერთი, პირველი კვარტალი ამერიკული ეკონომიკისთვის თითქმის ყოველთვის, ერთგვარი გაგრილების პერიოდია (ამის დასტურია პირველი კვარტლის მშპ-ს ზრდის ძალიან დაბალი მაჩვენებელი), მაისიდან კი ამერიკული ვალუტა წონას იბრუნებს. აპრილის სისუსტე, დოლარმა ტექნიკური თვალსაზრისით, ფართომასშტაბიანი კორექციებისთვის „გამოიყენა“ და ახლა ტრენდებს (პრაქტიკულად ყველა წყვილში) უბრუნდება.
დოლარის გაძლიერებას, რა თქმა უნდა, დადებითმა სტატისტიკამ შეუწყო ხელი. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ახალი საცხოვრებლების მშენებლობების დაწყების მაჩვენებელი, რომელიც 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, საუკეთესო აღმოჩნდა. მარტის ჩავარდნის შემდეგ, გამოსწორდა არასასოფლო სამეურნეო სფეროში გადახდის უწყებათა (NFP) რაოდენობაც. სხვა მონაცემებიც იმის მანიშნებელია, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა ნელა, მაგრამ მაინც იზრდება და ასეც გააგრძელებს.
მაგრამ საკითხავია, საკმარისი იქნება თუ არა ეს ფედრეზერვისთვის, რომელიც FOMC-ის (ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტი) აპრილის ჩანაწერებს ამაღამ, თბილისის დროით 22:00-ზე გამოაქვეყნებს. ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება, როცა ეს ჩანაწერები ფიქსირდებოდა, დადებითი სტატისტიკის უმეტესობა გამოქვეყნებული არ იყო. იმ მონეტში, ოპტიმისტურ ფონს ძირითადად უმუშევრობის დონის 5.4%-მდე შემცირება ქმნიდა.
ამიტომ, დღეს FOMC-ის „მტრედული“ ჩანაწერებია მოსალოდნელი, რომელშიც ფედრეზერვის წევრები, საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით, ფრთხილ ვარაუდებს გაგვიზიარებენ. უნდა ითქვას, რომ ჩანაწერებიდან სიტყვა „მომთმენის“ ამოღების შემდეგ, საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ყოველი შემდგომი გადაწყვეტილებისას, განაკვეთის აწევაა მოსალოდნელი. თუმცა ეკონომიკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ეს სექტემბერზე ადრე ვერ მოხდება. ანალიტიკოსთა ნაწილი, განაკვეთის დეკემბერში და უფრო მეტიც, მომავალი წლის დასაწყისში აწევას ვარაუდობს. ეს კი ანელებს იმის მოლოდინს, რომ ეს უფრო ადრე მოხდება. შესაბამისად, არსებული სიტუაცია უკვე გათვალისწინებულია დოლარის წყვილების ფასებში.
ამიტომ, თუ დღეს FOMC-ის ჩანაწერები „მტრედული“ იქნება, ეს რა თქმა უნდა, დოლარის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, მაგრამ საკმარისი იქნება მხოლოდ იმისათვის, რომ ამერიკულმა ვალუტამ, ძირითად წყვილებში ის კორექციული მოძრაობები შეასრულოს, რომლებიც ტექნიკური ანალიზით გათვალისწინებულ საზღვრებში ჩაეტევა. სამაგიეროდ, ამის შემდგომ გამოსული დადებითი სტატისტიკური მაჩვენებლები, დოლარის წისქვლზე დაასხამს წყალს და ტრენდის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

No comments:

Post a Comment