Friday, December 25, 2015

წითელი განგაშის დღეები პეკინში

18 დეკემბერი
წლევანდელი დეკემბრის დასაწყისი, პეკინის მცხოვრებლებს არასდროს დაავიწყდებათ - მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალმა ქალაქმა, რამდენიმე დღე წითელი განგაშის რეჟიმში გაატარა. პეკინის ჰაერში გამონაბოლქვის შემცველობამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ზღვარს ათჯერ გადააჭარბა.

პეკინის მუნიციპალური გარემოს დაცვის ბიუროს ინფორმაციით, სმოგის კონცენტრაციამ არნახულ დონეს მიაღწია. თუ 7 დეკემბრამდე ქალაქი ნარინჯისფერი განგაშის პირობებში ცხოვრობდა, 8-10 დეკემბერს, ხელისუფლებამ წითელი განგაშის რეჟიმი აამოქმედა. ამ რეჟიმის დროს, ზოგიერთი სამრეწველო კომპანია იძულებული გახდა, შეეზღუდა, ან შეეჩერებინა თავისი ქარხნების მუშაობა. შეწყდა სამშენებლო სამუშაოები, სკოლებს და საბავშვო ბაღებს კი სასწავლო პროცესის შეჩერების რეკომენდაცია მიეცათ. ამ დღეებში, ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც კი არ იყო რეკომენდებული გარეთ გამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ ტიანანმენის მოედანზე, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა ნარინჯისფერი განგაშის დროს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე წითელი განგაშის დროს. პირველ შემთხვევაში, კუბურ მეტრზე ასეთი ნაწილაკების შემცველობა 666 მიკროგრამამდე იყო გაზრდილი (რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ დონეზე 25-ჯერ მეტია), მეორე შემთხვევაში კი კონცენტრაცია მხოლოდ 208 მიკროგრამს აღწევდა.
„წითელი განგაში იმის მანიშნებელია, რომ მოქალაქეების გამონაბოლქვისგან დასაცავად, საქმეში ადგილობრივი მთავრობა ჩაერია. ამის მიზეზი კი ქვეყნის ცენტრალური მთავრობის ზეწოლა გახდა“, - ამბობს „გრინპის ისტ ეიჟას“ კლიმატის და ენერგიის მიმართულების ექსპერტი დონ ლიანსაი. ჩინეთის გარემოზე დაკვირვების ცენტრის ვარაუდით, წითელი განგაშის რეჟიმი და ამ რეჟიმის მოთხოვნით, გარემოს დამბინძურებლების საქმიანობის შეზღუდვა, ქალაქისთვის სუფთა ცის გარანტია მაინც ვერ იქნება. ეს მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ სმოგის კონცენტრაცია და ინტენსივობა შემცირებულიყო.
როგორც ეროვნული მეტეოროლოგური ცენტრის უფროსი ინჟინერი სიუე ძიანძუნი ამბობს, ატმოსფეროს დაბინძურების დონის უსაშველოდ გაზრდას, ქარხნების და საავტომობილო გამონაბოლქვის გარდა, ამინდმაც შეუწყო ხელი. პეკინში წითელი განგაშის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა, ყველაზე დიდი გამონაბოლქვის მქონე საწარმოების ინსპექტირებას გეგმავს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერის ყველაზე ძლიერი დამბინძურებელი წყარო, ავტომობილების გამონაბოლქვია. სამინსტრო იუწყება, რომ იმ ავტომობილების დაახლოებით 10 პროცენტი, რომლების გამონაბოლქვიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, კვლავაც გადაადგილდება ქვეყნის მაგისტრალებზე.
მართალია, წითელი განგაშის შემდეგ, ქალაქის ატმოსფეროში გამონაბოლქვის მოცულობა, დაახლოებით 30 პროცენტით შემცირდა, მაგრამ ამით სიტუაცია საგრძნობლად მაინც არ გაუმჯობესებულა. ამიტომ, პეკინის ხელისუფლება, მკაცრი ღონსძიებების გატარებას აპირებს, რათა წითელი განგაშის გამოცხადება აღარ დასჭირდეს. კერძოდ, შედგება იმ საწარმოების და საცხოვრებელი კომპლექსების სია, რომლებიც ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერს. სიის შედგენის გარდა, ადგილობრივი გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომლები, ჰაერის დამბინძურებლებს ფოტოებს გადაუღებენ და ჩინეთის სოცალურ ქსელ „ვეიბოში“ (ფეისბუკის იქაური ანალოგი), სააგენტოს გვერდზე გამოაქვეყნებენ. ამით ხალხი დაინახავს, ვინ არის პასუხისმგებელი ჰაერის დაბინძურებაზე.
ავტომობილების გარდა, პეკინის ჰაერის დამბინძურებლების სიაში, ლიდერობას თბოსადგურებიც ინარჩუნებენ, რომლებიც ენერგიის წყაროდ ისევ ქვანახშირს იყენებენ. ამავე საწვავზეა დამოკიდებული საცხოვრებელი კომპლექსების წყლის გამათბობელი ბოილერები და დიდი ქარხნების უმეტესობა. სხვათა შორის, ორი წლის წინათ, პეკინში ნამდვილი ომი გამოუცხადეს ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებს, რომლებიც ასევე ქვანახშირზე მუშაობდნენ. მაშინ 500-ზე მეტი ასეთი ობიექტი განადგურდა. მაგრამ ამან ჰაერს ვერ უშველა...

No comments:

Post a Comment